skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირის ანგარიში ხაზს უსვამს საქართველოში რეფორმების ტემპის შენარჩუნების მნიშვნელობას

ევროკომისიამ 7 თებერვალს ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების განხორციელებას აჯამებს. ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის ერთობლივი ანგარიში მოიცავს პერიოდს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს 2019 წლის 5 მარტის სხდომიდან საბჭოს მორიგ, 2020 წელს ჩასატარებელ სხდომამდე პერიოდს. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო კვლავაც ერთგულია ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებებისა. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო „ეფექტიანად აგრძელებდა“ ადამიანის უფლებათა სფეროში ევროკავშირის კანონთა კრებულთან (acquis) და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსვლას.

2019 წლის მთავარ პოლიტიკურ მოვლენებს შორის, ევროკომისიამ შუალედური არჩევნები, ასევე ზაფხულიდან მოყოლებული საქართველოს მასშტაბით გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები და ინტენსიური საპარლამენტო საშემოდგომო სესია დაასახელა.

„მედიაგარემო მნიშვნელოვნად შეიცვალა ივლისში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილების შემდეგ“, – ნათქვამია ანგარიშში. „შეიქმნა ახალი მედია არხები და პროკურატურამ დაიწყო საქმეების გამოძიება, რომელშიც ზოგიერთი მედიასაშუალების მფლობელები/მენეჯერები ფიგურირებდნენც“, – ხაზგასმულია ანგარიშში.

ანგარიშმა მოიწონა ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების მონიტორინგში, ასევე საჯარო დაწესებულებების ანგარიშვალდებულების საკითხში საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების აქტიურად ჩართულობა. თუმცა, ყურადღება გაამახვილა იმ დაძაბულობაზე, რომელიც „გარკვეულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის გრძელდება“. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ მიმდინარეობს გამოძიება 2019 წლის ივნისის საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით.

ანგარიშის თანახმად, ბიზნესგარემოს საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს კარგი მაჩვენებლები აქვს. „ამასთან, გამოწვევები რჩება მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასა და ანგარიშველდებულებასთან, სამართლებრივ დასაბუთებასთან და მიმდინარე გამოძიებებთან დაკავშირებით, რომელიც მსხვილ ბიზნესს (მათ შორის, თიბისი ბანკს) მოიცავს“.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2020 წელი მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის რეფორმების გაგრძელების მზადყოფნის კუთხით, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ევროპის გზაზე ქვეყნის შემდგომი წინსვლისთვის. „დიდი მნიშვნელობა ექნება მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციის გასანეიტრალებლად ამბიციური საარჩევნო რეფორმების გატარებასა და სასამართლო რეფორმის განხორციელებას“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიში კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ 2020 წლის შემოდგომაზე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნები „გადამწყვეტად მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის დემოკრატიისადმი ერთგულების დასადასტურებლად“. დოკუმენტის თანახმად, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ყველა მხარისათვის მისაღები გადაწყვეტილების პოვნა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით“. ანგარიშში ნათქვამია, რომ არჩევნების წინ თავისუფალი და პლურალისტული მედიისთვის ხელშემწყობი გარემოს არსებობა კიდევ ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იქნება.

ანგარიშში ევროკომისია მოუწოდებს საქართველოს, განაგრძოს სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა. იმავდროულად, აღნიშნავს, რომ საქართველოს მზადყოფნა, დაიცვას ეთიკისა და მიუკერძოებლობის უმაღლესი სტანდარტები მართლმსაჯულების სისტემაში, კვლავ გადამწყვეტია იმისთვის, რომ მართლმსაჯულება სარგებლობდეს ნდობით. ნათქვამია, რომ აღნიშული მნიშვნელოვანია ევროკავშირ-საქართველოს დღის წესრიგის წარმატებითვის.

„შემდგომში, არსებითია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იყოს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია, პროცესი გამჭვირვალედ განხორციელდეს და კანდიდატთა წარდგენა ჭეშმარიტი დამსახურების შესაბამისად წარიმართოს“, – ნათქვამია დოკუმენტში.

უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით, ანგარიში აღნიშნავს, რომ „საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება თავშესაფრის მოთხოვნათა მუდმივი ზრდის საკითხის პროაქტიულად გადაჭრის გაგრძელება ევროკომისიასა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან მჭიდრო თანამშრომლობით“.

და ბოლოს, კომისია აღნიშნავს, რომ სტრუქტურული რეფორმები საჭიროა იმისათვის, რომ საქართველოს ეკონომიკა ნაკლებად მოწყვლადი იყოს საგარეო მოვლენებთან მიმართებით, გაუმჯობესდეს საინვესტიციო კლიმატი და ვაჭრობის პოტენციალი.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ხოსეპ ბორელმა ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა: „მომდევნო თვეების განმავლობაში, ყურადღებით დავაკვირდებით პოლიტიკურ მოვლენებს, ქვეყანაში არსებული მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციის გათვალისწინებით. ველით, რომ წელს არჩევნები თანაბარი პირობების დაცვითა და პლურალისტურ მედია გარემოში ჩატარდება“. მან კიდევ ერთხელ გამოხატა ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის მეშვეობით კონფლიქტის მოგვარების საკითხში კვლავ აქტიურად ვართ ჩართულები“, – განაცხადა მანვე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button