skip to content
ახალი ამბები

მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას პოლიტიკოსები აფასებენ

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მიერ დღეს წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას მმართველი გუნდისა და ოპოზიციური პარტიების შეფასებები მოჰყვა.

„სამოქალაქო საქართველო“ ამ შეფასებებს გთავაზობთ.

არჩილ თალაკვაძე – პარლამენტის თავმჯდომარე: „ჩვენ მოვემზადეთ და გავაკეთეთ გეგმა, რომელიც სოციალურ-ეკონომიკურ [მხარდაჭერას], ასევე ქვეყნის ეკონომიკური აქტივობის გახსნა-აღდგენას ემსახურება. ამ გეგმით, ჩვენ ვზრუნავთ თითოეულ ადამიანზე ვისაც სჭირდება ჯანდაცვა, სოციალური დახმარება და ეკონომიკური მხარდაჭერა. მისი ძირითადი არსი არის ის, რომ ჯანდაცვის მიმართულებით დაიხარჯება 350 მლნ ლარი, მოქალაქეებისთვის, ადამიანების  ზრუნვისთვის დაიხარჯება მილიარდ 35 მლნ ლარი, ხოლო ეკონომიკისა და ბიზნესის მხარდასაჭერად 2 მილიარდ 110 მლნ ლარი. ჯამში, სახელმწიფო დახარჯავს 3.5 მილიარდ ლარს იმისთვის, რომ დაეხმაროს ადამიანებს“.

სალომე სამადაშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „ეს პროგრამა და ბიუჯეტი უნდა წარდგენილიყო პარლამენტში, იმიტომ, რომ მაშინ, ჩვენ გვექნებოდა შესაძლებლობა დაგვესვა ის შეკითხვები, რომელიც გვაქვს იმასთან, რაც დღეს მოვისმინეთ. მე, მაგალითად, ძალიან ბევრი შეკითხვა მაქვს საერთაშორისო დახმარების კუთხით, იმიტომ, რომ ჩვენ ვერ მოვისმინეთ დეტალები კონკრეტულად რა დახმარებაზე არის საუბარი. მე ვერ მოვისმინე რეალურად როგორ აპირებს მთავრობა უზარმაზარი საბიუჯეტო გარღვევის, შევსებას, რომელიც გვექნება. ის დაპირებები, რომელიც დღეს არის გაცემული კონკრეტულად რა წყაროებიდან და როგორ დაფინანსდება“.

გიგა ბოკერია – ევროპული საქართველო: „დაგვიანებული, ზედაპირული და მავნებლური ინსტიქტებით, არაადეკვატური კრიტერიუმებით სავსე, ბუნდოვანი პრეზენტაცია მოვისმინეთ გახარისაგან. არ ხდება გადასახადების რეალურად დაწევა, არ ხდება წნეხის შემცირება მოქალაქეებისთვის, მეწარმეებისთვის, რაც ამ ვითარებაში წარმოუდგენელია. პირდაპირი დახმარება არის გაუგებარი, არასწორი კრიტერიუმებით, არასამკარისი და მცირე. არ ხდება დერეგულირება, ისევ ინარჩუნებენ მთავრობის როლს, რომ არჩევანი გააკეთონ, თუ ვის რა მისცენ [დახმარება]. თითქოს მათ უკეთ იციან ჩვენ ჩვენს ფულს როგორ დავხარჯავთ, რაც კორუფციის რისკიცაა და მავნებლობაა ყველა ვარიანტში [ასევე] საპენსიო შენატანზე, ფულზე, რომელიც ეკუთვნის ხალხს და თვითონ შეიტანა ისევ უარს ეუბნებიან, რომ შანსი ჰქონდეთ ამ გაჭირვების დროს გამოიყენონ“.

ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა: „უნდა ვთქვა, რომ ე.წ. გეგმამ დატოვა მძიმე შთაბეჭდილება, იმიტომ, რომ რიცხვები, რომლებიც ნათქვამი იყო, ლაპარაკობს უკუდურესად რთულ ვითარებაზე და იმაზე, რომ მთავრობა იძულებულია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი შეაგუოს შიმშილს. როდესაც ასეთი რიცხვი იყო დასახელებული 3.9 მილიარდი იქნება ჩვენი ბიუჯეტის დეფიციტი და ამ დროს მთავრობა ამბობს, რომ ქამრების შემოჭერის შედეგად მხოლოდ 300 მლნ მობილიზება მოახდინეს, ეს ძალიან მძიმე ციფრი გახლავთ. როდესაც მთავრობა ამბობს, იმას რომ ადამიანებს ვისაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვს 100 ლარით დაეხმარება, ეს უმძიმესი რიცხვებია“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button