ახალი ამბები

Amnesty International: ცხინვალმა უნდა შეწყვიტოს კრიტიკული ჟურნალისტების დევნა

Tags

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Amnesty International-ის 8 აპრილს გამოქვეყნებული განაცხადების თანახმად, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ხელისუფლებამ „უნდა შეწყვიტოს ნებისმიერი „სისხლის სამართლებრივი დევნა“ ორი ადგილობრივი გულახდილი ჟურნალისტის – თამარ მეარაყიშვილისა და ირინა ქელეხსაევას წინააღმდეგ“.

უფლებადამცველი ორგანიზაციის განმარტებით, ცხინვალის ხელისუფლებამ „თავი უნდა შეიკავოს რეპრესიული ზომებისგან ამ და ნებისმიერი სხვა კრიტიკოსის წინააღმდეგ და უზრუნველყოს, რომ სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში ნებისმიერ ადამიანს ჰქონდეს გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენების საშუალება, შევიწროების, დაშინების, პირადი თავისუფლების დაკარგვის რისკისა და რეპრესიების შიშის გარეშე“.

Amnesty International-ის განცხადებით, „თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი არ არსებობს და დე ფაქტო ხელისუფლების ერთადერთი მიზანი მისი გაჩუმებაა“.

თამარ მეარაყიშვილის საქმე

თამარ მეარაყიშვილი ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი ჟურნალისტია. იგი ხმამაღლა საუბრობს სხვადასხვა სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე, რომლის წინაშეც მისი რაიონი დგას და ხშირად აკრიტიკებს დე ფაქტო ხელისუფლებას კორუფციის, ადამიანის უფლებათა და მმართველობის საკითხებზე, აღნიშნავს უფლებადამცველი ორგანიზაცია.

ორგანიზაციისვე ინფორმაციით, ცხინვალის ხელისუფლებამ მეარაყიშვილს 2017 წელს ცილისწამებაში დასდო ბრალი. შემდეგ იგი დააკავეს და რეგიონის მმართველი პარტიის წინააღმდეგ ცილისწალების გავრცელებაში დაადანაშაულეს. ამის მიზეზი კი – 2017 წლის აპრილში გამოცემა „ეხო კავკაზასთვის“ გაკეთებული კომენტარი გახდა.

2018 წლის მარტში თამარ მეარაყიშვილს კიდევ ერთი ბრალი – „ოფიციალური დოკუმენტების გაყალბება და გამოყენება“ წაუყენეს. კერძოდ, ცხინვალის ხელისუფლებამ მას „სამხრეთ ოსეთის“ მოქალაქეობის უკანონოდ მოპოვება და საქართველოს მოქალაქეობის კვლავ ფლობა წაუყენა ბრალად.

Amnesty International-მა განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეობის ფლობის კრიმინალიზაცია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალს არღვევს.

2019 წელს თამარ მეარაყიშვილს ახალგორის რაიონულმა სასამართლომ ყველა ბრალდება მოუხსნა. თუმცა, 2020 წლის იანვარში, რეგიონის „უზენაესმა სასამართლომ“ გადაწყვეტილება ყალბი დოკუმენტების მოპოვებისა და გამოყენების ნაწილში მისი გამართლების თაობაზე გააუქმა და საქმე ხელახალი განხილვისთვის პირველ ინსტანციაში დააბრუნა. ამას გარდა, 2020 წლის იანვარში „უზენაესმა სასამართლომ“ მხარი დაუჭირა მის გამართლებას ცილისწამების ნაწილში, თუმცა სხვა ბრალდებები კვლავ ძალაში რჩება.

ირინა ქელეხსაევას საქმე

ირინა ქელეხსაევა ცხინვალში მომუშავე ჟურნალისტია, რომელიც „ეხო კავკაზასთან“ თანამშრომლობს. Amnesty International-ის ინფორმაციით, 2019 წლის დეკემბერში, რეგიონის „იუსტიციის მინისტრმა“ ქელეხსაევას ცილისწამებისთვის უჩივლა. ჟურნალისტმა თავის სტატიაში ცხინვალის ციხეებში გაუარესებული პირობებისა და პატიმართა არასათანადო მოპყრობის შესახებ ისაუბრა.

2020 წლის თებერვალში ადგილობრივმა მოსამართლემ საქმე განიხილა და გადაწყვიტა, რომ ცხინვალის პროკურატურამ უნდა განსაზღვროს აღძრას თუ არა სისხლის სამართლის საქმე ქელეხსაევას წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსით. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, ქელეხსაევას დაახლოებით 6 000 აშშ დოლარით დაჯარიმდება.

Amnesty International-მა განაცხადა, რომ ცხინვალის ხელისუფლებამ მეარაყიშვილს და ქელეხსაევას ყველა ბრალდება დაუყონებლივ უნდა მოუხსნას და უზრუნველყოს, რომ მათ შეძლონ საკუთარი გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენება და პროფესიული საქმიანობის შესრულება.

უფლებადამცველმა ორგანიზაციამ სინანული გამოხატა რეგიონში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და შიშის ატმოსფეროს არსებობის გამო.

ორგანიზაციის თქმით, მას გააჩნია „ანეკდოტური მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ დე ფაქტო ხელისუფლება იმ კერძო პირებს უკავშირდება, რომელთაც კრიტიკული სტატია Facebook-ზე გააზიარეს ან კრიტიკული პოსტი მოიწონეს“.

„გავრცელებული ინფორმაციით, დე ფაქტო ხელისუფლება რეგიონში უნივერსიტეტის ლექტორებს დევნის და მათ გათავისუფლებით ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ხელისუფლების გაკრიტიკებას გაბედავენ“, – აცხადებს Amnesty International-ი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button