skip to content
ახალი ამბები

ილია II საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 25 ნოემბერს საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

საპატრიარქოს მიერ 26 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში, ნათქვამია, რომ ილია მეორემ ელჩებს ვიზიტისთვის და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მათთან საუბრისას ყურადღება ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობის პრობლემაზე გაამახვილა.

საპატრიარქოს ინფორმაციით, ილია მეორე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებული ურთიერთობის ფორმასაც შეეხო, მათ შორის ურთიერთგაგების არარსებობის გამო მწუხარება გამოთქვა და იქვე დასძინა, რომ „ერთმანეთის მოსმენა“ უნდა ვისწავლოთ და რომ „მოსმენით და ურთიერთგაგებით მივაღწევთ იმას, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას.

საპატრიარქოში განმარტავენ, რომ ელჩებთან შეხვედრაზე კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ მიტროპოლიტმა შიო მუჯირმაც ისაუბრა, რომელმაც ყურადღება „კონფლიქტურ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე“ გაამახვილა და დიპლომატებს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში დახმარება  სთხოვა.

რა თქვეს დიპლომატებმა?

საპატრიარქოს ინფორმაციით, შეხვედრაზე დამსწრე ელჩებმა აღნიშნეს, რომ „მართლმადიდებლური ეკლესია და პირადად კათოლიკოს-პატრიარქი თავისი მოღვაწეობით ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას, შემწყნარებლობის განმტკიცებას და სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების თანაცხოვრებას.

საპატრიარქოსვე განცხადების თანახმად, შეხვედრაზე სიტყვით ისრაელის, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, საბერძნეთის, თურქეთის, უკრაინის პოლონეთის და სხვა ქვეყნების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები გამოვიდნენ.

საპატრიარქოს ცნობით, დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასთინ მაქენზი სმითი პატრიარქს დაეთანხმა და თქვა, რომ „ერთმანეთს უნდა მოვუსმინოთ“. ამავე ინფორმაციით, დიალოგის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასიმ და თქვა, რომ „ნებისმიერი პრობლემის მოგვარება შეიძლება დიალოგით“.

საპატრიარქოსვე განცხადებით, თურქეთის ელჩმა საქართველოში ფატმან ჯერენ იაზგანმა კი, „ხაზგასმით აღნიშნა“, რომ თურქეთი, როგორც ნატოს წევრი ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც საქართველოსთან სახმელეთო საზღვარი აქვს, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მხარს უჭერს.

„სერიოზული პროპაგანდა მუშაობს ჩვენი მეგობრობის წინააღმდეგ. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩემი ქვეყნის მთავრობა და მე ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წინ აღვუდგეთ პროპაგანდას. ეს პროპაგანდა ცდილობს შუღლი გააღვივოს მრავალეროვან და მულტირელიგიურ საქართველოში“, –  ამ პროპაგანდას განაცხადა საპატრიარქოს ინფორმაციით თურქეთის ელჩმა.

საპატრიარქოს განცხადებით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გერმანიის ელჩმა ჰუბერტ კნირშიმ. ასევე, საქართველოსადმი მხარდაჭერა უკრაინისა და იტალიის ელჩებმა იგორ დოლგოვმა და ანტონიო ბარტოლიმაც დააფიქსირეს. 

ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვისი ინიციატივით შედგა შეხვედრა, საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში მითითებული არ არის.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button