skip to content
ახალი ამბები

აგვისტოს ომის შესახებ ოცნების განცხადებებს ოპოზიციისა და არასამთავრობოების კრიტიკა მოჰყვა

მმართველი პარტიის ლიდერებმა, ტრადიცია არც აგვისტოს ომის მე-11 წლისთავზე დაარღვიეს და 7 აგვისტოს სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელებულ განცხადებებში რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებზე პასუხისმგებლობა ყოფილ ხელისუფლებას და მაშინდელ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დააკისრეს.

მმართველი გუნდის ამ შეფასებებს ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მწვავე კრიტიკა მოჰყვა. Civil.ge ქართული ამ შეფასებებს გთავაზობთ.

მმართველი გუნდის განცხადებები

ქართული ოცნებიდან პირველი, ვინც აგვისტოს ომის შესახებ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი იყო. მან 2008 წლის ომში ყოფილი ხელისუფლების ბრალეულობა 9 პუნქტად გაწერა და მიღებულ შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა მაშინდელ ხელისუფლებასა და ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დააკისრა.

„სწორედ სააკაშვილის რეჟიმმა მოახდინა პარტნიორი ქვეყნების მიერ დამტკიცებული სამშვიდობო გეგმის განზრახ ჩაშლა. წაგებისთვის გასწირა, ჩვენი ქვეყანა და მეომრები, სასიკვდილო სამიზნედ გამოფინა გორის მოედანზე ჩვენი შვილები. ბრძოლის ველზე მიატოვა გმირულად დაღუპული ბიჭების ცხედრები. განზრახ გასწირა, საომარი მოქმედებების ზონიდან არ გამოიყვანა მშვიდობიანი მოსახლეობა. რუსეთისვე დაკვეთით დაბომბა წინასწარ მონიშნული, დაცლილი არეალი, თავადვე გადაიღო ეს „ოპერაცია“ და კადრები გაავრცელა მსოფლიო მასშტაბით“, – აცხადებს ვოლსკი.

ვოლსკის შემდეგ, Facebook-ზე განცხადება ქართული ოცნების პოლიტიკურმა მდივნმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა, რომელმაც ნაციონალური მოძრაობა და მიხეილ სააკაშვილი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის თააავტორებად განიხილა და აღნიშნა, რომ სწორედ მათმა „მოღალატეობრივმა და მავნებლურმა პოლიტიკამ გახადა შესაძლებელი რუსული ოკუპაცია“.

მანვე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილს სააკაშვილს „ბრძოლის ველიდან ფორთხვით გაქცეული მთავარსარდალი“ უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყოფილმა ხელისუფლებამ წაგებული ომი მოგებულად გამოაცხადა, „მაშინდელი ოპოზიციის ფაქტიურ კაპიტულაციას აგრესორის მიმართ საკუთარი კაპიტულაცია დააშენა და საკუთარ ღალატს და სიმხდალეს ტაბუ დაადო“.

„ვიდრე ეს მტრული და მოღალატეობრივი ძალა, სიმსივნური უჯრედივით არ ამოიკვეთება ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური სხეულიდან, დეოკუპაციის გზაზე წარმატებას ვერ მივაღწევთ, რადგან საგარეო ფრონტზე გამარჯვებას ჯერ შიდა მტრის საბოლოოდ დამარცხება სჭირდება!“, – წერს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ოცნების პოლიტიკური მდივანი.

შემდეგი, ვინც აგვისტოს ომში ნაციონალური მოძრაობის პასუხისმგებლობაზე ისაუბრა ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე იყო. მისი შეფასებთ, სააკაშვილის ხელისუფლება, რუსულ პროვოკაციას წამოეგო, რის შედეგადაც, „დაიკარგა ტერიტორიები, დაგვეღუპა ასეულობით ჩვენი თანამოქალაქე და რამდენიმე ათასი იქცა დევნილად“.

„ნაცვლად იმისა, რომ რუსული სამხედრო აგრესიის პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე, ბრძოლა საერთაშორისო ასპარეზზე გადასულიყო, მაშინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით საქართველო ჩაერთო რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებაში“, – წერს ის Facebook-ის საშუალებით ასევე 7 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ, დღის ბოლოს, აგვისტოს ომში ყოფილი ხელისუფლების პასუხისმგებლობას გაუსვა ხაზი ქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძემაც. ასევე Facbook-ით გავრცელებულ განცხადებაში მან განმარტება, რომ მაშინდელმა „უპასუხისმგებლო“ ხელისუფლებამ „თავისი ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით, საოკუპაციო გეგმის განხორციელება გახადა შესაძლებელი“.

შარშანდელისგან განსხვავებით, საკუთარ შეფასებებში წელს უკვე თავშეკავებული იყო საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, რომ საკითხზე მან საკუთარი პოზიცია გაპრეზიდენტებამდე დააფიქსირა და დღეს, პრეზიდენტის რანგში პოლიტიკურ შეფასებების კეთება, „თუნდაც წინა ხელისუფლებაზე“, მისი საქმე არ არის.

ოპოზიციის შეფასებები

მმართველი გუნდის განცხადებებს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. ოცნებას ასევე სოციალური ქსელის საშუალებით უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. მისი განმარტებით, ის, რაც 2008 წელს მოხერხდა, რომ გადარჩა საქართველო, 2012 წელს ვეღარ მოხერხდა და პუტინმა ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი მოიყვანა. „ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნა საქართველოში ეს არის პუტინის ომის გაგრძელება ქართველი ხალხის წინააღმდეგ“, – აცხადებს იგი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ, ოცნების ლიდერების განცხადებებს „სრული იდიოტიზმი“ უწოდა და განმარტა, რომ მსგავსი შეფასებების გამო, შესაძლოა, პასუხისმგებლობა ქართულ სახელმწიფოს დაეკისროს.

აგვისტოს ომის თაობაზე მმართველი გუნდის წევრთა მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა ევროპული საქართველო.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განმარტებით, ხელისუფლებამ ომის თარიღი გამოიყენა „არა ამ ხსოვნის პატივისცემისა და საერთო მტრის წინააღმდეგ ერთიანი გზავნილისთვის, არამედ ქვეყნის შიგნით, საკუთარი პოლიტიკური ოპონენტების ბინძური ცილისწამების უზნეო კამპანიისთვის“.

„მათთვის მთავარი სამიზნე არის მათი პოლიტიკური ოპონენტები ქვეყნის შიგნით და ამის გამო მზად არიან, რომ ქვეყნის მტერს ბოლომდე გაუმართონ ხელი იმ ნარატივში, რასაც პუტინის პროპაგანდა ამკვიდრებს, რომ საქართველო იყო თანამონაწილე თუ არა, მთავარი შემოქმედი იმ მოვლენების, რასაც ადგილი ჰქონდა 11 წლის წინ“, განაცხადა მანა და დასძინა: „ეს არის სამარცხვინო და უმძიმესი რეალობა საქართველოსთვის, რომ ჩვენ გვყავს ასეთი ხელისუფლება“.

აგვისტოს ომის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო მმართველი გუნდი არასაპარლამენტო ოპოზიციაშიც გააკრიტიკეს.

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი წევრის თამარ კორძაიას თქმით, „დღევანდელი ხელისუფლება ვერ ახერხებს, რომ ოკუპაციას დაარქვას საკუთარი სახელი“.

„ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება ზრუნავდეს ქვეყნის გაერთიანებაზე და მოქალაქეების გაერთიანებაზე, ის 2008 წლის ომთან დაკავშირებით ქვეყნის შიგნით ეძებს მტერს. ამაზე მეტი უგუნურება შეიძლება, არ არსებობდეს,“ – განაცხადა კორძაიამ. მისივე თქმით, „მიუხედავად საკუთარი პოლიტიკური გემოვნებისა, გვყავს ერთი მტერი და ეს მტერი არის რუსეთი და მისი პრეზიდენტი პუტინი“.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა კი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს „რუსეთის საგარეო დაზვერვის ოფიცერი“ უწოდა და განმარტა, რომ იგი „წერს იმას, რასაც ავალებს ხელმძღვანელობა მოსკოვიდან“. „მე შემიძლია ეს შევაფასო, როგორც კრემლის პოზიციის გამაგრება და თანადგომა“, – განაცხადა მან.

არასამთავრობო ორგანიზაციების გამოხმაურება

მმართველი გუნდის განცხადებებს სამოქალაქო სექტორის გამოხმაურებაც მოჰყვა. 11-მა არასამათავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის, „ღია საზოგადოების ფონდმა“, „საქართველოს ატლანტიკურმა საბჭომ“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 8 აგვისტოს ერთობლივი განცხადება გაავრცელა, სადაც ხაზგასმულია, რომ იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ფედერაცია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის აგრძელებს, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები სახელმწიფო ინტერესებზე წინ ვიწროპარტიულ ინტერესებს აყენებენ და ისეთი განცხადებების გაკეთებას აგრძელებენ, რომლითაც ომის დაწყებაში საქართველოს წინა ხელისუფლებას ადანაშაულებენ.

„ამ გზით ისინი იზიარებენ ოკუპანტი სახელმწიფოს პრეზიდენტის პუტინის პოზიციებს და ემსახურებიან რუსული დეზინფორმაციის გავრცელებას“, – აცხადებენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

ისინი ტალიავინის დასკვნასაც იშველიებენ, სადაც მათივე განმარტებით, ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ სამხედრო ოპერაციის ოფიციალურად დაწყებამდე, ცხინვალის რეგიონში უკვე შემოსულები იყვნენ „რუსული არმიის შენაერთები, რომლებიც არ სარგებლობდნენ სამშვიდობო ძალების მანდატით“.

ამასთან არასამთავრობოები რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის განცხადებაზეც მიუთითებენ, სადაც იგი განმარტავს, რომ „საქართველოს წინააღმდეგ ომის გეგმა რუსეთის გენერალურმა შტაბმა 2006 წელს შეიმუშავა“.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გმობენ და მმართველ გუნდს მოუწოდებენ „თავი შეიკავონ ისეთი პოზიციის დაფიქსირებისგან, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთის ინტერესებს ემსახურება“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button