skip to content
ევროპამათი თვალით

ბელგიელებს სამშობლო კარტოფილი ფრის კვირაში ორჯერ ჭამას სთხოვს

კარტოფილის მწარმოებელი კომპანიები ბელგიაში თანამემამულეებს ევედრებიან, ფრიტერიებს (კარტოფილი ფრის გასაყიდ კიოსკებს) კვირაში ორჯერ მაინც შეუარეთ და მოჭარბებული საქონელი გაგვასაღებინეთო. ცხადზე ცხადი კია, რომ 11 მილიონი ბელგიელი პანდემიის გამო დახვავებულ კარტოფილის გორებს მარტოკა ვერ მოერევა, მაგრამ პატრიოტიზმი მსხვერპლს მოითხოვს…

ბელგია შემწვარი კარტოფილის, მაიონეზისა და მიდიების სამშობლოა და, ამავე დროს, გაყინული კარტოფილი ფრის უდიდესი ექსპორტიორია მსოფლიოში. პანდემიამ ვაჭრობასა და კარტოფილის საზღვარგარეთ გასაღებას მძიმედ დარია ხელი. ბელგიის კარტოფილის მწარმოებელნი ამბობენ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, 750 000 ტონა კარტოფილის, ანუ მთლიანი მოსავლის 40%-ის გადაყრა მოგვიწევსო.

კარტოფილის გადამუშავების 75% ბელგიაში სწორედ გაყინულ კარტოფილ ფრიზე მოდის. ბარები და რესტორნები, რომლებიც კარტოფილ ფრის მოხმარების მთავარი ადგილებია, მთელ მსოფლიოში დაკეტილია და დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ყველაზე გვიან სწორედ მათ შეეხება. კიდევ უარესი – საზაფხულო სახალხო ღონისძიებები, იქნებოდა ეს ფესტივალები თუ სპორტული შეჯიბრებები, სულაც გაუქმდა, არადა კარტოფილს უხვად სწორედ მსგავს თავყრილობებზე შეექცეოდნენ ხოლმე.

„მთელი სექტორი დიდ კრიზისშია. არამხოლოდ ბელგიელებს ვთხოვთ, უფრო მეტი კარტოფილი ფრი ჭამონ, არამედ იმავეს მოვუწოდებთ მთელ მსოფლიოს,“ უთქვამს ადგილობრივი მწარმოებლის, „აგრისტოს“ წარმომადგენელ ვარდ კლერბოს. ეს დასავლეთ ბელგიაში კარტოფილის გადამამუშავებელი მსხვილი კომპანიაა. სანამ პანდემია ატყდებოდა, ბელგიაში მოწეული კარტოფილის 90% ექსპორტზე გადიოდა. „აგრისტო“ საერთოდაც 98%-ს უშვებდა საზღვარგარეთ.

როცა ბაზარი ერთგან ჩავარდება, მის ანაზღაურებას მეორეგან ვახერხებთ; ახლა კი, გასაღების ბაზარი მთელ მსოფლიოში ჩაწვა და მთელი სექტორი დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართო, უთქვამს „აგრისტოს“ წარმომადგენელს.

კარტოფილის მწარმოებელნი ახლა გამოსავალს ეძებენ, რათა როგორმე აირიდონ თავიდან პროდუქციის დალპობა-გადაყრა. კარტოფილი, რომლის გადამუშავება არ გამოვა, საქველმოქმედო მიზნებზე წავა. ნაწილი კი ეგება ფერმენტაცია-დამუშავების გზით ცხოველებისათვის ვარგის საკვებად აქციონ.

სწორედ ამ გაწამაწიაში იყვნენ კარტოფილის მწარმოებელნი, როცა კარტოფილის მწარმოებელთა ასოციაცია „ბელგაპრომმა“ ბელგიელებს სთხოვა, ფრის კვირაში ორჯერ ეახელითო.

პრობლემის მოგვარებაში მთავრობაცაა ჩართული. შუა მარტში, კარანტინი სანამ დაიწყებოდა, ბელგიის ჯანდაცვის მინისტრმა მეგი დე ბლოკმა ბელგიელები დაამშვიდა, ფრიტერიები ღია იქნებაო. თავის წილ საქმეს აკეთებს ფლანდრიის რეგიონის მთავრობაც, რომლის უფლებამოსილებასაც განეკუთვნება სოფლის მეურნეობა. ეს უკანასკნელი რეკლამას უწევდა ადგილობრივ, სეზონზე მოწეულ პროდუქციას, მათ შორის, კარტოფილ ფრისაც, იქნებოდა ეს YouTube-ზე თუ თავის ინტერნეტ გვერდზე.

თუმცა ბელგიელ მეკარტოფილეებს შინაურობაში ერთი მოულოდნელი გართულება აქვთ: ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციამ ის მოიტანა, რომ ადგილობრივებს ამ ბოლო ხანებში სალათებზე ეკეტებათ ჭკუა და კარტოფილისკენ ყასიდად თუ გაექცევათ ხელი.

„ბელგაპრომის“ ასოციაციის ლიდერს რომან კოოლსს უთქვამს, „ირონიულია ალბათ, გაყინული ფრის მომხმარებელთა რიცხვი ბელგიაში სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალიაო“. „ვფიქრობთ კამპანია წამოვიწყოთ, რითაც ბელგიელებს შთავაგონებთ მეტი ფრი ჭამონო. ამით ჩვენი მაცივრების საყინულეებში შენახული პროდუქციის გასაღებას მოვახერხებთ და ყველაფრის გადაყრა არ მოგვიწევსო,“ დაუმატებია მას.

ფულზე მიდგა საქმე და, ბუნებრივია, კარტოფილის მწარმოებელნი ევროპული დახმარებისთვისაც მიდგნენ-მოდგნენ.

კოოლს უთქვამს, ეს პირველი შემთხვევაა, როცა დახმარებისათვის ევროკავშირს მივმართავთო. კი ვამაყობთ ჩვენი დამოუკიდებლობით, თუმცა ახლა უჩვეულო სიტუაციაა – ჩვენი პროდუქციის 70% საღდება რესტორნებში, რომლებიც ყველგან დაკეტილიაო, უთქვამს მას და დაუმატებია, თუკი 750 000 ტონა კარტოფილის გაყიდვას ვერ მოვახერხებთ, ჩვენი ფერმერები 125 მილიონი ევროს დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგებიანო. ამიტომაც, ვთხოვეთ ჩვენს პოლიტიკოსებს, ევროკავშირის უფროსობასთან ჩაგვიგდონ სიტყვაო, უთქვამს კოოლსს.

ფლანდრიის რეგიონის სოფლის მეურნეობის მინისტრ ჰილდე კრევიცს გაზეთ „პოლიტიკოსთვის“ დაუდასტურებია, რომ ქვეყანა დახმარებას ევროკავშირსა სთხოვს.

„მარტის ბოლოდან მოყოლებული ვთხოვთ ევროკომისიას, საქმიდან გამოსავალი ეგებ ევროპის დონეზე იპოვოს, რადგანაც აღნიშნული [მთელი] შიდა ბაზრის პრობლემააო“, უთქვამს კრევიცს. პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა და სექტორს კონკურენციის რეგულაციებში არაერთი გამონაკლისი მიანიჭა ევროკავშირმა, მაგრამ [მხოლოდ] ეს ვერ გადაჭრის სექტორის წინაშე მდგარი ფინანსური დანაკარგების საფრთხესო, უთქვამს ფლანდრიელ მინისტრს და დაუყოლებია, ამიტომაცაა რომ ვთხოვთ ევროპას, ფინანსურადაც გვერდში დაუდგეს კარტოფილის მწარმოებელთა სექტორსო.

კრევეცს უთქვამს, სხვათა შორის, მეც მომეტებულად გეახლებით ფრის, მეც შევიტანო უნდა წვლილი პრობლემის მოგვარებაშიო.

Via
Politico
პირველწყარო
Belgian patriots in friteries can’t eat their way out of the potato crisis

მსგავსი/Related

Back to top button