Placeholder canvas
ახალი ამბები

შერეული საარჩევნო სისტემის შენარჩუნების შესახებ მმართველი გუნდის ინიციატივას პოლიტიკოსები აფასებენ 

მმართველი გუნდის მიერ შერეული საარჩევნო სისტემის შენარჩუნების შესახებ ინიციატივას, რომელიც ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკების მეოთხე რაუნდზე დღეს გახმოვანდა, პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო აქტივისტების შეფასებები მოჰყვა.

„სამოქალაქო საქართველო“ ამ შეფასებებს გთავაზობთ.

მმართველი გუნდის შეფასება

თეა წულუკიანი – ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი: „ქართული ოცნების გუნდის შიგნით ჩვენ შევძელით, რომ დღეს გაგვეკეთებინა შეთავაზება იმისთვის, რომ ჩვენი საარჩევნო მოდელი გამხდარიყო უფრო მეტად და მეტად პროპორციული და თან არ დაგვეთმო მაჟორიტარული სისტემა, ვინაიდან ჩვენ ვთვლით, რომ სწორედ შერეული მოდელი არის ოკუპირებულ და ჩვენნაირი ტიპის ქვეყანაში სტაბილურობის გარანტი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ოპოზიცია უნდა დაფიქრდეს ამ შეთავაზებაზე, ეს შეთავაზება არ ეხება მხოლოდ 2020 წლის არჩევნებს, ჩვენი შეთავაზებაა, თუ ამ მოდელზე შევთანხმდებით, რომელიც უფრო მეტად პროპორციულია, ვიდრე ამჟამად მოქმედი, ამ მოდელმა უნდა იმოქმედოს 2020 წლის არჩევნების შემდეგაც. ჩვენ კვლავ მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ ეს მოლაპარაკებები და მათი მოსმენა. იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია, დაფიქრდება და შეიცვლის პოზიციას, რომელიც არის განკითხვის დღის მოწყობის მუქარა. ვერანაირ განკითხვის დღეს ისინი ვერ მოაწყობენ საქართველოში“.

გია ვოლსკი – პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე: „ჩვენ ვეუბნებით, რომ პარტიული ინტერესების უკან არსებობს საზოგადოება, სამშობლო, ქვეყანა, ხალხი, რომელსაც არ უნდა ისეთი სიტუაცია შეიქმნას, რომ მთავრობის შექმნა გახდეს პრობლემა, როგორც [ეს] გახდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ამას ჩვენი ქვეყანა ვერ გაუძლებს და იქნება სერიოზული კრიზისი. ეს არის ჩვენი განცდა და პათოსი, ამის უკან არაფერი არ არსებობს, არანაირი პარტიული ინტერესი. თუ მოიგებენ მოიგონ, ამაზეც მზად ვართ. გავაგრძელოთ მოლაპარაკებები“. 

ოპოზიციის შეფასება

გრიგოლ ვაშაძე – ნაციონალური მოძრაობა:„მმართველმა გუნდმა მოიტანა წინადადება, რომელიც არის აბსოლუტურად მიუღებელი და არ მესმის ამ წინადადების მოტანის აზრი, თუ არა ჩვენი მედიატორების თვალში გამოჩენა, რომ ‘აი, მზად ვართ’. მოიტანეს წინადადება, რომ 2020 წლის არჩევნები უნდა ჩატარდეს სისტემით 50 მაჟორიტარი დეპუტატი, 100 პროპორციული და არა მარტო 2020 წლის არჩევნები უნდა ჩატარდეს ასე, არამედ ყველა დანარჩენი. ასეთი არასერიოზულობა მე არ მინახავს. ეს წინადადება აჩვენებს, [თუ] როგორ წვალობენ. დიალოგს თავს ვერ ანებებენ, საერთაშორისო მედიატორებს ვერ ეუბნებიან მონაწილეობას არ მივიღებთო, ესმით, რომ კომპრომისი მათგან უნდა წამოვიდეს და ისიც ესმით, რომ ქუჩაში, სახელმწიფოში, საზოგადოებაში საშინელი კრიზისია. ჯობია, მოლაპარაკებები, ვიდრე დაპირისპირება ქუჩაში, მაგრამ ერთი რაღაც მმართველმა გუნდმა უნდა გაიგოს, ნუ იქნება [ეს] ისეთი სისტემა, რომელიც სახელმწიფოში შეინარჩუნებს ერთპიროვნულ და ერთპარტიულ მმართველობას“.

გიგა ბოკერია – ევროპული საქართველო: ეს წინადადება, რაც მოიტანეს სერიოზულად განხილვადიც არ არის იმიტომ, რომ თამაშის წესს არსებითად არ ცვლის, აქ პროპორციულობა არის საკვანძო საკითხი. გაირკვა, რომ რესურსი ჰქონიათ საკონსტიტუციო ცვლილების, [ამიტომ] საკონსტიტუციო ცვლილების რესურსი თუ აქვთ, მივიღოთ გერმანული მოდელი. ივანიშვილიც ხვდება როგორ მძიმე მდგომარეობაშიც არიან და, ამიტომ, ამ რაღაც მანევრებს აკეთებენ, რომელიც არ არის სერიოზული. მაგრამ ეს აჩვენებს, [რომ] ნელ-ნელა ხვდებიან, როგორ მძიმე დღეში აღმოჩნდებიან, თუ რეალურ ნაბიჯს არ გადადგამენ. თუ ვერ მიხვდებიან, ქვეყნის შიგნით პროტესტი ხომ გაგრძელდება და გარეთაც იზოლაცია გაღრმავდება“.

ირმა ინაშვილი – პატრიოტთა ალიანსი: „წინადადება, რაც შემოგვთავაზა უმრავლესობამ აბსოლუტურად არ არის კავშირში პროპორციულ სისტემასთან. მეორე პრობლემა ის არის, რომ ლაპარაკია მარადიულად დარჩეს შერეული მოდელი. ჩვენი პოლიტიკური გუნდი ლაპარაკობს იმაზე, რომ სწორედ 2020 წელს გადავიდეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ეს არის ჩვენი მოთხოვნა, განხორციელდეს ცვლილებები საარჩევნო კოდექსში და [ასევე] ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება გახდეს სისხლის სამართლის კატეგორიის დანაშაული“.

ნინო ბურჯანაძე -დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო„პრაქტიკულად შემოთავაზება იყო, რომ ყველაფერ იმაზე რისთვისაც ვიბრძვით, რეალურად გვეთქვა უარი. შემოთავაზება 100/50-ზე რეალურად ეს არის იგივე, არსი არ იცვლება. ჩვენი ამოცანა არის არა ის, რომ ერთი ან ორი მაჟორიტარით მეტი გაიყვანოს რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ, არამედ ის, რომ პროპორციულად გადანაწილდეს პარლამენტში წარმომადგენლობა და ვერავინ შეძლოს დაუმსახურებელი უმრავლესობის მიღება და ხელისუფლების უზურპაცია. ჩვენ ერთმნიშვნელოვნად აღვნიშნეთ, რომ დიახ ეს წინადადება მიუღებელია, მაგრამ მაგიდაზე რჩება ის წინადადებები, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ ხელისუფლებას. ჩემთვის სრულიად ცხადია, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ იგნორირება გაუკეთოს პოლიტიკურ კრიზისს… მიუხედავად იმისა, რომ სურვილი არავის არ გვქონდა და არ გვაქვს, საპროტესტო აქციები გარკვეული ფორმით ახლაც, უახლოეს დღეებში და შემდეგაც, იანვარში ნამდვილად განახლდება, იმიტომ, რომ როგორც ჩანს, ამ ხელისუფლებას ძალის გარდა არანაირი სიტყვა არ ესმის, რაც სამწუხაროა“.

დავით უსუფაშვილი – შენების მოძრაობა: „დღეს ხელისუფლებამ გვითრა, რომ მოგვეხმარეთ პროპორციული არჩევნების საერთოდ გაუქმებაშიო… ისინი გვეუბნებიან, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ გვაქვს, ამიტომ 2024-თვის პროპორციულ არჩევნებს ვერ გავაუქმებთ, არადა, გვინდა, რომ გავაუქმოთ და ამაში მოგვეხმარეთო. ახლა როგორ ფიქრობთ, რა იქნებოდა ჩვენი პასუხი? რა თქმა უნდა, ვეუბნებით, რომ გაფუჭებაში არ მოგეხმარებით. ჩვენ მზად ვართ, ერთად გავაკეთოთ საქმე და გაკეთება იქნება ის, რომ ჩვენ შევთანხმდებით პროპორციულ სისტემაზე ამ მოდელით, ან რამე სხვა მოდელით. ამიტომ გრძელდება ფიქრი ამ თემაზე“.

გიორგი ვაშაძე – ახალი საქართველო: „ქართული ოცნება არის უმძიმეს დღეში, მათ შორის, საერთაშორისო წნეხმა მიიღო სრულიად ახალი სტანდარტი და ახალი ხარისხი, შესაბამისად, ისინი ცდილობენ ახალი შემოთავაზებები მოიტანონ, ეს მნიშვნელოვანი წინსვლა არის. 100/50-ზე პრინციპულად, ფუნდამენტურად არ ცვლის საარჩევნო მიდგომებს. საზოგადოების მოთხოვნა არის პროპორციულად იყოს წარმოდგენილი ყველა ძალა პარლამენტში. იანვრიდან ჩვენ უნდა დავიწყოთ საერთო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობა და ქართულ ოცნებას უნდა მოვუწყოთ განკითხვის დღე იმ არაადეკვატური პასუხებისთვის, რაც ძალაუფლების ტკბობიდან გამომდინარე მათ აქვთ. ფორმატი დიპლომატების თხოვნით შენარჩუნდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ აუცილებლად გვექნება წინსვლა“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button