ანალიზიევროპაჩვენი თვალით

ბელარუსის საპრეზიდენტო დილემა

„ქალთა ტრიუმვირატი“ ლუკაშენკოს წინააღმდეგ

Tags

რა ხდება:

2020  წლის 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, რომელშიც მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ოპოზიციის განეიტრალება ვერ მოახერხა. მისი მთავარი მოწინააღმდეგე დაკავებული კანდიდატის მეუღლე, სვეტლანა ტიხანოვსკაია იქნება.


ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი


რატომაა ეს მნიშვნელოვანი:

როგორ ჩანს, ლუკაშენკოს მმართველობის ეკონომიკური და პოლიტიკური მოდელი ვეღარ მუშაობს. პრეზიდენტის მიმართ სახალხო ნდობა საგრძნობლად შემცირდა. პოლიტიკურმა ცვლილებამ შეიძლება ბელარუსი ევროპას დაუახლოვოს, თუმცა დესტაბილიზაციით რუსეთსაც შეუძლია ისარგებლოს.

რას უნდა მოველოდეთ:

  • არჩევნებში ლუკაშენკო „გაიმარჯვებს“, თუმცა ამას შეიძლება ხელშესახები პროტესტი და რეპრესიები მოჰყვეს.
  • ლუკაშენკოს ახალი, მკვეთრად ანტირუსული რიტორიკა, რომელსაც ის ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებს, რუსეთს დამატებით გააღიზიანებს და შეიძლება ბელარუსის საქმეებში ჩარევის ცდუნება შეუქმნას.

ანალიზი

ლუკაშენკო 1994 წელს გახდა პრეზიდენტი, როდესაც მან თავისუფალი არჩევნების გზით, მეორე ტურში გაიმარჯვა. ამის შემდეგ ლუკაშენკო ავტორიტარიზმის გზას დაადგა და სუპერსაპრეზიდენტო მმართველობა ჩამოაყალიბა. ყველა შემდგომი არჩევნები არათავისუფალ და არასამართლიან გარემოში ჩატარდა. წელს, 65 წლის პრეზიდენტი არჩევნებში გამარჯვებას მეექვსედ გეგმავს, თუმცაღა მისი პოლიტიკური დღეგრძელობის მოდელს ხინჯი შეეპარა.

წარმატების ფორმულა: პოლიტიკური თავისუფლების თანდათანობითი შეზღუდვა ხალხის თვალში ლუკაშენკომ ეკონომიკურად და სოციალურად სტაბილური გარემოს შექმნით გაამართლა, რაც მის სამეზობლოში – მათ შორის, რუსეთში – 1990-იან წლებში მიმდინარე არეულობისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე მიმზიდველად გამოიყურებოდა. მისი წარმატების ფორმულა რუსეთთან ურთიერთმომგებიანი ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნებას ემყარებოდა. ბელარუსი განსაკუთრებულ სარგებელს იაფი რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვით იღებდა, ხოლო რუსეთის მრეწველობას დამატებით ბაზარს და – გარკვეულწილად – ევროპულ ბაზრებზე ლეგალურ თუ არალეგალურ წვდომას სთავაზობდა.

ლუკაშენკოს რეჟიმის გამოწვევები:  ლუკაშენკოსათვის დამაფიქრებელი იყო უკრაინაში რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ინტერვენცია. მოსკოვთან სამხედრო თანამშრომლობას მინსკი უკვე ეჭვით უცქერს,  ხოლო კრემლის მხრიდან საგარეო პოლიტიკურ ავანტიურებში ჩათრევის მცდელობები აღიზიანებს. რუსეთთან ევროპის პოლიტიკური და ეკონომიკური დაპირისპირების ფონზე ბელარუსის ეკონომიკასაც გაუჭირდა. ეკონომიკურ გამოწვევებს წინასაარჩევნოდ დაემთხვა ბელარუსში ახალი კორონავირუსის ინფექციის გავრცელება, რომლის სიმძიმესაც ლუკაშენკო არ აღიარებს, რითაც მოსახლეობის გულისწყრომას იწვევს.

გარდა ამისა, ბელარუსში გაიზარდა თაობა, რომელსაც საბჭოთა კავშირში არ უცხოვრია. სულ უფრო იზრდება იმ ადამიანთა რაოდენობაც, რომელიც ერთპიროვნული მმართველობის დასრულებასა და ცვლილებებს ითხოვს. ეს არჩევნები იმითაც არის განსხვავებული, რომ წარსულისაგან განსხვავებით, როცა ლუკაშენკოს დევნილი პოლიტიკური ოპოზიცია ებრძოდა, ახლა მას ღიად დაუპირისპირდა ბელარუსის არსებული ელიტის ზოგიერთი წარმომადგენელიც. სწორედ პოლიტიკური ასპარეზიდან მათი ჩამოშორების მცდელობას მოჰყვა ახალი და მოულოდნელი ოპოზიციური მეტოქეების გამოჩენაც.

„ხელმოწერების რევოლუცია“: ბელარუსში დამოუკიდებელი სოციოლოგიური კვლევების ჩატარება აკრძალულია, შესაბამისად შეუძლებელია კანდიდატის რეიტინგების ობიექტური შეფასება. არაოფიციალურად ჩატარებული დამოუკიდებელი კვლევების მიხედვით, ლუკაშენკოს მაქსიმუმ 6%-იანი მხარდაჭერა აქვს. ერთ-ერთი ინტერნეტ გამოკითხვის დროს, ლუკაშენკომ ხმების 3% მიიღო, რის შემდეგაც ლუკაშენკოს დაბალი მხარდაჭერის ხაზგასასმელად მემე – „საშა 3%“ გავრცელდა. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი გამოკითხვები ვერ ჩაითვლება სერიოზულ სოციალოგიურ კვლევებად, ხელისუფლებამ გამოკითხვის შედეგების ღია სივრციდან გაქრობა მოითხოვა.

სახალხო უკმაყოფილების ნიშნად ოპოზიციური კანდიდატების სარეგისტრაციოდ გაშლილი კამპანია იქცა. ასეთი პოლიტიკური აქტიურობა ქვეყანაში 1990-იანი წლებიდან არ უნახავთ. ოპოზიციური კანდიდატების რეგისტრაციის უზრუნველსაყოფი ხელმოწერების დასასმელად მოქალაქეები გრძელ რიგებში დგებოდნენ, როგორც მინსკში, ასევე რეგიონებში, რომლებიც ადრე მოქმედი პრეზიდენტის საყრდენად მიიჩნეოდა.

კონკურენტების კვლავწარმოება

არჩევნებში მონაწილეობას ხუთი კანდიდატი მიიღებს, მთავარი ბრძოლა კი ლუკაშენკოსა და სვეტლანა ტიხანოვსკაიას შორის შედგება, რომელიც ცნობილი ბლოგერისა და აქტივისტის, სერგეი ტიხანოვსკის მეუღლეა. მისი პოლიტიკურ არენაზე გამოჩენა ლუკაშენკოს რეჟიმის კრიზისის ერთ-ერთ სიმპტომად შეიძლება ჩაითვალოს,

სვეტლანა დიასახლისი და ინგლისური ენის თარჯიმანია, არჩევნებამდე პოლიტიკურად სრულიად უცნობი ფიგურა. არჩევნებში მისი მონაწილეობა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ლუკაშენკო ტრადიციულად შეეცადა არჩევნებიდან მთავარი კონკურენტები ჩამოეშორებინა:

  • სერგეი ტიხანოვსკი – 29 მაისს ქ. გროდნოში  პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს, მოგვიანებით კი მის სახლში 900 000 აშშ დოლარიც „აღმოუჩინეს“.
  • ვიქტორ ბაბარიკო – რუსული „გაზპრომბანკის“ ადგილობრივი წარმომადგენლობის,  „ბელგაზპრომბანკის“ ყოფილი თავმჯდომარეა. იგი 18 ივნისს ფულის გათეთრებისა და გადასახადების გადახდისგან თავის არიდების ბრალდებით დააკავეს.
  • ვალერი ცეპკალო – მაღალი ტექნოლოგიების პარკის დამაარსებლისა და ყოფილი დირექტორის კანდიდატურა რეგისტრაციაში არ გაატარეს. დაპატიმრების თავიდან ასაცილებლად მან 24 ივლისს თავის ორ შვილთან ერთად დატოვა ბელარუსი და თავი რუსეთს შეაფარა.

ამ კონკურენტების ნეიტრალიზების შემდეგ ოპოზიციურმა ძალებმა მხარდაჭერა სვეტლანას გამოუცხადეს. სვეტლანა საარჩევნო კამპანიას კიდევ ორ ქალთან: ბაბარიკოს საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელ მარია კოლესნიკოვასთან  და ვალერი ცეპკალოს მეუღლესთან, ვერონიკასთან ერთად შეუდგა.

რა სურთ ქალებს?

ტიხანოვსკაის საარჩევნო პროგრამის მთავარი გზავნილია, რომ გამარჯვების შემთხვევაში ახალ არჩევნებს დანიშნავს და მხარს დაუჭერს 1994 წლის კონსტიტუციის აღდგენას, რითაც ერთი და იმავე პირის პრეზიდენტად ორზე მეტი ვადით არჩევა შეიზღუდება.

სვეტლანას დასახვედრად ბელარუსის ქალაქებში ათასობით ადამიანი იკრიბება, რაც ბელარუსისთვის უჩვეულო მოვლენაა. ჩანს, ლუკაშენკოს 26 წლიანი მმართველობის შემდეგ, ქვეყანაში ცვლილებების სიო უბერავს. ხალხი თითქოს მზადაა ხმა მისცეს ნებისმიერს, თუნდაც გამოუცდელ კანდიდატს, ოღონდ რამე შეიცვალოს.

რეჟიმის რეაქცია

თავის მხრივ, ლუკაშენკო კონკურენტებს დაპატიმრებებით, ჩხრეკით, მუქარითა და დაჯარიმებებით პასუხობს. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ლუკაშენკომ სამხედრო და სპეცდანიშნულების დანაყოფებში ვიზიტებს მოუხშირა. ბოლოს, 28 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების 3214-ე დანაყოფი მოინახულა, სადაც საპროტესტო გამოსვლის დაშლაში ვარჯიშს დაესწრო. ეს ერთგვარი გზავნილია, თუ როგორ აპირებს ლუკაშენკო გაუმკლავდეს წინასაარჩევნოდ შექმნილ არასტაბილურ პოლიტიკურ გარემოსა და ეკონომიკურ კრიზისს.

მნიშვნელოვანია რიტორიკის ცვლილებაც: ლუკაშენკოსთვის ეს პირველი წინასაარჩევნო კამპანიაა, როდესაც იგი ამომრჩეველს არა როგორც პრორუსული კანდიდატი, არამედ როგორც ბელარუსის დამოუკიდებლობის გარანტი, ისე წარუდგება. სახელისუფლო მედია ლუკაშენკოს მოწინააღმდეგეებს პრორუსულ კანდიდატებად წარმოაჩენს. ლუკაშენკომ ბაბარიკო და ტიხანოვსკი მოსკოვის მარიონეტებად გამოაცხადა, ბაბარიკო კი ირიბად რუსული ფულის მიღებაშიც დაადანაშაულა.

ამ სცენარში ჯდება 29 ივლისს მინსკთან ახლოს სამხედრო კომპანია “ვაგნერის” 32 მებრძოლის დაკავებაც. ბელარუსის მთავრობა ჯერ კიდევ დაკავებამდე აცხადებდა, ქვეყანაში შეიარაღებული ხალხია შემოსულიო. ექსპერტთა ნაწილის აზრით, აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლი “ვაგნერელების” ყოფნის შესახებ ბელარუსულმა სპეცსამსახურებმა მშვენივრად იცოდნენ, მათი ახლა დემონსტრაციული დაკავება კი პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.

რას ფიქრობენ მეზობლები:

  • რუსეთი: „გაზპრომმა“ „ბელგაზპრომბანკის“ ტოპმენეჯერების დაკავებასა და ბანკში დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნა უკანონო ქმედებებად შეაფასა, თუმცა კრემლს ოფიციალურად მწვავე განცხადება არ გაუკეთებია. რუსეთმა არჩევნები ბელარუსის შიდა საქმედ შეაფასა. 
  • დასავლეთი: ბოლო პერიოდში დასავლეთთან ურთიერთობა შედარებით გაუმჯობესდა. ხანგრძლივი ინტერვალის შემდეგ მინსკს აშშ-ის სახელმწიფო მდივანიც კი ეწვია. დასავლეთი დილემის წინაშეა: ერთი მხრივ „ევროპის უკანასკნელი დიქტატურის“ დასასრული ცუდ ამბად ვერ ჩაითვლება. მეორეს მხრივ, ლუკაშენკოს ზედმეტმა კრიტიკამ მინსკს კვლავ რუსეთთან დაახლოებისკენ შეიძლება უბიძგოს. ამასთან არსებობს შიში (რომელსაც ლუკაშენკოც ყოველნაირად აღვივებს), რომ დესტაბილიზაციით და ბელარუსის დასავლეთისკენ გადახრის შიშით პროვოცირებული რუსეთი შეეცდება ქვეყანა სამხედრო ძალით ჩაიგდოს ხელში.

მომავლის ხედვა

9 აგვისტოს არჩევნებში, დიდი ალბათობით, ლუკაშენკო „გაიმარჯვებს“. ამის საწინდარი ჯერ კიდევ გამართული ადმინისტრაციული რესურსი და ძალოვანი უწყებების ლოიალურობა იქნება. თუმცა ფსონის ძალოვნებზე ჩამოსვლა რისკებსაც შეიცავს. პოსტსაარჩევნო პერიოდში გამოსვლების აღკვეთა მათ დაევალება, მაგრამ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ სახალხო უკმაყოფილება წარსულზე ბევრად უფრო ძლიერია. მოსახლეობისა და ელიტის შიგნით განწყობები ნელ-ნელა ლუკაშენკოს საწინააღმდეგოდ იცვლება. ლუკაშენკოს მიერ ძალაუფლების ძალით შენარჩუნების მცდელობას ქვეყანაში არეულობა შეიძლება მოჰყვეს. ევროკავშირი საკუთარი პრობლემებითაა დაკავებული, რაც ერთი შეხედვით რუსეთის ინტერვენციის საფრთხეს ზრდის. თუმცაღა, მოსკოვის რესურსებიც ეკონომიკური, სამხედრო და ფინანსური რესურსებიც სხვადასხვა საგარეო ავანტიურებშია ჩათრეული. ერთი შეხედვით, არსებობს შესაძლებლობის ფანჯარა, რომ ქვეყნის მომავალი ბელარუსებმა თავად აირჩიონ.

მსგავსი/Related

Back to top button