ახალი ამბები

საქართველომ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ წარადგინა

საქართველოს პარლამენტმა 20 მარტის პლენარულ სხდომაზე 91 ხმით იუსტიციის მინისტრის მოადგილის გოჩა ლორთქიფანიძის ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ წარდგენას დაუჭირა მხარი.

გოჩა ლორთქიფანიძეს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა 2012 წლიდან უკავია. მანამდე 2005-2009 წლებში, იგი პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იყო საერთაშორისო სამართლისა და საგარეო საქმეთა საკითხებში.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მიესალმა ლორთქიფანიძის კანდიდატურის „ერთსულოვან მხარდაჭერას“ და იმედი გამოთქვა, რომ ის „საბოლოოდ იქნება საერთაშორისო სასამართლოს მიერ მოსამართლედ დამტკიცებული“.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ, რომელმაც ლორთქიფანიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა, განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში საქართველოს მოსამართლე ჰყავდეს. „მე იმედი მაქვს, რომ ბატონი გოჩა წარმატებით გაივლის ყველა დანარჩენ პროცედურას და ეს პროცედურა დასრულდება ისე, რომ საქართველოს ეყოლება ღირსეული წარმომადგენელი… მეც ვიცნობ მას, როგორც კარგ პროფესიონალს“, – განაცხადა ბესელიამ.

პირველად, იმის თაობაზე, რომ საქართველო ჰააგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის წარდგენას გეგმავდა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გასული წლის დეკემბერში, ჰააგაში ვიზიტის დროს განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ამისთვის ეროვნული პროცედურების გავლის გზით, მაღალკვალიფიციური კანდიდატი შეირჩეოდა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 18 მოსამართლისგან შედგება, რომლებიც ცხრაწლიანი ვადით ინიშნებიან. როგორც წესი, მოსამართლეობის 6 კანდიდატის ასარჩევად არჩევნები სამ წელიწადში ერთხელ იმართება. 2020 წლის 7-17 დეკემბერს დაგეგმილი წევრი ქვეყნების ასამბლეის მე-19 სესიის დროს, ექვსი ახალი მოსამართლე აირჩევა, რომლებიც იმ მოსამართლეებს ჩაანაცვლებენ, რომელთაც უფლებამოსილების ვადა ეწურებათ. წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ახალ პროკურორსაც აირჩევს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button