Placeholder canvas
ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებენ

სტრასტბურგის სასამართლოს მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე გუშინ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რასაც გუშინვე ტელეკომპანიის მესაკუთრეთა და ხელმძღვანელობის ცვლილება მოჰყვა, საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები ეხმაურებიან.

„ეს არის სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და თითოეულმა ჩვენთაგანმა მას პატივი უნდა ვცეთ“, – განუცხადა დღეს ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

მანვე „რუსთავი 2“-ის საქმეზე ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა და აღნიშნა, რომ „ჩვენ გვაქვს საქმე ფსევდოდემოკრატიულ ძალებთან, რომლებიც წლების განმავლობაში ამტკიცებენ, რომ მათი მთავარი მიზანი არის საქართველოს ევროპული გზა“. „კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, რომ ეს არის ფარსი“, – დასძინა, მან. „ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ, როგორ ცდილობს ნაციონალური მოძრაობა, ჩირქი მოსცხოს იმ მთავარ ფასეულობებს და პრინციპებს, რომლებსაც ეფუძნება ევროპული დემოკრატია“, – განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა კომენტარი „რუსთავი 2“-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის საკითხზეც გააკეთა და განმარტა, რომ ამ მხრივ არხს არაფერი ემუქრება. „[ამის] გარანტია [არის] ის, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა ძალიან დიდი მიღწევა: ჩვენ გვაქვს მედიაპლურალიზმი“. ბახტაძემ ხაზი გაუსვა, რომ „ამ საქმეს მედიაპლურალიზმთან და მის შესაძლო ზიანთან არანაირი კავშირი არ აქვს“.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა და მას „უპრეცედენტო“ უწოდა.

18 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში, სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ, ამ გადაწყვეტილებით, ევროპამ „საქართველოს სასამართლოს მიუკერძოებლობა და მისი გადაწყვეტილებების სამართლიანობა“ აღიარა და „ნდობა გამოუცხადა ჩვენი მართლმსაჯულების სისტემას“. „ეს ნდობა ძლიერ საფუძველს უქმნის სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის წამოწყებას და შესაბამისად, ჩვენი დემოკრატიის გაძლიერებას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტი გამოთქვამს რწმენას, რომ „საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც ერთერთ მთავარ დემოკრატიულ პრინციპს, საფრთხე არ დაემუქრება“.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შვიდი მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ 18 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საკუთრების საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომელშიც „დაუშვებლად ცნო“ „რუსთავი 2“-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა.

„რუსთავი 2“-ის საქმის შესახებ დაწვრილებით წაიკითხეთ აქ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button