skip to content
ახალი ამბები

კორონავირუსის გამო საქართველო იტალიასთან პირდაპირ ფრენებს დროებით აჩერებს

საქართველოს მთავრობის 6 მარტის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდა და „საზღვარზე საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები დაწესდა“.

დღესვე, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობდა, „კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს“.

კერძოდ, მთავრობის გადაწყვეტილებით:

  • ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებიდან დაბრუნებისას საქართველოს მოქალაქე ვალდებული იქნება, რომ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დადგენილი წესით ინტენსიურ შემოწმება და 14-დღიანი სავალდებულო საკარანტინო პროცედურა გაიაროს;
  • საქართველოში ჩამომსვლელი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ან მოემგზავრებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების გავლით, ასევე ინტენსიურ შემოწმებას და 14 დღიან საკარანტინო პროცედურას დაექვემდებარებიან. ან საზღვარზევე უნდა წარმოადგინონ კორონავირუსზე შემოწმების ცნობა, რომელიც უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ უნდა იყოს გაცემული, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში – სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ.

„საქართველოს მთავრობა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში (ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იტალია, ირანი) მოგზაურობისგან“, – ნათქვამია მთავრობის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, სადაც ასევე ხაზგასმულია, რომ „ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს და მთავრობა სრულად მართავს პროცესს“.

ჯამში, ამ დრომდე, საქართველოში კორონავირუსის სულ ცხრა შემთხვევაა გამოვლენილი. პირველად ინფექცია, ქვეყანაში 26 თებერვალს დაფიქსირდა, სამ დღეში კი – მისი მაჩვენებელი სამამდე გაიზარდა. ვირუსის ექვსი ახალი შემთხვევის შესახებ კი – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა გუშინ დილით და საღამოს გამართულ ბრიფინგებზე განაცხადა.

ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის საქართველოს მთავრობამ ირანთან საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლა დროებით შეაჩერა. ამასთან, საჯარო სკოლებსა და ბაღებში სასწავლო საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტს დაიწყო და ის 16 მარტამდე გაგრძელდება.

კორონავირუსის გამო ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მთავრობებმა საქართველოსთან დამაკავშირებელი ყველა გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს. ამასთან, ოკუპირებული ცხინვალის მთავრობის გადაწყვეტილებით, 60-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის რეგიონში შესვლაზე შეზღუდვები დაწესდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button