skip to content
ევროპამათი თვალითპარტნიორებისგან

როგორ დავიცვათ ჟურნალისტები “გათელილი უფლებების” ეპოქაში?

პიტერ პომერანცევის ეს სტატია ქოდა სტორიში (Coda Story) 28 ნოემბერს გამოქვეყნდა.

როცა საქმეები უიმედოდ იყო, ჩემი მშობლები პეტიციებზე აწერდნენ ხელს . ეს ხელმოწერები მათ შეიძლებოდა უსაფრთხოების და თავისუფლების ფასადაც კი დაჯდომოდათ. ამის მიუხედავად, ჩემი მშობლები თვლიდნენ, რომ ხელის მოუწერლობით იმ ამორალურ სისტემას დაუჭერდნენ მხარს, რომელიც ადამიანებს საკუთარი აზრების გამოთქმისათვის ციხეში ამწყვდევდა.

ეს საბჭოთა კავშირში ხდებოდა, 1970იანი წელების მიწურილს, ცივი ომის სუსხიან წლებში. დასავლეთის ლიდერებისადმი გაგზავნილი საჯარო პეტიციები იმედგადაწურული ადამიანებისათვის წინაამდეგობის უკანასკნელი ზომა იყო: ეგებ ისეთი ხმაური ავტეხოთ გავლენიან ადამიანებს შორის, რომ პოლიტიკური ტუსაღი გავათავისუფლოთ; ეგებ დასავლეთის საზოგადოება იმდენად აღშფოთდეს, რომ საბჭოთა ლიდერები შეარცხვინონ და განაჩენი შეარბილებინონ.

გავიდა ორმოცი წელი და როცა ახლა უკვე მე დავჯექი მსგავსი წერილის დასაწერად, უეცრად დავიბენი. ჩემი მშობლებისაგან განსხვავებით,  წერილის დაწერისათვის არანაირი საფრთხე არ დამემუქრება, მაგრამ არც ის ვიცი, თუ ვის მივმართო – ანდა როგორ?

ვის უნდა მივწერო ეს წერილი? ვინაა ის “გავლენიანი ხალხი”, რომელიც დისიდენტს გვერდში დაუდგება, დაეხმარება? აქვს კი ჯერაც აზრი იმ უფლებებს, რომლების დასაცავადაც მე-20-ე საუკუნეში ასეთი თავდადებით ვიბრძოდით? რა უნდა შეცვალოს ერთმა წერილმა?

ჩემი წერილი ჟურნალისტ მარია რესსას (Maria Ressa) და მისი ახალი ამბების გვერდის “რაპლერის” (Rappler) დასაცავად იწერებოდა. გამოცემა 2011 წელს გაიხსნა და ფილიპინებზე მილიონობით ადამიანის ნდობა მოიპოვა. რაპლერს დღეს მთავრობა უტევს, რადგან გამოცემამ პრეზიდენტ როდრიგო დუტერტეს (Rodrigo Duterte) მთავრობის მიერ ჩადენილი უკანონო მკვლელობები გამოიძია.

სადამსჯელო ოპერაცია კარგად მიდის: მარიას გადასახადების გადაუხდელობის გამოგონილი ბრალდება წაუყენეს და ახლა ციხე ემუქრება. რაპლერი შეიძლება საერთოდ გაქრეს. მსგავსი სურათია მთელ მსოფლიოში: რეჟიმი ირჩევს მსხვერპლს, სამაგალითოდ სჯის მას და ამით მთელ ჟურნალისტიკას ანადგურებს.

როცა მარიას მხარდასაჭერი წერილისათვის შთაგონებას ვეძებდი, საბჭოთა დისიდენტის მიერ დაწერილი ყველაზე ცნობილი წერილი ამოვქექე: ანდრეი სახაროვის ავტორობით, რომელიც 1977 წელს ნიუ იორკ ტაიმსში გამოქვეყნდა. სახაროვმა პირდაპირ აშშ-ს მაშინდელ პრეზიდენტს, ჯიმი კარტერს მიმართა:

“პატივცემულო ბატონო კარტერ, ძალზედ მნიშვნელოვანია დავიცვათ ისინი, ვინც გახსნილობისთვის, სამართლიანობისთვის, გათელილი უფლებების აღდენისათვის არაძალადობრივად იბრძვიან… ჩვენი და თქვენი მოვალეობაა ვიბრძოლოთ მათთვის. ჩემი აზრით, ამ ბრძოლაზე ბევრი რამაა დამოკიდებული: ადამიანებს შორის ნდობა, მაღალი ტრიბუნიდან გაკეთებული დაპირებების რწმენა და უმაღლესი შედეგიც – საერთაშორისო უსაფრთხოება.”

ეს უმიზნო მიმართვა როდი იყო. წერილი ბელგრადში დაგეგმილი აშშ-სსრკ სამიტის წინ დაიწერა, რომლის მიზანიც წინა წელს, ჰელსინკიში, საბჭოეთის მიერ ადამიანის უფლებების მხრივ აღებული ვალდებულებების შესრულების შეფასება იყო. ამერიკის ლიდერები ზოგჯერ უმაღლეს დონეზეც აჟღერებდნენ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ გამოწვევებს, სხვა თუ არაფერი, სსრკ-ს სისტემასთან შედარებით აშშ სისტემის უპირატესობის დასასაბუთებლად. ხდებოდა ისეც, რომ უმაღლეს დონეზე შეთანხმებული გარიგებების შედეგად, სსრკ-ში კონკრეტულ პოლიტიკურ პატიმრებს ათავისუფლებდნენ.

1970-იან წლებში სულ უფრო მეტ დისიდენტს მისცეს საშუალება, დაეტოვებინათ სსრკ. აშშ-მ საბჭოთა კავშირთან სავაჭრო ხელშეკრულებები დადო, რომელთა ნაწილიც სწორედ ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუმჯობესება იყო.

რა ხდება დღეს? დონალდ ტრამპმა მხრების აჩეჩვით გაატარა საუდელი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის (Jamal Khashoggi) ცინიკური მკვლელობა სტამბოლში, მისივე სამშობლოს საკონსულოში.

აშშ პრეზიდენტი არათუ “გათელილი უფლებების” დასაცავად ბრძოლის მნიშვნელობას ვერ ხედავს,  არამედ თავად ქმნის ისეთ პოლიტიკურ კლიმატს, რომელშიც ჟურნალისტებზე შეტევა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

გასულ წელს, ფრიდომ ჰაუსმა (Freedom House) – ორგანიზაციამ, რომელიც თავდაპირველად სწორედ აშშ-ს მიერ შეიქმნა არათავისუფალ საზოგადოებებში დემოკრატიის წასახალისებლად – აშშ-ს რეიტინგი გამოხატვის თავისუფლების მხრივ მკვეთრად გააუარესა და აღნიშნა, რომ “ყალბმა ამბებმა და ჟურნალისტების წინააღმდეგ აგრესიულმა ტროლინგმა… გამოიწვია აშშ-ს რეიტინგის შემცირება, მიუხედავად სხვამხრივ თავისუფალი გარემოს არსებობისა.”

რაც უფრო დაემსგავსება აშშ-ს მთავრობა იმათ, ვისაც ადრე ჭკუას ასწავლიდა, მით უფრო თამამად გააგრძელებენ მოძალადე მთავრობები თავიანთი შავი საქმეების კეთებას. ეს განსაკუთრებით ფილიპინებს ეხება, ქვეყანას, სადაც აშშ-ს დიდი გავლენა აქვს.

სახაროვი თვლიდა, რომ უფლებებისა და თავისუფლებებისათვის “ბრძოლა” უფრო ფართო მიზანთან – საერთაშორისო უსაფრთხოებასთან იყო განუყოფლად გადაჯაჭვული.

დღეს, მთელს მსოფლიოში ჩნდება პოლიტიკური “შავი ხვრელები”, სადაც არანაირ ღირებულებას აღარა აქვს აზრი, სადაც ძლიერნი ამა ქვეყნისანი მხოლოდ იმ წესებს იცავენ, რომელიც მათ აწყობთ, სადაც ძალა გაძლევთ საშუალებას, ის დააკანონოთ, რასაც მოისურვებთ.

“დონეცკის სახალხო რესპუბლიკა”, აისისის ხალიფატი, ალეპოსა და იემენში სამოქალაქო მოსახლეობის დაბომბვა და როჰინგია მუსლიმების დევნა მიანმარში – სწორედ ასეთი შავი ხვრელებია, სივრცეები, სადაც რეჟიმები ბოროტი სიხარულით უარყოფენ საკაცობრიო იდეალების არსებობის თავად შესაძლებლობასაც კი.

სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში ხაშოგის მკვლელობა უკვე იმას ნიშნავს, რომ ერთი ასეთი შავი ხვრელი დიპლომატიური მისიის გულშიც ამოიზარდა.

ადამიანის უფლებები და ჰუმანიტარული სამართალი ადრეც გათელილა, მაგრამ დღეს აღარავის აღელვებს, რომ ამ დარღვევებში გამოიჭერენ, რადგან თითქოს თავად ამ უფლებების არსებობაც კი ეჭვქვეშაა. 1977 წელს საბჭოთა კავშირმა ფორმალურად მაინც აღიარა ადამიანის უფლებების არსებობა და მათი დარღვევისათვის იტუქსებოდა კიდეც. “დაიცავით თქვენი საკუთარი კანონები!” ეს მოწოდება ხშირად გაისმოდა დისიდენტური მოძრაობის მხრიდან. დღეს კი პოლიტიკური თამაშის მთელი მარილი სწორედ კანონების დარღვევაშია.

ერთია ვიცოდეთ, თუ ვის მივწეროთ წერილი, მაგრამ მეორე კითხვაა – კერძოდ რას ვიცავთ? სახაროვის წერილში იგრძნობა, რომ ის უფლებები და თავისუფლებები, რომლებსაც ის მოიხსენიებს, ყველასთვის თავისთავად ცხადია. მაგალითად, წერილის ერთ პასაჟში სახაროვი იწყებს ჩამოთვლას: “რწმენის და ინფორმაციის თავისუფლება, სინდისის თავისუფლება, საცხოვრებელი ქვეყნის არჩევის თავისუფლება” და შემდეგ ამატებს – “და ასე შემდეგ” – ანუ გულისხმობს, რომ მკითხველი ხვდება, თუ რაზეა საუბარი.

დღეს ამ “უფლებების” დასახელება უფრო რთულია. მაგალითად, რაპლერს ჯერ ონლაინ ბრბო დაესხა თავს, მიკერძოებაში და ფარული ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა. შემდეგ, ჟურნალისტებს უცნობები დაემუქრნენ გაუპატიურებითა და მკვლელობით. ბოლოს კი გაისმა მოწოდებები რედაქტორის დაპატიმრებისაკენ. შეტევის ერთ ეპიზოდში, რაპლერი საათში 90 ნეგატიურ მესიჯს იღებდა ინტერნეტით. შეტევების დრო და სტრუქტურა იძლევა საშუალებას დავასკვნათ, რომ ისინი სპონტანური კი არა, ორგანიზებული იყო და სოციალურ მედიაში კოორდინირებული, ყალბი ანგარიშების მეშვეობით განხორციელდა.

დღეს ამ ბინძური წესებით მთელ მსოფლიოში თამაშობენ: ონლაინ ბრბო ჯერ ჟურნალისტების რეპუტაციას უტევს და ცდილობს, მათ წინააღმდეგ ხალხი აამხედროს. ამით გზას უკვალავენ დაპატიმრებას. მიზნები ძველია – კრიტიკოსების დაშინება და გაჩუმება, მაგრამ მეთოდები – ახალია. ონლაინ ბრბო საშუალებას აძლევს მთავრობას, უარყოს თავისი მონაწილეობა შეტევაში. თუ ძველ დროში, კაგებე დაგადგებოდა თავს, დღეს – ტვიტერის ყალბი ანგარიშები მოგძებნიან.

ვინ აგებს ამაზე პასუხს? თუკი ძველად ავტორიტარული რეჟიმები ახორციელებდნენ სიტყვის თავისუფლებისათვის მებრძოლი დისიდენტების ცენზურას, დღეს ონლაინ ბრბო გვეუბნება, რომ სწორედ ისინი სარგებლობენ სიტყვის თავისუფლებით. “დემოკრატები ყოველთვის ცენზურისაგან თავისუფლებისათვის იბრძოდით – ჰოდა, მიიღეთ!” გვეუბნებიან ისინი.

“იცით კი სიმართლე საბჭოთა კავშირში რელიგიების მდგომარეობის შესახებ?” ეკითხება სახაროვი თავისი წერილის ადრესატს. ეს ფრაზა – “იცით კი სიმართლე?” – ნიშანდობლივია: მეოცე საუკუნეში ჯერ კიდევ სჯეროდათ, რომ თუკი ფაქტები დღის სინათლეზე გამოვიდოდა, ამას რაღაც შედეგი მოყვებოდა. დღეს კი ყველაზე დამთრგუნველი ისაა, რომ საკმარისზე მეტი ფაქტი გვაქვს ხელთ ჰუმანიტარული ნორმების დარღვევისა თუ სრული უგულვებელყოფის შესახებ. ყველგან – სირიიდან იემენამდე. ჩვენ შეგვიძლია თითქმის პირდაპირ ეთერში მივადევნოთ თვალი როჰინგია მუსლიმების ეთნიკურ წმენდას მიანმარში.

ყოველივე ამას არათუ პასუხი არ გაეცემა, აღშფოთებაც კი აღარ გაისმის. ჰოდა, თუკი სიმართლის გაგება აღრაფერს ცვლის, აქვს კი აზრი ნიუ იორკ ტაიმსისთვის წერილების წერას?

აქვს. ძალაუფლებისა და მოვლენათა მნიშვნელობის ძველი არქიტექტურა დაინგრა, მაგრამ, ამავე დროს, შეიქმნა წერილისათვის მნიშვნელობის მინიჭების ახალი გზებიც.

უპირველესად: ძალაუფლების ახალი ცენტრები გაჩნდა. მარია რესსას შემთხვევაში, ეს სოციალური მედიისა და ტექნოლოგიის გიგანტებია, რომელთა პლატფორმებიდანაც ხორციელდება ზიზღის კოორდინირებული კამპანიები. ფეისბუკის, ტვიტერის და გუგლის მომხმარებლებს აქვთ უსაფრთხოების უფლება. ამ პლატფორმების ვალია, დაიცვან მომხმარებლები შევიწროების, ძალადობით მუქარის და დისკრედიტაციის კოორდინირებული კამპანიებისაგან, რომელებიც მათ ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს.

სახელმწიფოს მხრიდან წარმართულ ტროლინგს თავისი სახელი უნდა დაერქვას: ეს ადამიანის უფლებების დარღვევის ახალი ფორმაა.  კამილ ფრანსუამ (Camille Francois) კვლევის შედეგად დაასკვნა, რომ სახელმწიფოს მიერ კოორდინირებული ტროლინგი არის შეტევა გამოხატვის თავისუფლებაზე, რომელიც მიზნად ისახავს ოპონენტის გაჩუმებას შევიწროების, ძალადობის, ზიზღის ენისა და მიზანმიმართული დეზინფორმაციის გამოყენებით. ესაა ზედმეტი ხმაურით შექმნილი ცენზურა.

ფილოსოფოსი ტიმ ვუ (Tim Wu) წერს: “ჩვენ ვაკვირდებით სახელმწიფოების ტაქტიკის ცვლილებას, გადასვლას ინფორმაციის სიმწირის იდეოლოგიიდან, ინფორმაციის ჭარბწარმოების იდეოლოგიაზე, რომელიც თავად სიტყვას აღიქვამს ცენზურის იარაღად.”

სახელმწიფოები, რომლებიც ძალას მატებენ ამგვარ კამპანიებს, პასუხს უნდა აგებდნენ ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევისათვის. პირდაპირაც რომ არ წარმართავდნენ ამ თავდასხმებს, თუკი ისინი წამოიწყებენ მათ, წაახალისებენ და ზიზღის ალს გააღვივებენ, ისინი დანაშაულს სჩადიან.

მაგნიტსკის აქტი, რომელიც თავდაპირველად აშშ-ში შეიქმნა ადამიანის უფლებების რუსი დამრღვევებისათვის ფინანსური სანქციების დასაწესებლად, სულ უფრო ფართოდ ვრცელდება სხვა ქვეყნებში და სანქცირებული პირების სულ უფრო ფართო წრეს მოიცავს. ეგებ ამგვარი უნდა იყოს ონლაინ სივრცეში ადამიანის უფლებების დამრღვევების დასჯის ერთ-ერთი ფორმაც?

მართლაც, თუ ყურადღებით დავაკვირდებით, დღევანდელი, ურთიერთდაკავშირებული სამყარო დურარტესნაირ მთავრობაზე გავლენის მოსახდენად ბევრად უფრო მეტ ბერკეტს გვაძლევს, ვიდრე ცივი ომის დროს გვქონდა. საბჭოთა კავშირი თითქმის ჰერმეტულად იყო დახშული გარე სამყაროსაგან. ფილიპინებში კი დღეს სოციალური მედიის მომხმარებელთა მსოფლიოში ყველაზე მაღალია და ის მჭდროდაა ინტეგრირებული საერთაშორისო ბაზარში.

რჩება კითხვა: როგორ მივაწვდინოთ ხმა საჭირო ხალხს? წერილებმა დაკარგეს თავიანთი დრამატული ღირებულება. 1977 წელს, ციმბირში გადასახლებული სახაროვის მიერ დასავლეთისთვის ხმის მიწვდენა გმირობის ტოლფასი იყო. “დასავლეთთან სატელეფონო კომუნიკაცია მთლიანად ბლოკირებულია და ვერანაირი სატელეფონო კავშირი მე ვერა მაქვს,” წერდა სახაროვი ტაიმსს. დღეს, კომუნიკაცია იმდენად იოლია, რომ მან მნიშვნელობაც კი დაკარგა. თუნდაც გავლენიან გაზეთში გამოქვეყნებულ წერილს ძველებური ფასი აღარა აქვს.

სამაგიეროდ, დღეს არსებობს სოციალური მედია კამპანიები. ავტომატიზებული ყალბი ანგარიშების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას შეიძლება ნამდვილი ადამიანების ენთუზიაზმი დაუპირისპირდეს. მთავარია, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაფანტულმა მოძრაობებმა და პიროვნებებმა, მათგან შორს მიმდინარე კრიზისი საკუთარ პრობლემად აღიქვან: ჟურნალისტს მანილაში ხომ იმავე მეთოდებით და იმავე ტექნოლოგიის გამოყენებით ატერორებენ და ტროლავენ, როგორც აშშ-ში.

როგორც თავად მარია რესსა ამბობს: “ჩვენი პრობლემები სწრაფადვე იქცევა თქვენს პრობლემებად. მთელს მსოფლიოში საზღვრები იშლება და უკვე ვხედავთ, რომ ერთიანი წესებით გვებრძვიან.”

მარია რესსას დასაცავი კამპანიის ჰაშტეგია “Hold the Line” – გაამაგრე დაცვის ხაზი. დავსვათ კითხვა: სად გადის ეს ხაზი?

სახაროვისთვის, დემოკრატიასა და ავტორიტარულ პოლიტიკას შორის საზღვარი ადამიანის უფლებებზე გადიოდა. იქნებ ჩვენს დროში ეს გამყოფი ხაზი ციფრულ უფლებებზე უნდა გადიოდეს? ეს რომ მოხდეს, დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა ჩვენი საინფორმაციო სივრცე იმავე სითამამით უნდა გარდავქმნათ, როგორიც 1970-იან წლებში ადამიანის უფლებების ჰელსინკის შეთანხმებაზე მუშაობისას გამოვიჩინეთ.

ნათელი ნორმებია საჭირო, რომელიც ონლაინ სივრცეში ადამიანის უფლებებს განსაზღვრავს. ონლაინ ძალადობისაგან მათი დაცვა პირველი ნაბიჯი უნდა იყოს.

მნიშვნელოვანია იმის გარკვევაც, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ პიროვნული მონაცემები ისე, რომ როცა მოქალაქე რომელიმე პლატფორმაზე შედის, მასთან დაკავშირებული პირადი ინფორმაცია არ იქნეს ფარულად გამოყენებული მათზე ზეგავლენის მოსახდენად, მათი შიშების გასაღრმავებლად ანდა მათი რისხვის წასახალისებლად. ციფრული სამყაროს შეგნებულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, თუ ვინ და რატომ აწვდის მას ონლაინ ინფორმაციას და რა პრინციპით არჩევს ალგორითმი იმ ინფორმაციას, რომელსაც მას მიაწოდებს ან დაუმალავს.

ციფრული უფლებების შესახებ მიღწეული ახალი სოციალური კონტრაქტი ნამდვილი დემოკრატიის ახალ სტანდარტად შეიძლება იქცეს, იმ “ხაზად” რომელიც სხვადასხვა ტიპის სისტემებს შორის გაევლება. ამ თვალსაზრისით, სახაროვის სიტყვები ახლაც ჭეშმარიტია: “ჩემი აზრით, ამ ბრძოლაზე ბევრი რამაა დამოკიდებული: ადამიანებს შორის ნდობა, მაღალი ტრიბუნებიდან გაკეთებული დაპირებების რწმენა და საბოლოო შედეგი – საერთაშორისო უსაფრთხოება.”

პიტერ პომერანცევი

პიტერ პომერანცევი

პიტერ პომერანცევი “ქოდას” ასოცირებული რედაქტორი და ლონდონის ეკონომიკის სკოლის (London School of Economics) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია @peterpomeranzev

მსგავსი/Related

Back to top button