Placeholder canvas
ევროპამათი თვალით

როგორ დავძლიოთ საინფორმაციო ველის პოლარიზაცია?

პიტერ პომერანცევი

პიტერ პომერანცევი

პიტერ პომერანცევი ლონდონის ეკონომიკის სკოლის (London School of Economics) პროგრამის “არენა” დირექტორია. მის კალამს ეკუთვნის “არაფერია მართალი და ყველაფერია შესაძლებელი: ახალი რუსეთის სურეალისტური სულისკვეთება”, რომელმაც ლიტერატურის სამეფო პრემია დაიმსახურა.

მთელს მსოფლიოში – ამერიკასა თუ ბრიტანეთში, ევროპასა თუ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ლათინურ ამერიკაში – პოლიტიკოსები და მედია ჩართული არიან შუღლის, დაპირისპირებისა და დეზინფორმაციის ფერხულში.

ამით ახალი ჯურის პოლიტიკოსები სარგებლობენ, რომელთაც ხშირად “პოპულისტებს” ვუწოდებთ. ამ ადამიანებს პოლიტიკური მრწამსი კი არ აერთიანებს, არამედ უნარი, მიიჯაჭვონ საზოგადოების ყურადღება. ისინი სპეციალურად აკეთებენ გამაღიზიანებელ და აღმაშფოთებელ განცხადებებს ყურადღების მისაპყრობად, რითაც ამომრჩევლებს “ჩვენიანებსა” და “მტრებს” შორის უსარგებლო და მავნე დაპირისპირებისკენ ექაჩებიან. ამგვარ პოლიტიკოსებს თავიანთი მოსაზრებების გავრცელებაში სოციალური მედიის ესკადრონები და დაბალი სარედაქციო სტანდარტების მქონე, უაღრესად პოლარიზებული მას მედია ეხმარება.

ძველი, მაღალი ხარისხის მედია ხაფანგშია მოხვედრილი: თუ ამგვარ პოლიტიკოსებს ტრიბუნას არ დაუთმობ, მიკერძოებასა და ცენზურას დაგაბრალებენ. მათ განცხადებებს შეედავები და – იგივე პოლიტიკოსები “ყალბ ამბებს” დაგიძახებენ. შედეგად, ე.წ. “ხარისხიანი” მედიაც იწყებს ამგვარი პოლიტიკოსების შესახებ წერას, რითაც სწორედ მათ დღის წესრიგსა და პოლიტიკურ ენას უწევს პოპულარიზაციას.

წესიერი მედიის ამგვარ ქცევას ფინანსური მოტივაციის დღეს არსებული სტრუქტურა განაპირობებს. ტრადიციული, განსაკუთრებით კი ბეჭდვითი მედია სულს ღაფავს და სულ უფროა დამოკიდებული ინტერნეტ-რეკლამაზე, რომელიც – თავის მხრივ – “დაწკაპუნებად” სტატიებს მოითხოვს – სკანდალებს, პიროვნებებზე ფოკუსირებულ, შუღლის გამაღვივებელ სტატიებს, სწორედ ისეთებს, რომლების წარმოებაც პოპულისტ პოლიტიკოსებს ეხერხებათ.

რეკლამის ტექნოლოგიური ბაზარი, რომელიც ამ მოთხოვნას განსაზღვრავს თითქმის სრულიად გაუმჭვირვალეა. ის ერთმანეთისაგან არ ანსხვავებს პუბლიკაციებს, რომლებიც საზოგადო სიკეთეს ემსახურება, მაღალი სარედაქციო სტანდარტებით ხასიათდება და უხარისხო, შუღლის გამაღვივებელ და მატყუარა ვებ-გვერდებს თუ მედიას. ამ სარეკლამო ბაზარს ალგორითმები უდევს საფუძვლად, რომლებიც ამუშავებს ინტერნეტსა და სოციალურ მედიას და რომელიც გადახრილია ძლიერი ემოციების გამომწვევი, დაყოფისა და შუღლის მთესველი მასალების მიმართ. ასეთი მასალები, რომლებიც განამტკიცებს და კვერს უკრავს ადამიანების უკვე არსებულ ცრურწმენებს უფრო მეტ “მოწონებებსა” და “გაზიარებებს” აგროვებს სოციალურ მედიაში, ვიდრე ხარისხიანი სტატია.

ინტერნეტის ამგვარი “გადახრილი” არქიტექტურა ქმნის გარემოს, რომელშიც ახალი ამბების მწარმოებლების, პოლიტიკოსების თუ უბრალო მომხმარებლებისათვის მომგებიანია სულ უფრო და უფრო ექსტრემისტული პოზიციების დაკავება – სხვა სიტყვებით, სოციალური მედიის ალგორითმები პოპულისტ პოლიტიკოსებს უმაგრებს ზურგს. პოპულისტი პოლიტიკოსები კი ქმნიან “ამბებს”, რომლის შესახებ საუბარი მეინსტრიმულ, “წესიერ” მედიას უწევს… შედეგად კი მანკიერ წრეში ამოვყოფთ თავს.

სწორედ ამგვარი მანკიერი წრე ამუშავდა იტალიაში, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრი, მატეო სალვინი (Matteo Salvini) დღეს საინფორმაციო ველს განაგებს. სალვინის ძირითადი თემა ლტოლვილებისა და იმიგრანტების წინააღმდეგ ბრძოლაა და ის ამ თემას მიყვება იმისდა მიუხედავად, თუ რა ხდება რეალურ სამყაროში. ჩვენმა კვლევამ – რომელიც ლონდონის ეკონომიკის სკოლის, ვენეციის უნივერსიტეტის და გაზეთ კორიერე დელა სერას (Corriere della Sera) თანამშრომლობით ჩატარდა – ნათლად აჩვენა, რომ 2018 წელს ლტოლვილების რაოდენობის 80%-იანი კლების მიუხედავად, მათ შესახებ სტატიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც სალვინი 2018 წლის ივნისში მინისტრი გახდა. პირადად სალვინი აგებს პასუხს ამ მოულოდნელ ზრდაზე – თავისი შუღლის გამაღვივებელი განცხადებებითა და მის მიერ ხელოვნურად შექმნილი კრიზისების წყალობით.

მაგალითისთვის, 2018 წლის აგვისტოში, სალვინიმ ლტოლვილებით სავსე გემს “დიჩიოტი” ( Dicciotti ) იტალიის პორტებში შესვლა აუკრძალა. სასამართლომ სალვინის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, ხოლო სალვინიმ ფეისბუკს მიაშურა თავისი სიმართლის დასამტკიცებლად. მისმა ფეისბუკ პოსტმა მილიონობით ნახვა მიიღო. როცა კორიერე დელა საერამ ამ პოსტის შესახებ დაწერა, ეს პუბლიკაცია სწრაფად იქცა გაზეთის ყველაზე წაკითხვად სტატიად გაზეთის სოციალური მედიის გვერდზე. ამისდა მიუხედავად, იტალიური ტვიტერის კვლევამ გვაჩვენა, რომ სალვინის მომხრე გვერდები მაინც სდებდნენ ბრალს “მეინსტრიმ” მედიას სალვინის წინააღმდეგ ბრძოლაში და ხელს უწყობდნენ მედია გარემოს ორ პოლარიზებულ ბლოკად დაყოფას – არა “მემარჯვენეებად” და “მემარცხენეებად”, არამედ “მეინსტრიმ” და “ალტერნატიულ” წყაროებად.

ამავე კვლევის ფარგლებში, ჩვენ შევეცადეთ გვენახა, იყო თუ არა შესაძლებელი მიგრაციის შესახებ მედიაში წერა ისე, რომ სკანდალებისა და პოლარიზაციის მანკიერ წრეში არ აღმოვჩენილიყავით. ერთი წლის განმავლობაში კორიერე დელა სერა სხვადასხვა ტიპის პუბლიკაციებს ამზადებდა მიგრაციის შესახებ – ვიდეო, მულტიმედია, ტექსტური პუბლიკაციებისა თუ ინფოგრაფიკების სახით – და სხვადასხვა ჟურნალისტური მეთოდის გამოყენებით (ფაქტების გადამოწმება, ადამიანების შესახებ ისტორიები, ახალი ამბები). ამგვარად ასზე მეტი პუბლიკაცია შეიქმნა, მათზე ფეისბუკზე რეაგირების ფორმები და ოდენობა კი პროექტში ჩართულმა ორმა კვლევითმა ინსტიტუტმა გააანალიზა.

კვლევაში შევეცადეთ “მოწონებებისა” და “გაზიარებების” დათვლაზე შორს წავსულიყავით და ყურადღება მიგვექცია ისეთი ტიპის ჩართულობისათვის, რომელიც “საზოგადოებრივად სასარგებლო” იყო – ანუ ხელს უწყობდა ჭკუადამჯდარ დისკუსიას, ამყარებდა აკურატული ინფორმაციისადმი ნდობას. აღმოვაჩინეთ, რომ სტატისტიკურ ანალიზზე და ფაქტების გადამოწმებაზე დამყარებული სტატიები ხელს უწყობდა გაზეთისადმი კრიტიკის გამწვავებას. ამის საპირისპიროდ, “ძველებური” ობიექტური სტატიები პირიქით, ნდობის გაღრმავებას ემსახურებოდა.

ასევე ვნახეთ, რომ “კონსტრუქციული ამბები” – ანუ ისეთი სტატიები, რომლებიც პრობლემების პრაქტიკული გადაწყვეტის გზებზე მიუთითებდა, დებატებს წარმოშობდა და კრიტიკასაც იწვევდა, თუმცა უფრო ცივილიზებული დიალოგის საფუძველს ქმნიდა, ვიდრე კრიტიკული სარედაქციო სტატიები. ასევე აღმოვაჩინეთ, რომ ვიდეო და მულტიმედიას ხალხი უფრო ენდობა, ვიდრე ინფოგრაფიკასა და ტექსტს – რაც არ უნდა ყოფილიყო გასაკვირი, რადგან ცნობილია, რომ ადამიანები ვიზუალურ ინფორმაციას სტატისტიკაზე უკეთ აღვიქვამთ. უფრო გასაკვირი ის იყო, რომ “ადამიანური ისტორიები” – ანუ სტატიები, რომლებიც კონკრეტული ადამიანების ბედზე მოგვითხრობს – მეთოდი, რომელსაც რედაქტორები ხშირად მიმართავენ რთული პრობლემისათვის ადამიანური, ადვილად აღსაქმელი სახის მისანიჭებლად – ბევრად უფრო მწვავე კრიტიკას იწვევდა და მკითხველების ყველაზე დაბალი ნდობით სარგებლობდა. ამის მიზეზი ალბათ ისაა (აქ მხოლოდ ჩვენს წარმოსახვას ვეყრდნობით), რომ მკითხველები თვლიდნენ, რომ მედია მათ ემოციებზე თამაშს ცდილობდა.

ჩვენი კვლევა ამ თემაზე საბოლოო სიტყვა ბუნებრივია არაა. ჩვენი კვლევის არეალი საკმაოდ შეზღუდული იყო. ჩვენი ამოცანა დისკუსიის წახლისებაა ისეთ სარედაქციო ჩარჩოზე, რომელიც პოლარიზაციის მანკიერ ციკლს აგვაშორებს თავიდან და ე.წ. “პოპულისტი” პოლიტიკოსების თამაშებში ჩართვისაგან დაიცავს მედიას.

გვინდოდა გვენახა, შესაძლებელია თუ არა ისეთი პუბლიკაციების შექმნა, რომლებიც პოპულარულია, მაგრამ ამავე დროს ფაქტობრივად ზუსტია და ხელს უწყობს კონსტრუქციულ, ჭკუადამჯდარ დისკუსიასა და ჩართულობას სოციალურ მედიაში. ამის გაკეთება ისედაც საკმაოდ რთულია, დღეს კი, როდესაც იმ მანკიერ წრეში ამოვყავით თავი, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, თითქმის შეუძლებელია. გამოცემას, რომელიც სარეკლამო ბაზრისათვის იბრძვის ინტერნეტის დღევანდელი არქიტექტურის პირობებში, ძალიან გაუჭირდება საზოგადოების სიკეთისათვის გამიზნული შინაარსით გაიტანოს თავი, მითუმეტეს იტალიაში, სადაც ინტერნეტიდან სტატიების ფასიანი გამოწერის სისტემამ ფეხი ვერ მოიკიდა. პოპულისტური და შუღლის გამაღვივებელი ძალებისაგან მედია სივრცის მანიპულირებას რომ ავარიდოთ თავი, საჭიროა ნეგატიური ამბების წამახალისებელი მთელი სისტემა მოიშალოს.

როგორ შეიძლება ამის გაკეთება? პირველ რიგში, საზოგადოებას მედი ინფორმაცია და ზედამხედველობა უნდა ჰქონდეს იმ ალგორითმების შესახებ, რომელიც დღეს სოციალურ მედიაში ექსტრემიზმის წახალისებას ემსახურება. ამგვარი რეგულაციები უკვე მზადდება ევროპაში და მათ შემოსაღებად საზოგადოებრივი ზეწოლა იზრდება აშშ-იც. მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი რეგულაციები ცენზურას და “გათიშვებს” კი არ უწყობდნენ ხელს, არამედ გადამოწმებული ინფორმაციის, მაღალი სარედაქციო სტანდარტების დამყარებას ახალისებდნენ, რითაც მკითხველები ინტერნეტში ბევრად უფრო დაბალანსებულ საინფორმაციო ველს მიიღებენ, ვიდრე საკუთარი ცრურწმენების თუ მოსაზრებების წახალისებას, როგორც ეს დღეს ხდება.

პოლარიზაციის მანკიერი წრის გარღვევა სარეკლამო ტექნოლოგიების რეფორმასაც გულისხმობს. დეზინფორმაცის გლობალური ინდექსის, კვლევითი ორგანიზაციის, მიერ გამოქვეყნებული ანალიზის თანახმად ამისათვის საჭიროა ავტომატიზებული სისტემების ამუშავება, რომლებიც გამოიცნობს გაუმჭვირვალედ შექმნილი საინფორმაციო შინაარსის ნიშნებს, ისევე როგორც საინფორმაციო გვერდების სარედაქციო სტანდარტების ხარისხობრივი შეფასება იმის დასადგენად, მისდევს თუ არა ესა თუ ის პუბლიკაცია სიზუსტის, გამჭვირვალობის, გაპარული შეცდომების შესწორების და საიმედოობის სტანდარტებს.

ბუნებრივია, “ხარისხიანი” ახალი ამბების განსაზღვრა რთული საქმეა, რადგან გადაწყვეტილება ღიად უნდა მიიღებოდეს ისეთი ორგანიზაციების მიერ, რომლებიც ამისაგან ფინანსურ შემოსავალს არ იღებენ. თავის მხრივ, ასეთმა ორგანიზაციებმა უნდა მოახდინონ ზეწოლა კომპანიებსა და სარეკლამო სააგენტოებზე, რომ “ნაგვიან” საინფორმაცი წყაროებს ჩამოაშორონ რეკლამა და შექმნან ფინანსური დაინტერესება საზოგადოებრივი ინტერესების სასარგებლოდ გამიზნული საინფორმაციო შინაარსის, განსჯაზე დამყარებული დემოკრატიული დებატების წამახალისებელი საინფორმაციო ველის შესაქმნელად.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ვინ უნდა შექმნას ეს საინფორმაციო მასალა? ბევრი ჟურნალისტი ამბობს – და ალბათ გამართლებულადაც – რომ მათი მისია პოლიტიკოსებისათვის პასუხის მოთხოვნა, მათი ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფაა. საზოგადოებრივ მაუწყებლებს პრინციპში გაწონასწორებული დისკუსიის წახალისების მისია პირდაპირ აკისრიათ, მაგრამ ბი-ბი-სის (BBC) გამოკლებით, თითქმის ვერც ერთი საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ თამაშობს სერიოზულ როლს მედია ბაზარზე. ხშირად ეს მაუწყებლები – როგორც ეს უნგრეთსა და პოლონეთში მოხდა – მმართველი რეჟიმის კონტროლს ქვეშ იოლად გადადის.

ალბათ მოვიდა ახალი ტიპის აქტორების დრო: ორგანიზაციებისა, რომლებიც ჟურნალისტურ პროდუქტს ქმნის, მაგრამ ამავე დროს მუდმივად აანალიზებს და ეკონტაქტება აუდიტორიას, 21-ე საუკუნისათვის შესაფერისი საზოგადოებრივად სასარგებლო ინფორმაციის სფეროს შესაქმნელად რაც, თავის მხრივ ახალი ტიპის პოლიტიკას წაახალისებს, რომელიც ფოკუსირებული აღარ იქნება პოპულისტ პოლიტიკოსებზე, დეზინფორმაციასა და შუღლის თესვაზე.

Via
The American Interest
პირველწყარო
Breaking the Polarization Spiral

მსგავსი/Related

Back to top button