ახალი ამბები

უკრაინაში, ქუვეითსა და ვატიკანში საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში, ქუვეითსა და ვატიკანში საქართველოს ახალი ელჩები დაინიშნენ.

უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე იქნება. საგარეო უწყების ცნობით, იგი დიპლომატიურ სამსახურში 1996 წლიდან სხვადასხვა პოზიციებზე საქმიანობდა. 2011-2018 წლებში შარაშენიძე იყო საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, 2004-2008 წლებში კი, საქართველოს დიპლომატიურ მისიას ბულგარეთში ხელმძღვანელობდა. თეიმურაზ შარშენიძემ უკრაინაში ჩაანაცვლა გელა დუმბაძე, რომელიც უკრაინაში საქართველოს ელჩად 2017-2019 წლებში მუშაობდა.

ქუვეითში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად კონსტანტინე ჟღენტი დაინიშნა.  საგარეო უწყებაში მრავალწლიანი მოღვაწეობის განმალობაში კონსტანტინე ჟღენტი  სხვადასხვა  დიპლომატიურ თანამდებობებზე მუშაობდა. 2013-2018 წლებში ის უზბეკეთში საქართველოს ელჩის თანამდებობას იკავებდა. 2004-2005 წლებში კი, იყო საქართველოს ელჩი ავსტრიასა და უნგრეთში. კონსტანტინე ჟღენტმა ქუვეითში ჩაანაცვლა როლანდ ბერიძე, რომელიც ქუვეითში საქართველოს დიპლომატიურ მისიას 2014-2019 წლებში ხელმძღვანელობდა.

წმინდა საყდართან (ვატიკანში) საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩად ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი დაინიშნა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას ვატიკანში საქართველოს ელჩის თანამდებობა 2004-2014 წლებშიც ეკავა. ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონმა ვატიკანში ჩაანაცვლა თამარ გრძელიძე, რომელიც წმინდა საყდართან საქართველოს დიპლომატიურ მისიას 2014-2019 წლებში ხელმძღვანელობდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button