Placeholder canvas
ახალი ამბები

ეკონომიკის მინისტრი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს „სტრატეგიულ პროექტს“ უწოდებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 14 მაისს განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი „სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია“, მაგრამ მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან 2020 წლის დასაწყისში ხელშეკრულება გაწყვიტა, ამ უკანასკნელს პროექტის დასრულების შესაძლებლობა აღარ მიეცემა.

თურნავას კომენტარს წინ კონსორციუმის მიერ 12 მაისს გამოქვეყნებული განცხადება უძღოდა. განცხადებაში კონსორციუმი აღნიშნავს, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიერ აქამდე გაწეული ინვესტიციები და ჩატარებული სამუშაოები აძლევს მას იმის საშუალებას, რომ იყოს სახელმწიფოსთვის ყველაზე ეფექტური პარტნიორი ანაკლიაში სამუშაოების სასწრაფოდ განახლების მიმართულებით“.

ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ თქვა, რომ „კონსორციუმს ჰქონდა მრავალი წლის მანძილზე ძალიან კარგი შანსი და ჩვენი მხარდაჭერა იმისთვის, რომ დადგენილ ვადებში ეს პროექტი დაეწყო და დაესრულებინა“. „ეს საკითხი დახურულია“, – დასძინა მან.

შემდეგ მან აღნიშნა, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი გლობალური კომპანია ახლა თავის წარმოების ადგილმდებარეობას ცვლის და „ხდება წარმოების გადატანა, ტრადიციული ინდუსტრიული ჰაბებიდან, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ვიყოთ მათთვის ნომერ პირველი არჩევანი“. „საქართველოს მიმზიდველობა ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, განპირობებულია სწორედ იმით, რომ ჩვენ ვართ სწორი გეოპოლიტიკური მდებარეობის ქვეყანა, შავ ზღვაზე გვაქვს გასასვლელი“, – თქვა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა ასევე განმარტა, რომ „უკვე პოსტ-კოვიდ პერიოდში, კიდე უფრო მეტი დატვირთვა ეძლევა როგორც ფოთის პორტს, ასევე ანაკლიის პორტს. „როგორც კი მოგვეცემა საშუალება, რა თქმა უნდა, ტენდერს გავმართავთ“, – ხაზი გაუსვა მინისტრმა.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა განაცხადა, რომ „პროექტი ამჟამად შეჩერებულია და მხარეთა შორის არსებობს უთანხმოება, თუმცა კონსორციუმმა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საერთაშორისო სააარბიტრაჟო პროცესის დაწყება გადადო“.

„ამავდროულად, კონსორციუმმა გააჟღერა მისი სურვილი, რომ თავიდან იქნას აცილებული სააბიტრაჟო წარმოება – რათა დავის პროცესმა კიდევ არ შეაყოვნოს ეს სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტი, და მზად არის საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით მოიზიდოს დამატებითი ინვესტიციები და გააგრძელოს სამუშაოები“, – ნათქვამია კონსორციუმის განცხადებაში.

„ანაკლია ერთადერთი შესაფერისი ლოკაციაა ახალი რეგიონალური მნიშვნელობის ეკონომიკური ცენტრის შესაქმნელად, თუკი საქართველო მართლაც აპირებს სრულად მოახდინოს საკუთარი პოტენციალის რეალიზება, როგორც სატრანსპორტო ჰაბმა და ტრანზიტულმა კორიდორმა. “ „ასეთ სტრატეგიულ შესაძლებლობებზე უარის თქმა იქნება უაღრესად დიდი უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოსთვის“, – განმარტავენ კონსორციუმში.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ 2014 წელს დაფუძნდა და მისი 99.99%-ს სს „ანაკლია ჰოლდინგი“ ფლობდა, 0.01% კი – სახელმწიფოს საკუთრებაში იყო. თავის მხრივ, „ანაკლია ჰოლდინგის“ 42% Conti International-ის საკუთრებაში იყო.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი 2.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტია, რომლის მთავარი პარტნიორი TBC ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე იყო. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელების უფლება 2016 წელს TBC ჰოლდინგისა და ამერიკული Conti International-ის ერთობლივმა კონსორციუმმა მოიპოვა. ანაკლიაში პირველი სამუშაოები 2017 წელს დაიწყო და მშენელობის პირველი ფაზა 2018 წლის შემოდგომაზე დასრულდა.

2019 წლის 15 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ Conti International-მა პროექტიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. მას წილების გასხვისების საჭირო ტრანზაქცია ოქტომბრის ბოლომდე უნდა დაესრულებინა, თუმცა ვერ მოახერხა.

კონსორციუმმა მაშინ განმარტა, რომ ამერიკელი პარტნიორების გასვლა ანაკლიის პროექტს „კრიტიკულად არ დააზიანდება“. თუმცა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კონსორციუმს შუალედური ვალდებულების საფუძველზე მოსთხოვა, რომ მთავრობისთვის „უმოკლეს ვადებში“ პროექტში „დასავლური სტრატეგიული ინვესტორის“ მოზიდვის შესახებ გეგმა წარმოედგინა, რომელიც 42%-იანი წილის მქონე „კონტი ჯგუფს“ „იმავე მოცულობით“ ჩაანაცვლებდა.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ვალდებულების შესრულების ვადა 2019 წლის 15 ოქტომებრს ისე გაუვიდა, რომ ის ვერ შეასრულა. შედეგად, საქართველოს მთავრობამ კონსორციუმთან ხელშეკრულება მაინც არ შეწყვიტა და მას ინვესტორების მოსაზიდად ვადა წლის ბოლომდე დაუტოვა.

კონსორციუმის ხელმძღვანელობასა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა 24 ოქტომბერს შედგა. მხარეების განმარტებით, შეხვედრაზე მათ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშრებუთლი საკითხები განიხილეს.

2020 წლის 9 იანვარს საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულება გაწყვიტა. მაშინ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად ახალი სატენდერო დოკუმენტაცია მომზადდებოდა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესახებ დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button