skip to content
ახალი ამბები

პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაია აირჩია

ახლადამოქმედებულ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რომელიც ივლისიდან სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებას შეუდგება და ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებას გააკონტროლებს, ლონდა თოლორაია უხელმძღვანელებს. სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე დღეს ის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 82 ხმით 21-ის წინააღმდეგ, ექვსი წლის ვადით აირჩიეს.

თოლორაია ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორია. ის ამ თანამდებობას 2018 წლის თებერვლიდან იკავებს. მანამდე კი, 10 წლის განმავლობაში, საქართველოს მთავარ პროკურატურაში მუშაობდა. 

ინსპექტორის თანამდებობაზე არჩევამდე, ლონდა თოლორაიამ თავისი ხედვები დეპუტატებს 10 ივნისს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გააცნო. მან ახალი უწყების განვითარების კუთხით რამდენიმე გამოწვევა გამოყო, რომელთა შორისაც საგამოძიებო მიმართულების ჩამოყალიბება, ეფექტიანი მუშაობა და პროცესების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება დაასახელა.

მისივე თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ისეთი მექანიზმი უნდა შექმნას, რომელიც სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულზე გამოძიების სწრაფად დაწყებას, მტკიცებულებათა განადგურების თავიდან აცილებას და საგამოძიებო მოქმედებების სწრაფად ჩატარებას უზრუნველყოფს.

პარლამენტის წევრებს ახალი საგამოძიებო უწყების განვითარების ხედვა სახელმწიფო ინსპექტორობის კიდევ ერთმა კანდიდამა, ვალერი ლომუაშვილმაც გააცნო, თუმცა მან დეპუტატთა მხარდაჭერა ვერც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის და ვერც პლენარულ სხდომაზე მოიპოვა.

პოლიტიკური შეფასებები და არასამთავრობო სექტორის გამოხმაურება

სახელმწიფო ინსპექტორის არჩევის პროცესი საპარლამენტო ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკის ფონზე წარიმართა.

ოპოზიციის წარმომადგენლები მოქმედი და ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებთან ლონდა თოლორაიას სიახლოვეზე მიუთითებდნენ და მის მიუკერძოებლობაში შეჰქონდათ ეჭვი. არასამთავრობო ორგანიზაციები კი ინსპექტორის შერჩევის პროცესში აღმოჩენილ დარღვევებზე საუბრობდნენ და ვაკანტურ თანამდებობაზე ახალი კონკურსის დანიშვნას მოითხოვდნენ.

საკომიტეტო მოსმენის დროს, ევროპული საქართველოს დეპუტატი გიორგი ტუღუში ლონდა თოლორაიასგან იმით დაინტერესდა, ხედავდა თუ არა ის პრობლემას იმაში, რომ მას, როგორც „შსს-ს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, მნიშვნელოვანი დეპარტამენტის ხელმძღვანელს და მინისტრთან საკმაოდ დაახლოებული პირს“, იმ ადამიანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოიძიება მოუწევს, რომელთან ერთადაც დღეს მუშაობს.

ქართული ოცნების ყოფილმა და ახლა უკვე დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა კი, ლონდა თოლორაიას ზურაბ ადეიშვილისდროინდელ პროკურატურაში მუშაობის პერიოდი გაახსენა.

„ის 2010 წლიდან იყო ადეიშვილის საყვარელი პროკურორი და იმ დროს [მუშაობდა] პროკურატურაში, როდესაც ყველაზე მეტად ხდებოდა არასრულწლოვნების უფლებების შელახვა“, – აღნიშნა გოგიჩაიშვილმა. „დანარჩენი თქვენ გადაწყვიტეთ, მისცემთ თუ არა ადეიშვილის გაზრდილ პროკურორს ხმას,“ – მიმართა მან თავის კოლეგებს.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის რომან გოცირიძის შეფასებით კი, ტენდენცია, რომ სხვადასხვა სფერო პოლიციიდან გამოგზავნილი კადრებით იყოს დაკომპლექტებული იმის მანიშნებელია, რომ ქვეყანაში „პოლიციური რეჟიმი“ მყარდება. „ეს არის არაფორმალური მმართველობის განმტკიცებისაკენ მიმართული [ნაბიჯი] და, ბუნებრივია, ჩვენ მას მხარს არ დავუჭერთ“, – დასძინა მან.

ოპოზიციის კრიტიკა არ გაიზიარეს მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაია „ნამდვილად ღირსეული კანდიდატია“. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის განცხადებით კი, თოლორაიამ დააკმაყოფილა „მთავარი კრიტერიუმი“, რაც მართლმსაჯულების, სამართალდამცავ სტრუქტურაში და ადამიანის უფლებების სფეროში კანდიდატის მუშაობის გამოცდილებას უკავშირდებოდა. „დანარჩენი უკვე პოლიტიკური სპეკულაციის საგანია“, – განაცხადა მან.

არასამთავრობო სექტორმა სახელმწიფო ინსპექტორის შერჩევის პროცესს უნდობლობა გამოუცხადა. 10 ივნისს კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევი კონკურსი დარღვევით მიმდინარეობდა და პარლამენტისთვის წარდგენილი ორი კანდიდატიდან შესაბამის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს მხოლოდ ერთი აკმაყოფილებდა. კოალიციამ პარლამენტს წარდგენილი კანდიდატურებისთვის მხარის არდაჭერისკენ მოუწოდა და ახალი კონკურსის გამოცხადება მოითხოვა.

ერთობლივ განცხადებაში, არასამთავრობოებმა მთავრობის მიერ ახალი უწყებისთვის საგამოძიებო უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ფინანსური რესურსების დროულად გამოყოფის აუცილებლობასაც გაუსვეს ხაზი.

ლონდა თოლორიას პასუხი

მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით დეპუტატების მიერ გამოთქმულ კრიტიკის პასუხად, ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რომ ის ყოველთვის ხელმძღვანელობდა „კეთილსინდისიერების პრინციპით და კანონმდებლობით“, და პოლიტიკურ დაკვეთები არასდროს შეუსრულებია. მან ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ პოლიციელების გადაცდომებზე რეაგირება მას აჟამინდელ თანამდებობაზეც ევალება და შესაბამისად, დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის შენარჩუნება არ გაუჭირდება „სისტემის გარეთ, პოლიტიკურად ნეიტრალურ, დამოუკიდებელ სტრუქტურულ დანაყოფში“.

თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილების შესრულებას 3 ივლისიდან დაიწყებს. ის ამ პოსტზე თამარ ქალდანს ჩაანაცვლებს, რომელიც 2013 წლიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი იყო და, ინსტიტუციური რეფორმის გარდამავალ ეტაპზე, ინსპექტორის აპარატს ახალი ხელმძღვანელის არჩევამდე ხელმძღვანელობდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახურის უფლებამონაცვლე ორგანოა, რომელიც 2019 წლის 10 მაისიდან ამოქმედდა.

სახელის ცვლილებასთან ერთად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უფლებამოსიელბაც გაეზარდა. კერძოდ, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების, ასევე ფარული საგამოძიებო და ელექტრონული კომუნიკაციის აქტივობების კონტროლთან ერთად, მას სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენლის მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის და ძალადობით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით ჩადენილი სამოხელეო დანაშაულის მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიებაც დაევალა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button