ევროპის მოამბე: 1 აპრილი
ფინეთის თურქული დამღა
გასულ კვირას, თურქეთის პარლამენტმა ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას მწვანე შუქი აუნთო და მისი გაწევრიანების ოქმს ბეჭედი დაასვა. ნიშანდობლივია, რომ თურქმა დეპუტატებმა ფინეთის ნატო-ში წევრობას მხარი ერთხმად დაუჭირეს. თურქეთი ნატო-ს წევრებს შორის შემორჩენილი ბოლო სახელმწიფო იყო, რომელსაც არ ჰქონდა რატიფიცირებული ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების ოქმი. ფინეთს ნატო-სგან მხოლოდ რამდენიმე ფორმალური პროცედურა აშორებს. უახლოეს დღეებში, ნატო-ს გენერალური მდივანი აშშ-ს, როგორც ჩრიდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების დედნის შემნახველ ქვეყანას, ფინეთის ნატო-სთან შეერთების ინსტრუმენტს გადასცემს, რის შემდეგაც, აშშ გამოსცემს ოფიციალურ განცხადებას, რომ ნატო-ს რიგებს ახალი წევრი – ფინეთი შეემატა. ვლადიმირ პუტინმა კი, რომელმაც უკრაინაში შეჭრა მის საზღვრებთან ნატო-ს გაფართოების შეჩერების აუცილებლობით დაასაბუთა, ჯერ მხოლოდ ის მოახერხა, რომ რუსეთ-ნატო-ს საზღვარი ორჯერ – მთელი 1340 კილომეტრით დააგრძელა.
მოსკოვის საპირველაპრილო ხუმრობა
31 მარტს, „გახრწნილი დასავლეთისგან“ გარიყულმა და ჩინეთს შეკედლებულმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია დაამტკიცა. ამ ქაღალდის თანახმად, რუსეთის საგარეო პოლიტიკა ატარებს მშვიდობისმოყვარულ, გახსნილ, პროგნოზირებად, თანმიმდევრულ ხასიათს და ეფუძნება საერთაშორისო სამართლის პატივისცემას. ბრიტანელ დიპლომატებს ეს ყველაფერი საპირველაპრილო ხუმრობა ეგონათ. თუმცა, როგორც კი დარწმუნდნენ, რომ გარეთ ჯერ კიდევ მარტის ბოლო დღე იდგა, რუს კოლეგებს საჯაროდ დაუტვიტეს – ხალხნო, „გაბრიყვების დღე“ ხვალ არისო. რუსულ კონცეფციაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთი სულაც არ არის დასავლეთის მტერი და საერთოდაც არაფერს ერჩის მას.
ბუჩას ტრაგედიის წლისთავი
ზუსტად ერთი წელი გამოხდა მას შემდეგ, რაც რუსეთის საოკუპაციო ჯარები აიძულეს კიევის შემოგარენში მდებარე პატარა ქალაქი ბუჩა დაეტოვებინათ. თუმცა, რუსების უკანდახევის სიხარული, მალევე მისი შედეგების სულისშემძვრელი შედეგებით შოკმა ჩაანაცვლა. რუსულმა ჯარებმა სისხლის კალო გალეწეს ბუჩაში, რამაც ეს ერთდროს კოპწია ქალაქი ომის დანაშაულების სიმბოლოდ აქცია. 31 მარტს, ვოლოდიმირ ზელენსკი, მოლდოვას პრეზიდენტთან, სლოვაკეთის, სლოვენიის და ხორვატიის პრემიერ-მინისტრებთან ერთად, ბუჩას ანდრია პირველწოდებულის ეკლესიას ეწვია და დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო. ბუჩაში ჩადენილ ომის დანაშაულებზე პასუხისმგებლობის ტვირთი რუსულ საზოგადოებას კიდევ დიდხანს დააწვება მხრებზე, ბუჩას აჩრდილი კი ევროპის თავზე კიდევ დიდხანს კატინისა და ტრებლინკის გვერდით იდგება.
უკრაინული ეკლესიის მოსკოვური ეშმაკები
სამხედრო კონფლიქტის გარდა, უკრაინაში საეკლესიო კონფლიქტიც მთელი სიმძლავრით მძვინვარებს. კიივი ორად გახლეჩილ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მავნე რუსულ გავლენებს ცეცხლითა და მახვილით ებრძვის. რუსეთთან კოლაბორაციის ბრალდებით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს დაპატიმრებული ჰყავს მოსკოვის საპატრიარქოს ქვეშემვრდომი ათეულობით პირი. სულ ახალხანს კი, შიდა პატიმრობა მიუსაჯეს უკრაინის მთავარი სამონასტრო კომლექსის – კიივ-პეჩერის ლავრის მიტროპოლიტს, პაველ ლებედს. ლებედი მოსკოვის საპატრიარქოს ერთგულად მსახურებდა, მის მსოფლმხედველობასა და „ქადაგებებს“ მშვენივრად იზიარებდა და ავრცელებდა. უკრაინის უსაფრთხოება მას უკრაინელების რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასა და რუსეთის სამხედრო აგრესიის უარყოფა/გამართლებას ედავება. კიივი საერთოდაც მიიჩნევს, რომ რუსული გავლენის ქვეშ მყოფი უკრაინის მეორე მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობა უნდა აიკრძალოს და მათ წარმომადგენლებს კიივ-პეჩერის ლავრის სამონასტრო კომპლექსა თუ სხვა ადგილებში სასულიერო საქმიანობის გაგრძელების საშუალება აღარ უნდა მიეცეთ. ამასწინათ გავლენიანი ბრიტანული კვლევითი ორგანიზაცია RUSI-ს მიერ რუსული სპეცსამსახურების ომამდელი საქმიანობის ანალიზმა ნათლად დაადგინა, რომ მოსკოვის საპატრიარქოს ფორმალური დაქვემდებარების ქვეშ რუსული სპეცსამსახურების აგენტები უკვე წლებია რაც ფუთფუთებდნენ. ანაფორას ამოფარებული მგლები სასულიერო პირების შედარებითი იმუნიტეტით სარგებლობდნენ და რუსული აგრესიისთვის ნიადაგს სიტყვითა და საქმით ამზადებდნენო, დაადგინეს მკვლევარებმა.