ახალი ამბები

იაფი ავიაკომპანია Ryanair საქართველოში იფრენს

დაბალბიუჯეტიანი ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ი საქართველოდან ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ავიაკომპანია პირდაპირ რეისებს ქუთაისიდან და თბილისიდან 2019 წლის 6 ნოემბრიდან შეასრულებს. კერძოდ, პირველ ეტაპზე ავიაკომპანია ფრენებს თბილისიდან მილანის მიმართულებით (კვირაში 4-ჯერ), ქუთაისიდან კი – მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით (კვირაში 2-2ჯერ) იფრენს. 

ამასთან, Ryanair-ი ეტაპობრივად 9 ახალ მიმართულებასაც დაამატებს, მათ შორის იქნება კიოლნიც. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, კიოლნის მიმართულებით Ryanair-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კვირაში სამჯერ, 2020 წლის 6 აპრილიდან იფრენს.

ფრენების შესახებ ხელშეკრულებას დღეს ხელი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და Ryanair-ის კომერციულმა დირექტორმა დევიდ ო’ბრაიენმა თბილისში მოაწერეს.

ო’ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ინტენსიური მოლაპარაკებები შემდეგ, „გიგანტი“ კომპანია Ryanair-ი საქართველოში შემოდის.

„რაინეარი არის ყველაზე დაბალბიუჯეტიანი კომპანია ევროპაში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი. ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი ხედვისა, რომ სწორედ საქართველო უნდა გადავაქციოთ ჩვენი რეგიონისთვის ბიზნესის ცენტრად“, – თქვა პრემიერმა.

„მსურს, მადლობა გადავუხადო „რაინეარს“, მის ხელმძღვანელობას, ჩვენს გუნდს, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს. ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ მივაღწიეთ ამ მიზანს“, – დასძინა მანვე.

ასევე ნახეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button