skip to content
ახალი ამბები

საქართველოში პოლიტიკური რეკლამის განსათავსებლად Facebook-ზე ავტორის მითითება გახდება საჭირო

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) 15 ივლისის განცხადებით, სოციალურმა ქსელმა – Facebook-მა ქართული სამოქალაქო საზოგადოების ღია წერილს უპასუხა, და გადაწვიტა, რომ 2020 წლის აგვისტოდან საქართველოში საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამების განსათავსებლად აუცილებელი გახდება მისი ავტორების მითითება.

„ეს გამჭვირვალობისა და ავთენტურობის ბევრად უფრო მაღალ დონეს უზრუნველყოფს. მომხმარებლებს ეცოდინებათ, ვინ ცდილობს მათ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენას და რატომ“, – აღნიშნა Facebook-მა.

სოციალური ქსელის გიგანტმა ასევე დასძინა, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში, Facebook-ი პოლიტიკური რეკლამის განმთავსებლებს დაწვრილებით აცნობებს, თუ რა ინფორმაციის მიწოდება მოუწევთ ახალი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

29 ივნისს, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე დაახლოებით ოთხი თვით ადრე, 47-მა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციამ Facebook-ის დამფუძნებელს, მარკ ზაკერბერგს და Facebook-ის გლობალურ საქმეთა და კომუნიკაციების ვიცე-პრეზიდენტს, ნიკ კლეგს ღია წერილი გაუგზავნა თხოვნით, რომ საქართველოში „ანონიმური, კოორდინირებული  და პოლიტიკური დისკრედიტაციის დასპონსორებული კამპანიები“ აღეკვეთათ.

მათი ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ ხელმისაწვდომი გახდეს პოლიტიკური რეკლამების სარჩევი და არქივი საქართველოში, რაც მკითხველს საშუალებას მისცემს, რეკლამის დამკვეთის/გადამხდელის ვინაობისა და თითოეული რეკლამისთვის დახარჯული თანხის ოდენობის შესახებ სრული ინფორმაცია მიიღოს.

სოციალური მედიის აგრესიული გამოყენება

Facebook-ი უკვე კარგა ხანია, რაც საქართველოში პოლიტიკური დაპირისპირების ახალ ასპარეზად იქცა.

2019 წლის დეკემბერში Facebook-მა განაცხადა, რომ მის პლატფორმაზე არსებული ასობით გვერდი გააუქმა, რომელიც საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებულ ქსელში შედიოდა და ამის მიზეზად „კოორდინირებული არაავთენტური ქცევა“ დაასახელა.

მოგვიანებით, მაისში, სოციალური ქსელმა განაცხადა, რომ ყალბი ანგარიშების წმენდის ფარგლებში, საკუთარი პლატფორმიდან ანგარიშების, გვერდებისა და ჯგუფების რვა ქსელი წაშალა, რომელთაგანაც ორი საქართველოში მოქმედებდა. Facebook-ის განცხადებით, ქართული ქსელები შიდა აუდიტორიაზე იყო გათვლილი, მსგავსად აშშ-დან, მიანმარიდან და მავრიტანიიდან წაშლილი ქსელებისა. ამასთან, Facebook-მა თავისი პლატფორმიდან რუსული და ირანული ანგარიშების ქსელიც წაშალა, რომლებიც უცხოურ აუდიტორიაზე მუშაობდნენ. Facebook-ის თანახმად, რუსეთთან დაკავშირებული გვერდების სამიზნე ქართული საზოგადოებაც იყო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button