ახალი ამბები

საქართველო ტერორიზმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2016 წლის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ტერორიზმის საფრთხეების სტატუსს აფასებს აშშ-ის კონგრესისთვის.

დოკუმენტში საქართველო მოხსენებულია, როგორც ისლამური სახელმწიფოს დასამარცხებლად შექმნილი მსოფლიო კოალიციის დიდი ხნის წევრი და „აშშ-ის გლობალური უსაფრთხოების საიმედო პარტნიორი“, რომელიც „აქტიურადაა ჩართული კონტრტერორიზმის საკითხებში საერთაშორისო, რეგიონულ და ორმხრივ დონეებზე“. 

ანგარიში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „საქართველო ავღანეთში ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში სამხედრო ძალების უმსხვილესი კონტრიბუტორია ერთ სულ მოსახლეზე, ნატოს არაწევრი უმსხვილესი კონტრიბუტორი ქვეყანა და სამხედრო ძალების მეოთხე უმსხვილესი კონტრიბუტორი აშშ-ის, გერმანიის და იტალიის შემდეგ“, რომელსაც 870-ზე მეტი სამხედრო ყავს განთავსებული ავღანეთში.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ მედიის ინფორმაციით, 2016 წლის ბოლოს მდგომარეობით, სირიასა და ერაყში საქართველოს დაახლოებით 50-100 მოქალაქე იბრძოდა. გარდა ამისა, ანგარიშის თანახმად, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ისლამისტი ექსტრემისტები ქვეყნის გავლით მოძრაობდნენ რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიას, სირიას, ერაყსა და თურქეთს შორის.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველომ გააუმჯობესა უსაფრთხოება საზღვარზე, ნაწილობრივ საკუთარი მიზნის წყალობით, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მოეპოვებინა, თუმცა აცხადებს, რომ „კონტროლის ნაკლებობა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე“ ზღუდავს მის შესაძლებლობას, რომ საზღვრების უსაფრთხოება უზრუნველყოს. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ „აშშ-ის მნიშვნელოვანი დახმარების წყალობით, საქართველოს სანაპირო დაცვა უკეთაა აღჭურვილი, რათა ქვეყნის საზღვაო საზღვრებზე, გარდა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის სანაპირო ზოლისა, პატრულირება განახორციელოს“. 

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ შარშან საქართველომ „გააუმჯობესა“ კონტრტერორისტული კანონმდებლობა, ხოლო ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „კარგად აღჭურვილი და მომზადებულია“. ანგარიში დასძენს, რომ „ზოგადად, საქართველოს მთავრობას ძირითადად შესწევს უნარი, რომ ტერორიზმის ინციდენტები გამოავლინოს, შეაჩეროს და მათზე რეაგირება მოახდინოს“.
 
იმავდროულად, ანგარიშში ნათქვამია, რომ გარდა სამართალდამცავი ზომებისა, საქართველო ასევე ახორციელებს პროგრამებს,  რომლებიც მოწყვლად მოსახლეობაში, კერძოდ კი პანკისის ხეობაში, რადიკალიზაციის წინააღმდეგაა მიმართული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button