Placeholder canvas
ახალი ამბები

სამხრეთ კორეული კომპანია აფხაზეთს დახმარებას უგზავნის, თბილისი რუსულ კავშირებზე საუბრობს

სამხრეთ კორეულმა ყოველდღიურმა გამოცემა – The Korea Herald-მა 18 მაისს დაწერა, რომ ადგილობრივი არასამეწარმეო ორგანიზაცია Global Honors Network-ი, ოკუპირებულ აფხაზეთს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუგზავნის.

გამოცემის ცნობით, სამხრეთ კორეული არასამეწარმეო ორგანიზაცია კორონავირუსის სადიაგნოსტიკო ტესტებს აფხაზეთის ჯანდაცვის სისტემას გაუგზავნის და ადგილზე „პირველ კორეულ საავადმყოფოს“ გახსნის.

გამოცემა არ აკონკრეტებს რეგიონში დახმარების ტრანსპორტირებაზე ნება საქართველომ დართო, თუ ის აფხაზეთში რუსეთიდან შევა, რაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევაა.

საქართველოს ელჩმა სამხრეთ კორეაში ოთარ ბერძენიშვილმა „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრა, რომ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ოკუპირებული აფხაზეთისთვის კოვიდ-19-ის სადიაგნოსტიკო ტესტების გაცემის შესახებ სახელმწიფოს ოფიციალურად ლიცენზია არ გაუცია.

მისივე თქმით, არასამეწარმეო ორგანიზაცია Global Honors Network-ი პატარა ორგანიზაციაა, რამდენიმე ადამიანით არის დაკომპლექტებული და „კავშირი აქვთ როგორც ამერიკასთან, ისე რუსეთთან“.

„ამ ეტაპზე, როგორც ირკვევა , ვინც უშუალოდ ახორციელებს ამ დახმარებას, რუსეთში მოღვაწე პირია და რუსეთიდან აპირებს დახმარების შეტანას“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

„ამ გადასახედიდან შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაფერი უფრო პროპაგანდისტულ ხასიათს ატარებს“, – დასძინა მან.

„სამოქალაქო საქართველო“ შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატსაც დაუკავშირდა. უწყებაში ოკუპირებულ აფხაზეთში დახმარების შესაძლო გაგზავნის თაობაზე ინფორმაცია არ ჰქონდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button