skip to content
ახალი ამბები

გიორგი გაბუნიას მკვლელობის შესაძლო მცდელობის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკოსები ეხმიანებიან

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ წამყვანისა და კრეატიული დირექტორის, გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების შესაძლო მცდელობის შესახებ ინფორმაციას მმართველი გუნდისა და ოპოზიციის გამოხმაურება მოჰყვა.

„სამოქალაქო საქართველო“ საკითხზე პოლიტიკოსების მოსაზრებებს გთავაზობთ.

მმართველი გუნდი

არჩილ თალაკვაძე – პარლამენტის თავმჯდომარე: „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პროფესიონალურად იმუშავა და მძიმე დანაშაული აღკვეთა, რომელიც, სავარაუდოდ, ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების, მედიისა და ჟურნალისტის საქმიანობის წინააღმდეგ იყო მიმართული. ჟურნალისტის მიმართ ნებისმიერი ძალადობრივი ანგარიშსწორება და თავდასხმის ორგანიზება ჩვენთვის მიუღებელია და ჩვენს ქვეყანაში არავის მივცემთ ამის უფლებას. სახელმწიფო, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ კანონის უზენაესობის და დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპების პატივისცემით იცავს თავისი მოქალაქეების უსაფრთხოებას. გამოძიება გრძელდება და აუცილებლად უნდა დადგინდეს, თუ კონკრეტულად ვის ინტერესებში იყო ამ დანაშაულის ორგანიზება და მისი შედეგები, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს რომ არ აღეკვეთა, მაღალი ალბათობით, გამოიწვევდა საქართველოსა და მისი ხელისუფლების საერთაშორისო დისკრედიტაციას“.

გია ვოლსკი – პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე: „ვფიქრობ, რომ ეს კრიმინალური დანაშაული მნიშვნელოვანწილად ემსახურებოდა გარკვეული დესტაბილიზაციის შექმნას საქართველოში, რომ იქ რუსული თემა წამოიწეოდა, იქ გაბუნიას მიმართ კრიტიკული გამონათქვამებით ბევრი წამოვიდოდა და შემდეგ დასკვნებიც არ ეზარება ჩვენი ოპონენტების გარკვეულ ჯგუფს. მადლობა უსაფრთხოების სამსახურს, რომ ეს ოპერაცია ჩაატარა და გამოავლინა ასეთი ბოროტი განზრახვა“.

ოპოზიცია

გრიგოლ ვაშაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „მოვითხოვთ მაქსიმალურად სწრაფად, დეტალურად გასაჯაროვდეს ამ დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაცია. საჯაროობა აუცილებელია, იმიტომ, რომ მოქალაქის ნდობა დღევანდელი ხელისუფლების მიმართ არის ნულზე დასული. [მოვითხოვთ] ზუსტად დადგინდეს არა მარტო ამ დანაშაულის შემსრულებელი, არამედ ორგანიზატორები და დამკვეთები. ხელისუფლებამ დააფიქსიროს მკაცრი და შეუვალი პოზიცია ამ დანაშაულზე და არ დაიმალოს ისე, როგორც იმალება, მაშინ, როდესაც საქმე რუსეთის ფედერაციას ეხება. კატეგორიულად მოვითხოვთ, გამოძიებაში ჩართონ ჩვენი სახელმწიფოს მთავარი მოკავშირეების შესაბამისი უწყებები“.

გიგი უგულავა – ევროპული საქართველო: „ეს ხელისუფლება, როდესაც საქმე პოლიტიკურ ოპონენტს ეხება, [ისე] იძიებს, თითქოს საქმე მეორეხარისხოვან მოქალაქეს ეხება და ეს არის პრობლემა. თუ ვიღაცა ოპოზიციისკენ არის, ის მეორეხარისხოვანი მოქალაქეა და მის გარშემო საქმე შეიძლება იყოს მიფუჩეჩებული, ისევე, როგორც მოხდა გივი თარგამაძის შემთხვევაში, რომ „რა მოხდა?“. ასეთი ტონალობა  ქართული ოცნების მომხრეებსა და ხელისუფლების სხვადასხვა შტოში, რომ  – „რა მოხდა, გიორგი გაბუნია?“ – უკვე იგრძნობა და ეს არის კატასტროფა“.

ეკა ბესელია – დამოუკიდებელი დეპუტატი: „აუცილებელია, რომ გაკეთდეს საკმარისად გასაგები განმარტება არა მხოლოდ პიროვნების იდენტიფიკაციის და მისი დაკავების დადასტურების შესახებ, არამედ რა არის ის შესაძლო დანაშაული, რომლის აღკვეთა მოხდა ამ პირის დაკავებით. აუცილებელია, რომ საქართველოს შესაბამისმა სამსახურებმა ითანამშრომლოს იმ ქვეყნის სამართალდამცველ ორგანოებთან, ვისაც ამ თემასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია აქვს“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button