ახალი ამბები

ცესკო აშშ-ის დახმარებით კიბერუსაფრთხოებას გააუმჯობესებს

Tags

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის (ცესკო) განაცხადებით,  საინფორმაციო ტექნოლოგიური უსაფრთხოების მხარდაჭერის მიზნებისთვის, ცესკო საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდისგან (IFES) დახმარებას მიიღებს. მხარეებს შორის ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში, IFES-ი ცესკოსთვის სერვერებსა და სასერვეროს გამართვა-აღჭურვისთვის საჭირო შესაბამის მოწყობილობებს შეიძენს. ასევე, მოხდება სასერვერო აპარატურის პროგრამული უზრუნველყოფა. საარჩევნო ადმინისტრაციის შესაბამისი თანამშრომლები კი – გადამზადდებიან.

ცესკო-ს ინფორმაციით, საარჩევნო ადმინისტრაციის სათანადო საინფორმაციო ტექნოლოგიური აღჭურვილობით უზრუნველყოფა და თანამშრომლების კიბერუსაფრთხოებისa და კიბერჰიგიენის მიმართულებით გადამზადება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით,  IFES-ის პროექტის – „საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდება.

ახალი სასერვერო ინფრასტრუქტურა ცესკოს შესაძლებლობას აძლევს კიდევ უფრო მაღალ დონეზე უზრუნველყოს კრიტიკული ინფორმაციის დაცვა და იმ ინტერნეტ სერვისების შეუფერხებელი და უსაფრთხო ფუნქციონირება, რომელთაც საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებსა და არჩევნებში ჩართულ სხვა მხარეებს სთავაზობს.

ცესკო-ს ინფორმაციით, თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად, ის უკვე რამდენიმე წელია აქტიურად მუშაობს კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესების მიმართულებით. მას შექმნილი აქვს ინფორმაციული უსაფრთხოების შესაბამისი კონტროლის მექანიზმები, რითაც ხელს უწყობს არსებული საარჩევნო პროცესების „უწყვეტად წარმართვას“ და ინფორმაციის სათანადო დაცვას, უზრუნველყოფს ტექნიკური საშუალებების გამართულად ფუნქციონირებას და ინფორმაციული აქტივობის მთლიანობას, ხელმისაწვდომობასა და კონფიდენციალურობას.

საინფორმაციო ტექნოლოგიური უსაფრთხოების საკითხი მას შემდეგ მოექცა ყურადღების ცენტრში, რაც დაახლოებით 4.9 მილიონი ქართველი ამომრჩევლის (მათ შორის გარდაცვლილების) პირადმა მონაცემებმა 28 მარტს ჰაკერების ფორუმზე გაჟონა. ვებგვერდი ZDNet-ის ინფორმაციით, მომხმარებელმა, რომელმაც მონაცემები გამოაქვეყნა, განაცხადა, რომ მონაცემები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური პორტალიდანაა. თუმცა, ცესკო-მ ეს ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ „გავრცელებული ბაზა ფორმატითაც და მონაცემებითაც რადიკალურად განსხვავდება იმ ბაზისგან, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს. მათ მითითებული აქვთ მოწმობის ნომერი, მამის სახელი – ეს ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის ბაზაში არ არის.“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მონაცემთა სავარაუდო გაჟონვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

2019 წლის 28 ოქტომბერს საჯარო და კერძო უწყებათა ვებგვერდებზე კიბერშეტევა განხორციელდა. ჰაკერების სამიზნე პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საერთო სასამართლოების, ბათუმის, ქუთაისისა და ქარელის მერიებისა და საკრებულოების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების „მედიის განვითარების ფონდისა“ და „საზოგადოება და ბანკების“ და რამდენიმე მედიაგამოცემის საიტი გახდა. საჯარო განცხადებებში საქართველომ, აშშ-მა და გაერთიანებულმა სამეფომ საქართველოში მომხდარ „ფართომასშტაბიან“ კიბერშეტევაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველო დაადანაშაულეს. რუსეთმა ბრალდებები უარყო და მათ „უსაფუძვლო“ და „პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button