ახალი ამბები

შვიდმა ქვეყანამ, საქართველოს ჩათვლით, PACE-ს მიერ რუსეთისთვის ხმის მიცემის უფლების აღდგენა დაგმო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) ესტონეთის, საქართველოს, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, სლოვაკეთის და უკრაინის დელეგაციებმა დაგმეს PACE-ს მიერ 25 ივნისს გამართულ სხდომაზე რუსეთისთვის ხმის მიცემის უფლების აღდგენა.

25 ივნისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში დელეგაციებმა აღნიშნეს, რომ „რუსეთის დელეგაციის უფლებების უპირობო აღდგენა იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ფედერაცია არ სცემს პატივს ასამბლეის უამრავ მოთხოვნას, ევროპის საბჭოს და მისი წესდების მთავარ ღირებულებებს ეწინააღმდეგება“.

„ამგვარი ნაბიჯი ძალიან არასწორ სიგნალს უგზავნის იმ ქვეყანას, რომელიც მიმართავს შეიარაღებულ აგრესიას, ადამიანების მოწამვლას, არ იცავს საკუთარი მოქალაქეების უფლებებს და არა მხოლოდ არ უწყობს ხელს, არამედ ცდილობს ევროპის მასშტაბით დემოკრატიულ სახელმწიფოებში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს“, – განაცხადეს დელეგაციებმა.

„დღეს ჩვენ, როგორც ჩვენი ქვეყნების დელეგატებს, არ გვაქვს პასუხი ჩვენი ხალხისთვის, თუ როგორ აპირებს ევროპის საბჭო მათი უფლებების დაცვას, თუკი ის უფრო მეტადაა დაინტერესებული აგრესორის, ვიდრე ამ აგრესიის და რეპრესიების მსხვერპლთა კეთიდღეობის დაცვით“, – განაცხადეს მათ.

დელეგატებმა ასევე აღნიშნეს, რომ ევროპის საბჭოს მომავალი „საფრთხის ქვეშაა“, რადგანაც ის „იმ ხალხების ნდობას კარგავს, რომელთა დაცვაც ითავა“. „ვბრუნდებით შინ, რათა კონსულტაციები გავმართოთ ჩვენს პარლამენტებთან და მთავრობებთან საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ერთობლივ ქმედებებზე მომავალი სესიის განმავლობაში“, – განაცხადა დელეგაციამ.

რეზოლუცია რუსეთისთვის ხმის უფლების აღდგენის შესახებ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 25 ივნისს მიიღო რეზოლუცია რუსეთისთვის ხმის უფლების აღდგენის თაობაზე, რომელსაც 118 წევრმა დაუჭირა მხარი, 62-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 10-მა თავი შეიკავა.

რეზოლუციის თანახმად, წევრთა ხმის მიცემის, გამოსვლის და ასამბლეაში და მის ორგანოებში წარმომადგენლობის უფლება არ უნდა შეჩერდეს ან გაუქმდეს მისი უფლებამოსილებების გადახედვის კონტექსტში.

გუშინ, PACE-მ რუსეთის უფლებამოსილებების რატიფიკაცია მოახდინა. ამავდროულად, ასამბლეამ მოუწოდა მოსკოვს, რომ მისი რიგი რეკომენდაციები შეასრულოს, ასევე:

  • გაათავისუფლოს 24 უკრაინელი მეზღვაური, რომლებიც ქერჩის სრუტეში დააკავეს;
  • დაუყონებლივ გადაიხადოს ევროპის საბჭოს ბიუჯეტით გათვალისწინებული ყველა გადასახადი;
  • „უპირობოდ და სრულფასოვნად“ ითანამშრომლოს MH17-ის ჩამოგდებაზე პასუხისმგებელი პირების გასამართლების საკითხში;
  • ეფექტური ზომები განახორციელოს ლგბტ პირთა უფლებების დარღვევის აღსაკვეთად, განსაკუთრებით ჩეჩნეთში;
  • ითანამშრომლოს საერთაშორისო საზოგადოებასთან ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმის გამოძიებაში;
  • ითანამშრომლოს ადამიანის უფლებათა დაცვის ყველა სტრუქტურასთან, მათ შორის უზრუნველყოს მათი სრული და შეუზღუდავი წვდომა რუსეთის ყველა საქმიანობის სფეროში.

ქართული დელეგაციის პოზიცია დებატების დროს

რეზოლუციის მიღებამდე, 25 ივნისს გამართული დებატების დროს ასამბლეაზე სიტყვით ქართული დელეგაციის წევრებიც გამოვიდნენ ოპოზიციური და მმართველი პარტიებიდან.

ევროპული საქართველოს წევრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ რუსეთისთვის ხმის უფლების აღდგენის გადაწყვეტილება „ფუნდამენტურ გავლენას მოახდენს ამ ორგანიზაციის მომავალზე“ და „ჩვენი მუშაობის მომავალს განსაზღვრავს“.

„ჩვენ ვმსჯელობთ იმ ქვეყნის დაბრუნებაზე, რომელიც არღვევს ევროპული უსაფრთხოების პრინციპებს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთის და სამხეთ ოსეთის ოკუპაციით, ყირიმის ანექსიით, დონბასში ომით. ჩვენ ვმსჯელობთ ისეთი ქვეყნის დაბრუნებაზე, რომელიც ასიათასობით დევნილს და ლტოლვილს ართმევს ძირითად ფუნდამენტურ უფლებებს, რომ იცხოვრონ საკუთარ ოჯახებში და საკუთარ სახლებში,“ – განაცხადა ბაქრაძემ.

„ჩვენ ვმსჯელობთ ისეთი ქვეყნის დაბრუნებაზე, რომელიც ყოველდღიურად იტაცებს და აწამებს ადამიანებს ჩემს ქვეყანაში, საქართველოში. ვსაუბრობთ იმ ქვეყნის დაბრუნებაზე, რომელმაც აჩვენა სრული უპატივცემულობა ამ ორგანიზაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ მისი არჩევანი ნათელია და რომ „არ მინდა ვიყო ყველა იმ დანაშაულის მხარდამჭერი, რომელსაც რუსეთის ჩადის“.

ქართული ოცნების წევრმა ნინო გოგუაძემ განაცხადა, რომ 2014 წელს, როდესაც რუსეთმა უკრაინაში ინტერვენცია და ყირიმის ანექსია მოახდინა, რითიც ევროპის სავჭოს ფუნდამენტური პრინციპები დაარღვია, PACE-მ „ძალიან ძლიერი პოზიცია დაიკავა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და რუსეთის დელეგაციას სანქციები დააკისრა“.

„ეს იყო ძლიერი გზავნილი აგრესორი ქვეყნის მიმართ, რომ ევროპა არ შეეგუება აგრესიას და ოკუპაციას. და დღეს, ძალიან სამწუხაროა, რომ განვიხილავთ PACE-ს სანქციების სისტემის შეცვლის შესაძლებლობებს მხოლოდ იმისათვის, რომ ერთი კონკრეტული ქვეყნის მოთხოვნები და ინტერესები დავაკმაყოფილოთ… საშუალება მივცეთ რუსულ დელეგაციას, რომ უპირობოდ დაბრუნდეს“, – განაცხადა გოგუაძემ.

კითხა რა სხვა დელეგატებს, თუ რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც ასამბლეამ რუსეთს აგრესიის გამო სანქციები დააკისრა, გოგუაძემ თავადვე უპასუხა, რომ რუსული დელეგაციის დაბრუნების საკითხის განხილვის პარალელურად, კონფლიქტი უკრაინაში და საქართველოს ოკუპაცია კვლავ გრძელდება.

„ეს მოვლენები ჩვენი ქვეყნებიდან შორს არ ხდება… ისინი ევროპაში ხდება და კიდევ რამდენ ევროპულ ქვეყანას უნდა შეეხოს რუსული აგრესია, რათა მივხვდეთ, რომ ეს კონფლიქტები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ყველა ევროპულ სახელმწიფოს“, – იკითხა გოგუაძემ.

დაადასტურა რა საქართველოს „ძალიან თანმიმდევრული და მტკიცე პოზიცია PACE-ში რუსული დელეგაციის უპირობო დაბრუნების წინააღმდეგ“, გოგუაძემ განაცხადა, რომ „რაც დღეს ნამდვილად გვჭირდება არის ძლიერი საპარლამენტო ასამბლეა ძლიერი უფლებამოსილებებით, რომელიც ეფექტურად გაუმკლავდება კრიზისს… როდესაც წევრი სახელმწიფოები მუდმივად არღვევენ ორგანიზაციის ძირითად პრინციპებს, საპარლამენტო ასამბლეას ამაზე მკაფიო რეაგირება უნდა ჰქონდეს, ყოველგვარი დათქმების გარეშე“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button