skip to content
ახალი ამბები

უნივერსიტეტის რექტორად მეორე ვადით კვლავ გიორგი შარვაშიძე აირჩიეს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 38 წევრიანი აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს უნივერსიტეტის რექტორად მეორე ვადით კვლავ გიორგი შარვაშიძე აირჩიეს. ხმის მიცემის პროცესში აკადემიური საბჭოს 37 წევრი მონაწილეობდა, მათგან შარვაშიძეს მხარი 32-მა დაუჭირა.

2016 წლის სექტემბრამდე, უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე არჩევამდე, 2013-2016 წლებში გიორგი შარვაშიძეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა. ამავე თანამდებობაზე იგი 1994-1996 წლებშიც მსახურობდა. 1996-2000 წლებში კი – იგი უკვე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე იყო.

უნივერსიტეტის რექტორად შარვაშიძის მეორე ვადით არჩევას წინ სადისერტაციო ნაშრომში პლაგიატში მისი დადანაშაულება უძღოდა. კერძოდ, „თავისუფლების მონიტორის“ მიერ 2019 წლის ბოლოს გამოქვეყნებულ საგამოძიებო ფილმში საუბარია, რომ შარვაშიძის 140 გვერდიან დისერტაციაში, რომელიც მან 2005 წელს დაიცვა, 40 გვერდი ერთ-ერთი საჯარო დოკუმენტიდან სიტყვა-სიტყვით, წყაროს მითითების გარეშეა გადატანილი.

მიმდინარე წლის იანვარში, შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პლაგიატის დამდგენ პროგრამა Turnitin-ზე შემოწმებისას, აღმოჩნდა, რომ დისერტაციის 34% ზემოთ ხსენებული დოკუმენტის ტექსტს სრულად იმეორებს, რაც პლაგიატის განსაზღვრებას შეესაბამება.

თავად გიორგი შარვაშიძე ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ მისი ნაშრომის სადავო 40 გვერდი პარლამენტის დადგენილებაა, რომლის შემუშავებაზეც სპეციალური ჯგუფი მისი ხელმძღვანელობით მუშაობდა. მისივე თქმით, დისერტაციაში ამ ჯგუფის თითოეული წევრი მოხსენიებულია, სქოლიოში მითითებული არ არის, რადგან ასეთი ვალდებულება არ არსებობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button