ახალი ამბები

15 წლის მოზარდის გარდაცვალებას პრემიერი და თბილისის მერი ეხმაურებიან

15 წლის მოზარდის გარდაცვალებას, რომელმაც, სავარაუდოდ, პოლიციის ზეწოლის გამო თვითმკვლელობა სცადა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და თბილისის მერი კახა კალაძე ეხმაურებიან.

პრემიერ-მინისტრი მომხდარს დღეს წერილობით გამოეხმაურა და მოზარდის „ტრაგიკული გარდაცვალების“ გამო მწუხარებას გამოთქვა და განაცხადა, რომ „ყველა ის პირი, მიუხედავად რანგისა თუ სტატუსისა, რომლის მხრიდანაც რაიმე ტიპის დანაშაულის ჩადენის ფაქტს დაადასტურებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური“, უმკაცრესად დაისჯება.

„ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით არავის დარჩეს კითხვის ნიშნები. დამოუკიდებელი უწყების მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ პასუხის გარეშე არ უნდა დატოვოს არც ერთი კითხვა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. ამიტომ, ვავალებ როგორც შინაგან საქმეთა, ისე, განათლების სამინისტროებს, სრულად ითანამშრომლონ გამოძიებასთან, რომელიც აუცილებლად იქნება ღია და გამჭვირვალე“, – თქვა პრემიერმა.

მან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში არსებულ სირთულეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად ამ მიმართულებებით გადადგმული „არაერთი ნაბიჯისა“, „ჯერ კიდევ გვაქვს წლების მანძილზე დაგროვილი პრობლემები“ და „პრაქტიკაში ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, რაც ზოგიერთ შემთხვევაში შესაბამისი სერვისების თუ ბავშვზე მორგებული გარემოს არარსებობით, ზოგიერთ შემთხვევაში [კი] პროცესის მონაწილეთა კვალიფიკაციის ნაკლებობით არის განპირობებული“.

პრემიერისვე განცხადებით, წლების განმავლობაში არსებული „სისტემური ხარვეზები“ მინიმუმამდე უნდა შემცირდეს და ამაზე,  გარდაცვლილისა და მისი ოჯახის წინაშე, მთელი საზოგადოებაა პასუხისმგებელი. აღნიშნულის გათვალისწინებით პრემიერი შესაბამის უწყებებს შემდეგი დავალებები მისცა:

  • „შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი ზომები უწყებაში არასრულწლოვანზე მორგებული საგამოძიებო გარემოს შესაქმნელად, უზრუნველყოს არასრულწლოვნებთან მომუშავე გამომძიებლების და მენეჯერების სპეციალიზაცია და შესაბამისი კრიტერიუმებით ფრთხილად შერჩევა, განახორციელოს მათი მუდმივი გადამზადება და მონიტორინგი;
  • ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებმა დაუყოვნებლივ დასახონ სისტემური ხარვეზების აღმოფხვრის კონკრეტული, დროში გაწერილი გეგმა და წარმოადგინონ ერთი კვირის ვადაში;
  • იუსტიციის სამინისტრომ წარმოადგინოს საკანონმდებლო ხედვა სახელმწიფოსთან შემხებლობაში მყოფი ბავშვის უფლებების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის შესაძლებლობაზე“.

პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობა „იღებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ დააჩქარებს და მაქსიმალურად მოკლე ვადაში წარმართავს ამ მიმართულებით დაწყებულ რეფორმას, პროცესის კოორდინაციას“ და აღნიშნულს „არასრულწლოვანთა სფეროში მომუშავე პროფესიონალების და ყველა შესაბამისი აქტორის ჩართულობით, ღიად და გამჭვირვალედ განახორციელებს“.

გახარია პროცესში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედსაც გამოთქვამს და იქვე აცხადებს, რომ „მომხდარი ტრაგედიის პოლიტიკური მიზნით გამოყენების ყოველგვარი მცდელობა მიუღებელია“.

მოზარდის გარდაცვალებას დღეს თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომის წინ გამოეხმაურა და გარდაცვლილის მოზარდის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა. მისივე თქმით, მოზარდი „გაუცხოებას, გულგრილობასა“ და „არაპროფესიონალიზმს“ დაეჯახა, რაც „ძალიან მძიმეა“.

„როცა ბავშვი იღუპება, მგონია, რომ ამაში დამნაშავე მთლიანად საზოგადოება ვართ – ჩვენ, ყველანი, იმიტომ, რომ ოჯახი, სკოლა, ასევე სახელმწიფოც, ერთნაირადაა პასუხისმგებელი მომავალ თაობაზე“, – თქვა თბილისის მერმა.

მოზარდი, რომელმაც 12 დეკემბერს თვითმკვლელობა, სავარაუდოდ პოლიციის მხრიდან მასზე განხორციელებული ზეწოლის გამო სცადა, 17 დეკემბერს იაშვილის სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა. საგამოძიებო უწყება მას ერთ-ერთ კერძო სკოლაში კედლებზე უხამსი  წარწერების გაკეთებას ედავებოდა.

მთელი ამ ხნის განმავლობაში, ოჯახი აცხადებდა, რომ პოლიციის განყოფილებაში მოზარდზე ზეწოლა იყო, თუმცა შსს ბრალდებას უარყოფდა. გარდაცვლილზე განხორციელებულ ზეწოლას არც თავად საქმის გამომძიებელი ადასტურებდა.

პოლიციის განყოფილებაში მოზარდის გამოკითხვისას სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო ზეწოლის ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო. მომხდარზე საზოგადოების ყურადღების გაზრდის ფონზე კი, ორი დღის წინ შსს-მ უფლებამოსილება იმ პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილესა და ამავე განყოფილების გამომძიებელს, მათივე სურვილით უფლებამოსილება დროებით შეუჩერა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მოზარდისთვის ჩვენების მიცემის იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო და ის პოლიციელი დააკავა, რომელიც სკოლაში წარწერების გამოჩენის ამბავს იძიებდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button