skip to content
ახალი ამბები

EMC-მ მაჩალიკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) 2017 წლის დეკემბერში პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი და მოგვიანებით გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. ორგანიზაციამ სარჩელი სტრასბურგში 5 ივნისს მას შემდეგ გაგზავნა, რაც მიიჩნია, რომ „ეროვნულ დონეზე პოლიტიკურმა და სამართლებრივმა მექანიზმებმა რაიმე ხელშესახები შედეგი“ ვერ გამოიღო.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, EMC-ის იურისტმა თამთა მიქელაძემ განაცხადა, რომ ორგანიზაცია სახელმწიფოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის სამი მუხლის დარღვევას დავობს. ესენია:

  • სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი);
  • წამების, არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი);
  • ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებების უფლება (მე-13 მუხლი).

სიცოცხლის უფლების დარღვევაზე საუბრისას, თამთა მიქელაძემ აღნიშნა, რომ „სპეცოპერაციის დაგეგმვის, ძალის გამოყენებისა და გამოძიების ეტაპზე ჩადენილი იყო სერიოზული დარღვევები და სახელმწიფომ ვერ მოახერხა სიცოცხლის უფლების სტანდარტების დაცვა“. მისივე თქმით, პრობლემა „სპეცოპერაციის დაგეგმვის ლოგიკაშივეა“ და „სახელმწიფოს შეეძლო, ასეთი ძალის დემონსტრირების გარეშეც, სასამართლო განჩინების შესრულება და [თემირლან მაჩალიკაშვილის] დაკავება“.

თამთა მიქელაძემ ყურადღება მაჩალიკაშვილების სახლში ჩატარებული სპეცოპერაციის და საქმეზე წარმოებული გამოძიების სხვა მნიშვნელოვან დეტალებზეც გაამახვილა. მან „ძალიან მყიფე“ უწოდა სუს-ის არგუმენტებს, რომ თითქოს თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებისათვის წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა, აღნიშნა რა ის გარემოება, რომ დაღუპული ახალგაზრდა შუაღამით თავისივე საწოლში იმყოფებოდა.

მისივე მტკიცებით, საქმეზე დარღვეული იყო „ობიექტურობისა და დამოუკიდებლობის სტანდარტი“. „გამოძიების საწყის ეტაპზევე ჩანს სუს-ის უკანონო ინტერვენცია და ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურება ან დაზიანება. პროკურატურას საქმის მასალებიც კი ორი თვის შემდეგ გადაეცა, რაც მის მიერ დაწყებული გამოძიების ნომინალურობას აჩვენებს,“ – აღნიშნავს თამთა მიქელაძე.

გარდა ამისა, EMC-ში განმარტავენ, რომ პროკურატურას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსი დღემდე არ მიუნიჭებია, რაც საქმის მასალებზე წვდომას აბრკოლებს. ორგანიზაციაში იმედს გამოთქვამენ, რომ მიუხედავად გადატვირთულობის პრობლემისა, ევროპული სასამართლო საქმეს დაჩქარებული წესით განიხილავს, რამდენადაც საკითხი სიცოცხლის უფლების დარღვევას ეხება.

სტრასბურგში მაჩალიკაშვილების ინტერესებს EMC-თან ერთად, ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ევროპული ცენტრიც (EHRAC) დაიცავს.

მედიასთან კომენტარი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმაც გააკეთა. მან 2017 წლის დეკემბერში პანკისის ხეობაში განხორციელებულ სპეცოპერაციას „მხეცურად დაგეგმილი და ჩატარებული ტერაქტი“ უწოდა და გამოთქვა მოლოდინი, რომ „სტრასბურგი თავის სიტყვას იტყვის და იქ ივანიშვილის ხელები არ მისწვდება“. „თუ მისწვდა, ერთ დღეს ყველაფერი კარგად გაირკვევა და ყველას მოეთხოვება პასუხი, ყველა დაისჯება საკადრისი ზომებით“, – დასძინა მან.

ამბის წინაისტორია

2017 წლის 26 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილი პირების დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩაატარა, რა დროსაც ხეობის მკვიდრი 18 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სასიკვდილოდ დაიჭრა. ის 2018 წლის 10 იანვარს, თბილისში, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განმარტავდა, რომ ის სპეცოპერაციის დროს, წინააღმდეგობის გაწევის დროს, ხელყუმბარის აფეთქებას ცდილობდა, რასაც სუს-ის მხრიდან „პროპორციული ძალის“ გამოყენება მოჰყვა.

უწყების განცხადებას გარდაცვლილის ოჯახი არ ეთანხმება და აცხადებს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს მძინარეს ესროლეს. ოჯახი საქმის სამართლიან გამოძიებას და გარდაცვლილი შვილის მკვლელისა და ყველა დამნაშავე პირის დასჯას ითხოვს. ამ მოთხოვნით, მალხაზ მაჩალიკაშვილი თითქმის ერთი წელია, რაც თბილისში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას მართავს.

მაჩალიკაშვილის საქმის დეტალებისთვის გადადით ბმულზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button