Placeholder canvas
ახალი ამბები

პოლიტიკური დიალოგის შუამავლები პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიესალმებიან

მმართველ პარტია ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების შუამავლები საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას მიესალმებიან და აცხადებენ, რომ ყურადღებით დააკვირდებიან „8 მარტის შეთანხმების ყველა ასპექტთან დაკავშირებულ სამომავლო წინსვლას“.

15 მაისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში პოლიტიკური დიალოგის შუამავლები – აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი – აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტის მიერ თავისი საკონსტიტუციო უფლებამოსილების გამოყენება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის განმუხტვისა და თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესისთვის უფრო ხელსაყრელი პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად.

მათი თქმით, ზურაბიშვილის გადაწყვეტილება 8 მარტის შეთანხმების შესრულებაში შეტანილ „უმთავრეს წვლილს“ წარმოადგენს.

„მტკიცედ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად განახორციელონ შეთანხმება მისი შინაარსის და სულისკვეთების დაცვით და საკუთარი როლი შეასრულონ საკონსტიტუციო ცვლილებებისა და საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობის წარმატებით მიღებაში, შემოდგომაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად“, – აცხადებენ ისინი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button