დაწვრილებით

შეთქმულების თეორია: 315-ე მუხლის კვალდაკვალ

20-21 ივნისს, პარლამენტის წინ გამართული აქციის ძალისმიერი მეთოდებით დაშლიდან ზუსტად ორ კვირაში, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებას (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა), 315-ე მუხლი დაუმატა, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად შეთქმულებას ან ამბოხებას გულისხმობს.

 

მუხლი 315. შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად

 

1. შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

2. ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე.

რით განსხვავდება 315- მუხლი 225- მუხლისაგან?

იურისტი საბა ბრაჭველი Civil.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ ორივე შემთხვევაში აუცილებელია ჯგუფის არსებობა – 225-ე მუხლით განსაზღვრული დანაშაული, უბრალოდ პირთა ერთობლიობას მოითხოვს, რომელიც თუნდაც წინასწარ შეთანხმების გარეშე ახორციელებს რაიმე კონკრეტულ ძალადობრივ ქმედებას. 315-ე მუხლი კი, აუცილებლად გულისხმობს ორგანიზებული ჯგუფის შესაბამისი წინასწარი გეგმის არსებობას, რომელიც ხსენებული დანაშაულის ჩადენის მიზნით არის მომზადებული.

შედარებისათვის, ბრაჭველი ამბობს, რომ 215-ე და 315-ე მუხლებით აღწერილ დანაშაულს შორის ორგანიზების კუთხით ისეთივე განსხვავებაა, როგორიც, მაგალითად, ორ ერთმანეთთან შეთანხმებულ ქურდსა და ქურდული სამყაროს მიერ დაგეგმილ ქურდობას შორის იქნებოდა.

საბა ბრაჭველის თქმით, 315-ე მუხლით განსაზღვრული დანაშაულის დასამტკიცებლად საჭიროა დადგინდეს:

  • ორგანიზებული ჯგუფის არსებობა;
  • წინასწარ შემუშავებული გეგმის არსებობა;
  • კონკრეტული მიზნის არსებობა: კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდება;
  • და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულში მონაწილე პირებმა წინასწარ იცოდნენ და სურდათ ამ შედეგის დადგომა და სწორედ ამ განზრახვით ახორციელებდნენ საკუთარ ქმედებებს.

შევხედოთ, როგორ დაასაბუთა და რა ფაქტები მოიყვანა ამ დრომდე პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ თითოეული ამ მიმართულებით.

გადატრიალების ვერსია

პროკურტურა, შსს და მმართველი გუნდი ერთხმად ამტკიცებს, რომ 20 ივნისს სამართალდამცველებმა ქვეყანა სახელმწიფოს გადატრიალებისა და ძალისმიერი გზით დამხობისგან იხსნეს. საქმეზე ერთადერთი ფაქტობრივი მტკიცებულება, რომელიც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, სწორედ შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეოჩანაწერია, რომელშიც დაკავებულთა მხრიდან სამართალდამცველებისადმი წინააღმდეგობაა ასახული.

რა არგუმენტები აქვთ სამართალდამცველ ორგანოებს იმის სამტკიცებლად, რომ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი 20 ივნისის საღამოს ქვეყანაში ამბოხებასა და სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა? დადგებოდა თუ არა ქვეყნის ხელისუფლება დამხობის საფრთხე, დემონსტრანტების გარკვეულ ნაწილს თუნდაც პარლამენტის შენობაში შესვლა და მისი დაკავება რომც მოეხერხებინა?

Civil.ge მკითხველისთვის სწორედ აღნიშნულის გაანალიზებას შეეცადა. ჩვენ ამ თემაზე არასამთავრობო ორგანიზაცია – „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) იურისტის ედუარდ მარიკაშვილის, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელისა და რესპუბლიკური პარტიის ერთერთი ლიდერის დავით ზურაბიშვილის შეფასებებს გთავაზობთ

  • ორგანიზებული ჯგუფის არსებობა

პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე პროკურატურამ ბრალი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს ნიკა მელიას წაუყენა, რომელსაც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა და პროკურატურას მის გადაადგილებაზე კონტროლი დაავალა. ამავე მიზეზით, დაკითხვაზე დაიბარეს ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე აქტივისტი. პოლიტიკური თანამდებობის პირებისაგან ასევე მელიას საქმეში დაპატიმრების დასასაბუთებლად რამდენჯერმე გაისმა, რომ გადატრიალების მცდელობა „საზღვარგარეთ მცხოვრები“ პირების მეშვეობით მოხდა რაშიც, სავარაუდოდ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ან მასთან დაახლოებული პირები იგულისხმებიან.

მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ არც პროკურატურას და არც გამოძიებას ამის შესახებ არ განუცხადებიათ, პოლიტიკური განცხადებებიდან იკვეთება რომ „ორგანიზებულ ჯგუფად“ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ან/და მისი ნაწილი მოიაზრება.

ამავე საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 8 პირი დააკავა. საგამოძიებო უწყება მათ პოლიციელებზე თავდასხმასა და მათთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) იურისტი ედუარდ მარიკაშვილი Civil.-ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ რადგანაც ამბოხება, თავისი არსით, წინასწარ ორგანიზებული ჯგუფის არსებობას გულისხმობს, პროკურატურას მოუწევს დაასაბუთოს, რომ 20 ივნისს პარლამენტის წინ სავსებით ლეგიტიმური, სპონტანური პროტესტის გამოხატვისათვის მისული ადამიანები, ხელისუფლების დასამხობის მიზნით წინასწარ შეიკრიბნენ ორგანიზებულად.

„მთელი ეს ხალხი უნდა ყოფილიყო იმისთვის მიყვანილი, რომ პარლამენტში შესულიყვნენ“, – ამბობს ის. აღნიშნული მისივე შეფასებით, 20 ივნისის პროტესტის წინაპირობის ფონზე, რთული სამტკიცებელია.

  • წინასწარ შემუშავებული გეგმის არსებობა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში ამბოხების თემაზე საუბრის დაწყებისას, მხოლოდ ის განმარტეს, რომ 20 ივნისის საღამოს, მომიტინგეთა ნაწილის განზრახვის განხორციელების პირველ ფაზას, რაც პარლამენტის იერიშით აღებას გულისხმობდა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე „დანაშაულებრივი ქმედებები“ უნდა მოჰყოლოდა.

აქვე აღსანიშნავია, რომ საქმის კვალიფიკაციის დამძიმების პარალელურად, პროკურატურაში დამატებითი მტკიცებულებები, თუ რას ეყრდნობიან სახელმწიფოს წინააღმდეგ ამბოხებასა და შეთქმულებაზე საუბრისას, არ წარმოუდგენიათ. უწყებაში ამბობენ, რომ საქმეზე გამოძიება გაცხოველებულად გრძელდება.

აქციის დაშლიდან მეორე დღეს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ 20 ივნისის საქმეზე 225-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის დამზადების ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავა.

„პოლიციამ [ბრალდებული] იმ დროს დააკავა, როდესაც იგი აღნიშნული ასაფეთქებელი მასალების პარლამენტის წინ მიმდებარე საპროტესტო აქციაზე გამოყენებას გეგმავდა“, – განმარტეს უწყებაში.

კიდევ ერთი არგუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც, შსს მომხდარს წინასწარი პროვოკაციული გეგმის ფარგლებში განიხილავს, 20 ივნისს საკანონმდებლო ორგანოში გაცემული საშვების სიმრავლეა.

შს მინისტრის გიორგი გახარიას სამხედრო ექსპერტებთან და პოლიტოლოგებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, სამხედრო საკითხებში ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ მედიისთვის გამართულ პრესკონფერეციაზე აღნიშნა, რომ მინისტრის განმარტებით, მოსალოდნელი საფრთხის ერთ-ერთი სიგნალი და ინდიკატორი პოლიტიკური პარტიების მიერ იმ დღეს „ფაქტობრივად, გაათმაგებული რაოდენობით საშვების გამოწერა“ იყო.

ედუარდ მარიკაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საგამოძიებო უწყებას წინასწარ შემუშავებული გეგმისა და განზრახვის ნაწილში ძალზე მაღალი მტკიცების სტანდარტი უნდა ჰქონდეს. მისი განმარტებით, ვიღაცას სადღაც, წინასწარ აუცილებლად მაინც უნდა ეთქვა, რომ „ახლა ჩვენ ვიკრიბებით იმიტომ, რომ მერე უნდა შევიდეთ პარლამენტში და ეს ერთ-ერთი საკითხი უნდა იყოს იმისთვის, რომ დაემხოს კანონიერი ხელისუფლება“.

შეთქმულება რომ წინასწარ განზრახული ქმედებაა, რომელიც სპონტანურობასა და აფექტის მდგომარეობაში განხორციელებას გამორიცხავს, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელიც აღნიშნავს. ის ამბობს, რომ სწორედ სპონტანურობა იყო 20 ივნისის პროტესტის მახასიათებელი. „არადა შეთქმულების გარეშე ეს დანაშაული არ არსებობს“, – წერს ის Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ხიდაშელი კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის ან ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებებზეც ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ ჯერჯერობით, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის ან ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებებიც არავის უნახავს.

„ასეთი მოწოდებები ძალიან კონკრეტული, დადასტურებული საფრთხის მატარებელი უნდა იყოს და მათ განხორციელებისა და მიზნის მიღწევის დადასტურებული მტკიცებულებები უნდა არსებობდეს“, – აღნიშნავს ის.

  • კონკრეტული მიზნის არსებობა: კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდება

ერთადერთი არგუმენტი, რომლითაც კონსტიტუციური წყობილების დამხობისა ან სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების განზრახვას ამ დრომდე პროკურატურა და შსს ასაბუთებს 20 ივნისის აქციის დროს, დემონსტრანტების ერთი ნაწილის მიერ პოლიციის კორდონის გარღვევის, პოლიციელებზე თავდასხმისა და საკანონმდებლო ორგანოში შესვლის მცდელობაა.

ედუარდ მარიკაშვილი ამბოხის გზით კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების დისპოზიციის კანონით განსაზღვრულ ერთ თავისებურებას უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ ეს უნდა იყოს შეირაღებული გამოსვლა და ამ გზით წინააღმდეგობის გაწევა.

მისივე თქმით, შეიარაღებაში, მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღი არ მოიაზრება და სისხლის სამართლის კოდექსის ინტერესებიდან გამომდინარე, ის „შესაძლოა, იყოს ნებისმიერი საგანი, რომლითაც შეიძლება დააზიანო ან სიცოცხლე მოუსწრაფო ადამიანს“. მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ ადამიანები ადგილზე, დაპირისპირებისა და ემოციის ფონზე, წყლის ბოთლებს ისროდნენ, სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი აქციაზე იარაღით წინასწარი განზრახვით მივიდნენ.

მარიკაშვილის თქმით, სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მეამბოხეთა მხრიდან სახელმწიფო სტრუქტურების დაკავების მცდელობაცაა. „თუმცა ცალკე აღებული ფაქტი, რომ [მომიტინგეთა ნაწილის მხრიდან] მცდელობა იყო პარლამენტში შესვლის, ჩემი აზრით, იმას არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანების მიზანი ხელისუფლების საბოლოოდ დამხობა იყო“, – ამბობს ის.

ამასთან, მარიკაშვილის განცხადებით, ასევე უნდა შეფასდეს ის გარემოება, არის თუ არა კონკრეტული ქმედება ვარგისი – ანუ, პარლამენტის წინ შეკრებილ ადამიანებს „ჰქონდათ თუ არა წინააღმდეგობის გაწევის ის საშუალება და ძალა, რომ გადაელახათ კორდონი და შესულიყვნენ პარლამენტის შენობაში“.

გარდა ამისა, მისივე განმარტებით, მსჯელობის საგანია ისიც „ცალკე აღებული პარლამენტში შესვლით რამდენად მოხდებოდა კანონიერი ხელისუფლების დამხობა“.

მომიტინგეთა ნაწილის თუნდაც პარლამენტის შენობაში შესვლით ხელისუფლების დამხობა და გადატრიალება რომ ვერ მოხდებოდა, ამაზე Facebook-ის საკუთარ გვერდზე რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილიც წერს. იგი 2003 წელს, ვარდების რევოლუციის დროს, დემონსტრანტების პარლამენტში შესვლასა და 20 ივნისს მომიტინგეთა ნაწილის იმავე მცდელობას შორის ანალოგიასა და ამ უკანასკნელის შედეგად ხელისუფლების ძალისმიერად დამხობის შესახებ მსჯელობასაც არასწორად მიიჩნევს.

„[2003 წელს] პარლამენტში შევარდნას კი არ მოჰყვა ხელისუფლების ცვლა, არამედ პრეზიდენტის გადადგომას, რომელიც მაშინ უშუალოდ იყო მთავრობის ხელმძღვანელი… აბა ახლა პარლამენტში შევარდნას რა აზრი აქვს? რა უნდა გააკეთოს შევარდნილმა? პარლამენტში თუ შევარდი მთავრობა ავტომატურად გადადგება, მიშა შემოვა ქალაქში თეთრი ცხენით, ბიძინა გაიქცევა ვერტალიოტით თუ რა? პირიქით, მთელ მსოფლიოს თვალში ოპოზიცია გამოჩნდება მოძალადედ და ხულიგნად და თუ ძალის გამოყენებით გამოგრეკავენ მერე იმ შენობიდან, კაციშვილი არ ამოიღებს ხმას“, – წერს ის.

საბა ბრაჭველი მიუთითებს, რომ პროკურატურამ უნდა გამოკვეთოს ისიც, თუ კერძოდ ნორმით დაცულ რომელ სამართლებრივი სიკეთეს ემუქრებოდა საფრთხე, სისხლის სამართლის კოდექსის 315 მუხლში მოცემული ორი შესაძლო ვარიანტიდან – კონსტიტუციური წყობილების შეცვლა ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა.

კონსტიტუციური წყობილების შეცვლა, მისი თქმით, თითქმის შეუძლებელია დასაბუთდეს, რადგან პროკურატურას იმის მტკიცება მოუწევს, რომ მიზანი დიქტატურის (ან, მაგალითად პრინციპულად სხვა კონსტიტუციური სისტემის, მაგალითად მონარქიის) დამყარება უნდოდა ვინმეს. რაც შეეხება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობას, შეიძლება ვამტკიცოთ რომ ეს ფორმულა გულისხმობს არა მხოლოდ ერთ სახელმწიფო ინსტიტუტის (მაგალითად, პარლამენტის) ხელში აღებას, არამედ მთლიანად მთავრობის, პრეზიდენტის და პარლამენტის ძალაუფლების დამხობას, ფაქტობრივად სრულ გადატრიალებას. ასეთი სიმძმის და კომპლექსურობის გეგმის არსებობის შესახებ ჯერჯერობით პროკურატურას არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებია.

  • დანაშაულში მონაწილე პირებმა იცოდნენ და სურდათ ამ შედეგის დადგომა და სწორედ ამ განზრახვით ახორციელებდნენ საკუთარ ქმედებებს

11 ივლისს „ტელეკომპანია პირველში“ სტუმრობის დროს, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების დამხობის განზრახვაზე არაერთხელ მიუთითა და არგუმენტებად დემონსტრანტთა მხრიდან პოლიციელებზე ინტენსიური თავდასხმა, პარლამენტის შენობაზე დაგეგმილი „შტურმი“ და ამ გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა დაასახელა.

„ქვეყანაში, როგორც ფაქტი, გვქონდა ფიზიკური ძალის გამოყენებით პარლამენტში შეჭრის მცდელობა, რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ ამ მცდელობას ჰქონდა პოლიტიკური მიზანი“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ პარლამენტზე მიტანილ შტურმს შენობაში „ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური აქტივი ელოდებოდა“. მანვე განმარტა, რომ სახელმწიფო გადატრიალების ეს მცდელობა წლების განმავლობაში იგეგმებოდა.

იმავეს იმეორებს შს მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძეც. 15 ივნისს „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, იგი აღნიშნავს, რომ 20 ივნისს „გადატრიალების მცდელობა იყო“ და „პროკურატურამ ამ დანაშაულის ნიშნები დაინახა“. თუმცა, მინისტრის მოადგილე თავადაც ვერ ასახელებს ამბოხების სხვა რაიმე მახასიათებელს, გარდა თავისივე ნათქვამი, 150-200 ადამიანის პოლიციელებთან დაპირისპირებისა და მათზე ძალადობისა.

თითქმის იმავე შინაარსის არგუმენტებს იშველიებს პროკურატურა კიდევ ერთ განცხადებაში. დეპუტატ ნიკა მელიას მიერ გავრცელებული ჩანაწერის საპასუხოდ, სადაც ოპოზიციის ლიდერები აქციის დარბევის დაწყების წინ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას გამოხატავენ და დემონსტრანტებისაგან მოლაპარაკებაზე შესვლისთვის ნებართვას ითხოვენ, საგამოძიებო უწყებამ განაცხადა, რომ საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერის მხოლოდ ამ ერთი კონკრეტული მონაკვეთის გავრცელება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

„გამოძიების მიერ ბრალდებულის ადვოკატისთვის გადაცემული სხვა ვიდეომასალის მიხედვით, იმ მომენტში, როდესაც ნიკანორ მელია მეგაფონით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ საზოგადოებას მიმართავს, აქციის მონაწილეთა ნაწილი კვლავ განაგრძობს სამართალდამცველებზე თავდასხმას, ართმევენ მათ სპეციალურ საშუალებებს (ხელკეტებს, ჩაფხუტებს, ფარებს), კორდონიდან იტაცებენ პოლიციელებს და აყენებენ მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას“, – განმარტავს პროკურატურა.

ედუარდ მარიკაშვილის განმარტებით, პროკურატურას იმის დასაბუთებაც მოუწევს, რომ 20 ივნისის პროტესტის მონაწილეები იცნობდნენ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის წინასწარ არსებულ გეგმას და ისინი ადგილზე სწორედ ამ მიზნით მივიდნენ. მისი შეფასებით, ის ფაქტი, რომ თუნდაც ვინმემ ადგილზე სრულიად ლეგიტიმური პროტესტით მისული ადამიანების გამოყენება გადაწყვიტა, არ ნიშნავს, რომ მისი განზრახვა [ყველა] ადამიანზე ვრცელდება. მისივე თქმით, ეს უკვე ცალკეული ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხია და „არა იმის, რომ მთლიანად ეს პროცესი ამბოხად შეფასდეს“.

მარიკაშვილისვე შეფასებით, ხელისუფლება ცდილობს, რომ 20 ივნისის შემდეგ, ისრები სხვა მიმართულებით გადაიტანოს, სხვა ადამიანების პასუხისმგებლობა გამოკვეთოს და მის წილ პასუხისმგებლობას გაექცეს, რაც მარტივი არ არის. „ძალიან დიდი ბრალი მიუძღვით 20 ივნისში და ამის ჩამორეცხვა იქნება ძალიან რთული“, -ამბობს ის და იქვე განმარტავს: „ძალიან მაღალი პასუხისმგებლობაა ამბოხის საკითხის აწევა“. იურისტი ფიქრობს, რომ „საბოლოო ჯამში ეს საქმეც ისევე შემოიდება [თაროზე], როგორც სხვა საქმეები“.

  • 20 ივნისს საზოგადოების მასშტაბური პროტესტი საქართველოში რუსი კომუნისტი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს და მის საქართველოს პარლამენტში სტუმრობას მოჰყვა. მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სხდომის მონაწილეებს გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიმართა.
  • რამდენიმე ათასი ადამიანი პარლამენტის წინ შეიკრიბა და საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან კოლაბორაციონისტული პოლიტიკა გააპროტესტა. მომიტინგეები პარლამენტის აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის, შს მინისტრის გიორგი გახარიას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვდნენ.
  • აქციაზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეთა ერთმა ჯგუფმა პოლიციის კორდონის გარღვევა და პარლამენტის შენობაში შესვლა სცადა. საბოლოოდ, სამართალდამცველებმა აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს. საპროტესტო აქციის დაშლის შედეგად 240 ადამიანი დაშავდა. პოლიციამ 20-21 ივნისის ღამეს აქციის 305 მონაწილე დააკავა.
  • საზოგადოების პროტესტის ფონზე თანამდებობა მალევე დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. ქართული ოცნების კიდევ ერთმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა კი დეპუტატის მანდატის დატოვების მზადყოფნა გამოთქვა. ქუცნაშვილი სწორედ იმ ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, რასაც თბილისსა და რეგიონებში ფართომასშტაბიანი საპროტესტო ტალღა მოჰყვა. თუმცა თანამდებობაზე რჩება შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რომლის გადადგომის მოთხოვნით 20 ივნისს დაწყებული აქციები პარლამენტის წინ ამ დრომდე ყოველ საღამოს იმართება.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button