skip to content
ახალი ამბები

თბილისსა და სოხუმში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოსაძიებლად კომისიები შეიქმნა

საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე „შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი მექანიზმის“ დებულება დაამტკიცა.

აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში, შეიქმნება „ეროვნული უწყებათშორისი კომისია“, რომელიც დაკარგულ პირთა მოძიებისა და გადმოსვენების პროგრამის ეფექტურობის გაზრდას, პროცესში ჩართულ უწყებებს შორის მეტ კოორდინაციასა და არსებული მონაცემების ცენტრალიზებას უზრუნველყოფს.

კომისიას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი უხელმძღვანელებს. მის შემადგენლობაში, სახელმწიფო მინისტრის აპარატის გარდა, მთავრობის ადმინისტრაციის, შინაგან საქმეთა, თავდაცვის, იუსტიციის, დევნილთა და საგარეო საქმეთა სამინისტროების და სხვა უწყებების წამომადგენლები შედიან. 

ციხელაშვილის ინფორმაციით, „1990-იანი წლებისა და 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაკარგულად 2500-მდე ადამიანი ითვლება. 2010 წლიდან წითელი ჯვრის ეგიდით ორი ჰუმანიტარული პლატფორმა ფუნქციონირებს: ორმხრივი – ქართულ-აფხაზური და სამმხრივი – ქართულ-რუსულ-ოსური მექანიზმები. მათ ფარგლებში მოხერხდა 187 სამარხის გახსნა. ეგზჰუმირებული და იდენტიფიცირებული იქნა 178 პირი იქნა. მათი ნეშტები ოჯახებს დაუბრუნდა“.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ 2019 წლის მარტში გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2013 წლის შემდგომ სულ 500-მდე ადამიანის ნეშტი იქნა აღმოჩენილი, მათგან 200-მდე იყო იდენტიფიცირებული და ოჯახებს გადაეცათ.

სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, მთავრობა „თავს ვალდებულად თვლის“ დარჩენილი 2300-მდე უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანის მოსაძიებლად მუშაობა „კიდევ უფრო ეფექტური“ გახადოს.

„კომისიის ამოცანა ისაა, რომ პროცესის წარმართვა ძალიან ინტენსიურად და მაქსიმალურად კოორდინირებულად შევძლოთ. მით უფრო, წითელი ჯვრის მიმდინარე პროექტის ფაზა 2021 წლის ბოლომდე გრძელდება და გვინდა ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენოთ,” – განაცხადა ციხელაშვილმა. მანვე წითელ ჯვარსა და დაკარგულთა მოძიება-გადმოსვენების პროცესში ჩართულ მხარეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „ეს არის ცალსახად მხოლოდ ჰუმანიტარული პროცესი“.

უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიება-გადმოსვენების საკითხებზე „უწყებათაშორისი კომისია“ სოხუმშიც შეიქმნა. 23 ოქტომბერს, ოკუპირებული აფხაზეთის „მინისტრთა კაბინეტის“ სხდომაზე კომისიის დებულება დაამტკიცეს, რომლის თანახმად, კომისიის საქმიანობას აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრო“ გაუძღვება.

კომისიას 1992-1993 წლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაკარგულ პირთა შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი, ასევე სამარხების დადგენასა და ნეშტების ეგზჰუმაციასთან დაკავშირებული სამუშაოების ორგანიზება დაევალა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button