ახალი ამბები

არასამთავრობოები ოცნებას საჯარო მოხელეებსა და მოქალაქეებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ

Tags

ქართული ოცნების მიერ 14 დეკემბერს თბილისში დაგეგმილი ფართომასშტაბიანი აქციის წინ, რომელიც ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის აღნიშვნას ემსახურება, არასამთავრობო ორგანიზაციები მმართველი პარტიის მხრიდან ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საჯარო მოხელეებსა და მოქალაქეებზე ზეწოლისა და იძულების შემთხვევებზე საუბრობენ.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ და „ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ დღეს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „რამდენიმე მუნიციპალიტეტში, პარტიის კოორდინატორების გარდა, მოქალაქეთა მობილიზებაში აქტიურად არიან ჩართულები მერების წარმომადგენლები სოფლებში და საკრებულოს დეპუტატები“.

მათივე ინფორმაციით, მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა ქუთაისში, წყალტუბოში, ზუგდიდში, ფოთში, ხობში, მარტვილში, ოზურგეთში, ჩოხატაურში, ქობულეთში, ბათუმში, ხელვაჩაურში, ახალციხეში, გორში, ხაშურსა და კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში.

არასამთავრობოების განცხადებით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დადიან მოსახლეობაში, საჯარო სკოლებში, საბავშვო ბაღებში და საჯარო სკოლის მასწავლებლებს, ბაღის თანამშრომლებს და თვითმმართველობას დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში მომუშავე პირებს მოუწოდებენ, გაემგზავრონ ხელისუფლების მიერ დაგეგმილ აქცია-ღონისძიებაზე.

„ზოგ შემთხვევაში აქციაზე წასვლისკენ მოწოდებას – დავალების, ზოგ შემთხვევაში კი თხოვნის შინაარსი აქვს. ასევე, რამდენიმე მუნიციპალიტეტში, თვითმმართველობის საჯარო მოხელეებს დავალებული აქვთ აქციაზე წამსვლელი 10 ან 20-კაციანი სიების წარმოდგენა სახელის, გვარის და პირადი ნომრის მითითებით“, – აღნიშნავენ არასამთავრობოები.

მათივე თქმით, საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა გარდა, „ზუგდიდის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში აქციაზე წასვლის შესახებ გაფრთხილებულები არიან სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეები, რომლებიც ‘სამართლიანი არჩევნების’ წარმომადგენლებთან პირად საუბარში გამოხატავენ შიშს, რომ აქციაზე წაუსვლელობის შემთხვევაში სოციალური დახმარება მოეხსნებათ“.

არასამთავრობო ორგანიზაციები მმართველ პარტიასა და ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალი თანამდებობის პირებს მოუწოდებენ, რომ „აღკვეთონ საჯარო მოხელეებსა და მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე ღონისძიებაზე დასწრებასთან დაკავშირებით ზეწოლის/იძულების ნებისმიერი ფორმა“, აგრეთვე, „მაქსიმალურად უზრუნველყონ დაგეგმილი პარტიული ღონისძიების გამიჯვნა საჯარო სამსახურის და თვითმმართველობების საქმიანობისგან, და თავი შეიკავონ დაგეგმილი ღონისძიების შესახებ მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანისგან“.

ოცნების პარტიულ ღონისძიებაში საჯარო მოხელეთა და მოქალაქეთა მონაწილეობის იძულების შესახებ განცხადება დღეს სახალხო დამცველმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს ქმედებები „სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს“.

ომბუდსმენი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, „განახორციელონ შესაბამისი მოქმედებები და გამოავლინონ შესაძლო პასუხისმგებელი პირები, რომელთა ქმედებაშიც შეიძლება იკვეთებოდეს დანაშაულის ნიშნები“.

საქართველოს სახალხო დამცველი მოქალაქეებსაც მიმართავს და მოუწოდებს, „მათ მიმართ შესაძლო იძულების და ზეწოლის განხორციელების შემთხვევაში, მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი რეაგირებების განხორციელების მოთხოვნით“.

ქართულმა ოცნებამ მხარდამჭერთა მობილიზება ნოემბრის ბოლოს დაიწყო იმ საპროტესო აქციების პასუხად, რომლებსაც ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე მმართველი გუნდისგან უარის მიღების შემდეგ მართავენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქართულ ოცნებასთან  დაკავშირებული პირები, მათ შორის, თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლები ყოფილი სახელისუფლებო პარტიის – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისებთან საპროტესტო აქციებს მართავენ, ასევე ოპოზიციის მხარდამჭერთა თავშეყრის ადგილებში კონტრ-აქციებს ატარებენ.

ქართული ოცნების მხარდამჭერებსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელებს შორის ერთ-ერთი ბოლო დაპირისპირება 3 დეკემბერს, თბილისში, ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან მოხდა, სადაც ხელისუფლების საწინააღმდეგო აქცია იმართებოდა.

ქართული ოცნების მხარდამჭერები მაშინ მმართველი გუნდის ახალგაზრდული ფრთის მიერ თბილისში ორგანიზებული კონცერტიდან მივიდნენ, რომელიც ევროსაბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავი კვირეული ფარგლებში იმართებოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button