skip to content
ახალი ამბები

შსს-მ ტაჯიკეთის მოქალაქეების გატაცებისა და ფულის გამოძალვის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს 21 სექტემბერის განცხადებით, უწყების თანამშრომლებმა საქართველოში ბიზნესსაქმიანობით დაკავებული ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქეების თავისუფლების უკანონოდ აღქვეთის, მათთვის თანხის გამოძალვისა და ფიზიკური ანგარიშსწორების ბრალდებით პანკისის ხეობის ოთხი მკვიდრი დააკავეს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ბრალდებულის ავტომობილის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად 2 ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები, 2 აირის პისტოლეტი, ერთი დანა, ბეისბოლის 3 ხელკეტი და 68 900 აშშ დოლარი ამოიღეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე, 181-ე და 150-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მედიის ცნობით, დაკავებულებიდან ერთი პანკისელი ბიზნესმენისა და სალაფიტური თემის ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ ფარეულიძის ძმა, დანარჩენები კი – მისი პირადი დაცვის წევრები არიან.

ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქეების შესაძლო გატაცების შესახებ ტელეკომპანია „ფორმულა“ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ საუბრობდა. თუმცა, მაშინ თავად ერთ-ერთი გატაცებული ბიზნესმენი მედიასთან მომხდარზე არ საუბრობდა. ბიზნესმენების გატაცების ფაქტს არც შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button