ახალი ამბები

მამუკა ბახტაძის გამოსამშვიდობებელი წერილის მთავარი აქცენტები

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გადადგომის შესახებ განაცხადა. გადაწყვეტილება ბახტაძემ Facebook-ის ოფიციალური გვერდის საშუალებით ორშაბათს, ორ სექტემბერს გაავრცელა.

აწ უკვე ყოფილმა პრემიერმა თავის გამოსამშვიდობებელ ტექსტში ქვეყნის ორ მთავარ გამოწვევად რუსული ოკუპაცია და სიღარიბე დაასახელა და დაამატა, რომ ნებისმიერ ინიციატივა, რეფორმა თუ სტრატეგიული განვითარების მიმართულება ამ ორი მთავარი გამოწვევის დაძლევას უნდა ემსახურებოდეს. ამის გარდა, ბახტაძემ რამდენიმე სტრატეგიულ მიმართულებაზე, გამოწვევებზე, მიღწეულ თუ მისაღწევ მიზნებზე ისაუბრა. „სამოქალაქო საქართველო“ გთავაზობთ მამუკა ბახტაძის გამოსამშვიდობებელი წერილის მოკლე შეჯამებას.

სტრატეგიული განვითარების აქცენტების ნაკლებობა

ყოფილი პრემიერის თქმით, სახელმწიფოს სტრატეგიული განვითარების აქცენტები აკლდა, რის გამოც ქვეყანა არჩევნებიდან-არჩევნებამდე ცხოვრობდა. ბახტაძემ დანანებით აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიების მიერ საზოგადოებისთვის შეთავაზებული პროგრამებიც უმეტესად მოკლევადიანი, ხშირად პოპულისტური და ძირითადად, მხოლოდ საარჩევნო პერიოდზე ორიენტირებული იყო.

ბახტაძე წერს, რომ ქვეყანაში არსებული გამოწვევების ფონზე, განვითარების ამ ეტაპზე, „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“ სტრატეგიული განვითარების ისეთი მიმართულებების არსებობა, რომლებიც ქვეყნის მდგრადი განვითარება უზრუნველსაყოფად „სტრატეგიული განვითარების ჩარჩოს“ შექმნის.

ბახტაძე გამოსამშვიდობებელ სიტყვაში რამდენიმე მთავარი მიმართულებაზე ამახვილებს ყურადღებას:

ურთიერთობა ევროკავშირთან

ბახტაძე აცხადებს, რომ დღეს ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობები „უმაღლეს ისტორიულ ნიშნულზეა“ და რომ ქვეყნის საერთაშორისო პოზიციები „ასეთი ძლიერი“ არასდროს ყოფილა. ამ კონტექსტში, ყოფილმა პრემიერმა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმება და ვიზალიბერალიზაცია დაასახელა, რამაც ქართველ ხალხს „პირდაპირი და ხელშესახები“ შედეგები უკვე მოუტანა.

ბახტაძის შეფასებით, ამ ყველაფერს „მოფრთხილება და შემდგომი განმტკიცება“ სჭირდება. იგი ამბობს, რომ სანამ „ევროკავშირს შესაძლებლობა ექნება, წევრობის ოფიციალური პერსპექტივა მოგვცეს, ევროპულ სივრცეში შემდგომი ფაქტობრივი ინტეგრაციისთვის კონკრეტული გეგმა გვჭირდება“. ყოფილ პრემიერს ევროკავშირში ფაქტობრივი ინტეგრაციის საუკეთესო გზად სექტორალური ინტეგრაცია და ინტეგრაციის საუკეთესო მექანიზმად კი მიმაჩნია საქართველოს ევროპის ეკონომიკურ სივრცეში გაწევრიანება ესახება.

ურთიერთობა ამერიკის შეერთებული შტატებთან

ყოფილი პრემიერის თქმით, აშშ საქართველოს ერთგული მეგობარი და პარტნიორია, რომელთან ურთიერთობებიც ყველა ადმინისტრაციის პირობებში ვითარდებოდა. ბახტაძის თქმით, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ორი ქვეყნის ურთიერთობები „უმაღლეს ნიშნულზეა“. „ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები არასდროს ყოფილა ასეთი მრავალვექტორული და ყოვლისმომცველი, როგორც ეს მოხერხდა ბოლო ერთი წლის მუშაობის შედეგად”, – აცხადებს იგი.

ურთიერთობა ნატოსთან

ბახტაძემ გამოსამშვიდობებელ ტექსტში ნატოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარებასა და გაღრმავებაზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ დღეს „ნატო-საქართველოს თანამშრომლობა“ უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა“. ამის საილუსტრაციოდ ბახტაძეს საერთო სამხედრო წვრთნების, პირველად ქვეყნის ისტორიაში ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების ფაზის განხორციელება, ნატოს სტანდარტებთან სრული თავსებადობა და სხვა მაგალითები მოჰყავს.

ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან

ბახტაძემ მეზობელ ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობებზეც ისაუბრა. მისი თქმით, სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარების მიზნით, გააქტიურდა ურთიერთობა თურქეთსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში. ბახტაძემ დაამატა, რომ აქტიურად ვითარდება ურთიერთობები სომხეთის რესპუბლიკასთან ყველა მიმართულებით.

ოკუპაცია და არაღიარების პოლიტიკა

პრემიერმა ოკუპაციასა და არაღაიარების პოლიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს საერთაშორისო არენაზე უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს. მანვე უმთავრეს ამოცანად ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული კატასტროფის შეჩერება დაასახელა. ბახტაძის თქმით, „თითოეული ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უნდა გრძნობდეს, რომ საქართველო მათზე ზრუნავს“. ამ კონტექსტში მან მთავრობის ახალ ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ გაამახვილა ყურადღება.

ბახტაძემ დეოკპუაციის პროცესის გაგრძელებისთვის ხელისუფლების მიერ საერთაშორისო ფორმატების გამოყენებაზეც ისაუბრა და ამ მიმართულებით ევროკავშირის, ევროპარლამენტისა და ნატოს მინისტერიალის მიერ მიღებული მხარდამჭერი დეკლარაციები და რეზოლუციები დაასახელა.

ეკონომიკა, ბიზნესგარემო და საქართველო, როგორც რეგიონული ცენტრი

ყოფილი პრემიერი მიიჩნევს, რომ ქვეყნის საგარეოს პოლიტიკა და საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირება ეკონომიკურ ამოცანებს უნდა პასუხობდეს, რისთვისაც ქვეყანა საერთაშორისო ბიზნესის, ინოვაციების, განათლების, ტურიზმისა და ლოჯისტიკის სექტორებში მულტიფუნქციური ცენტრი უნდა გახდეს.

ბახტაძე ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მნიშვნელობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ სიღარიბის დაძლევა ეკონომიკურ აქტივობაში თითოეული მოქალაქის ჩართულობითაა შესაძლებელი.

ყოფილმა პრემიერმა ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესების კუთხით გატარებულ რეფორმებზეც (დღგ-ის დაბრუნება, საერთაშორისო სავაჭრო პალატის არბიტრაჟის რეგიონული ოფისის გახსნის ინიცირება, მედიაციის ინსტიტუტის შემოღება და ა.შ.) ისაუბრა.

განათლება, როგორც ეროვნული იდეა

ბახტაძემ ქვეყნის სტრატეგიული განვითარების ჩარჩოს კონტექსტში განათლების როლსა და მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და განათლების რეფორმის ხუთდონიანი (სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი განათლება და სამეცნიერო) რეფორმის პრიორიტეტებად პედაგოგებისთვის ხელფასების ზრდა, ახალი ბაღებისა და სკოლების მშენებლობა, კვლევითი ლაბორატორიებისა და ცენტრების შექმნა და საქართველოში წამყვანი, დასავლური უნივერისტეტების შემოსვლა დაასახელა.

ზოგადი აქცენტები

ბახტაძე ჯანდაცვას, ეკოლოგიას, კულტურულ მემკვიდრეობას, ჯანსაღი ცხოვრების წესს და სხვა მიმართულებებსაც შეეხო.

მანვე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ეს ინიციატივა მოქალაქეთა მცირე ჯგუფსაც კი მისცემს შესაძლებლობას, მისი ხმა პარლამენტში ისმოდეს.

„2020 წლის არჩევნები უნდა იყოს პროგრამებისა და იდეების შეჯიბრი და არა შეჯიბრი ლანძღვასა და სიძულვილის ენაში. ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ხელს უწყობს პოლარიზაციას ქვეყანაში დაამკვიდრებს ნეგატიურ დღის წესრიგს, ძირს უთხრის ქართულ სახელმწიფოებრიობას, აფერხებს მის განვითარებას და მხოლოდ საქართველოს მტრების ინტერესებში შედის“, აცხადებს იგი.

ექს-პრემიერმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში ქვეყნის ინტერესების დაცვა მისთვის „დიდი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა“ იყო. „მე ვიყავი და ვიქნები „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი“, – აცხადებს იგი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button