ახალი ამბები

პარლამენტმა შრომის კოდექსში ცვლილებები საბოლოო მოსმენით მიიღო 

საქართველოს პარლამენტმა 29 სექტემბერს მესამე, საბოლოო მოსმენით, 82 ხმით არცერთის წინააღმდეგ, შრომის კოდექსში ცვლილებები მიიღო. ცვლილებების პროექტის ინიციატორები „ქართული ოცნების“ დეპუტატები – ირაკლი კობახიძე, რატი იონათამაშვილი, სოფიო კილაძე, დავით მათიკაშვილი, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები – დიმიტრი ცქიტიშვილი, თამარ ჩუგოშვილი და თამარ ხულორდავა  არიან. ოპოზიციას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

განახლებული შრომის კოდექსი აერთიანებს ახლადდამატებულ და შეცვლილ მუხლებს – სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციის, შვებულების რეგულირების, შრომის ანაზღაურების, ღამის ცვლის, ცვლაში მუშაობის და ღამით მუშაობის, ასევე ინდივიდუალური სამუშაო ურთიერთობებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.  ცვლილებებით შრომის სახელმწიფო ინსპექციის მანდატი ფართოვდება და მას რომ ყველა სამუშაო სექტორში დაუგეგმავი ინსპექციის უფლებამოსილება ენიჭება.

ცვლილებებით ასევე გაფართოვდა დისკრიმინაციის არსი და რეგულირება. შედეგად იკრძალება დისკრიმინაცია – რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკურობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციისა და სხვა პირადი, პოლიტიკური, რელიგიური, სოციალური თუ ჯანმრთელობის მოტივით, „განზრახ, ან გაუფრთხილებლობით“.  დამსაქმებლები ვალდებულნი არიან, რომ ერთი და იმავე ტიპის სამუშაოს შესრულებისთვის ქალებსაც და მამაკაცებსაც ანაზღაურება თანაბრად გადაუხადონ.

დამსაქმებელი ვალდებულია, რომ დასაქმებულს შესასრულებელი ზეგანაკვეთური სამუშაოს შესახებ ერთი კვირით ადრე აცნობოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც, დამსაქმებლის ობიექტური საჭიროებიდან გამომდინარე, მისი გაფრთხილება შეუძლებელია. ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის გადახდილი თანხა ყოველთვიურ ხელფასთან ერთად უნდა ჩაირიცხოს. გარდა ამისა, აკრძალულია ორსული, ახალნამშობიარები ან მეძუძური ქალი, შშმ პირი, არასრულწლოვანი, შშმ პირის კანონიერი წარმომადგენელი ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმება მისი თანხმობის გარეშე. რაც შეეხება ღამით მუშაობას, იმ პირთა სამუშაო საათები, რომლებიც ღამით სახიფათო პირობებში მუშაობენ, ყოველ 24 საათში 8 საათს არ უნდა აღემატებოდეს.

შრომის ახალი კოდექსით ასევე ფართოვდება და იცვლება სტაჟირების რეგულაციები და იკრძალება არაანაზღაურებადი სტაჟირების გაგრძელება 6 თვეზე მეტხანს, ხოლო ანაზღაურებადი სტაჟირების ვადა 1 წელს არ უნდა აღემატებოდეს. პირს უფლება აქვს ერთსა და იმავე დამსაქმებელთან ანაზღაურების გარეშე სტაჟირება გაიაროს მხოლოდ ერთხელ. დამსაქმებელს ეკრძალება სტაჟიორის შრომის გამოყენება იმ მიზნით, რომ თავი აარიდოს შრომითი ხელშეკრულების დადებას. დამსაქმებელს არ აქვს უფლება, აიყვანოს სტაჟიორი იმ დასაქმებულის ნაცვლად, რომელთანაც შრომითი ურთიერთობა შეჩერდა ან შეწყდა.

ახალი კოდექსი მამაკაცებს უფლებას აძლევს, რომ დეკრეტული შვებულებით ისარგებლონ – ძველი ვერსია ამ დებულებას არ შეიცავდა. დასაქმებულებმა, რომელთაც ამ უფლების გამოყენება უნდათ, დამსაქმებელს ამის თაობაზე 2 კვირით ადრე უნდა აცნობონ. წინა შრომის კოდექსისგან განსხვავებით, ახალი კოდექსით დამსაქმებელი ვალდებულია მასობრივ დათხოვნამდე არანაკლებ 45 დღით ადრე წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და იმ დასაქმებულებს, რომელთაც შრომითი ხელშეკრულებები შეუწყდებათ. დასაქმებულებს უნდა მიეცეთ კონსტრუქციული წინადადებების წარდგენის შესაძლებლობა, ხოლო დამსაქმებელი ვალდებულია მასობრივი დათხოვნის პროცესის დაწყებამდე დასაქმებულთა გაერთიანებასთან დაიწყოს კონსულტაციები ამ პროცესის თავიდან ასაცილებლად.

ახალი დოკუმენტი ასევე არეგულირებს შესვენების დროს. თუ სამუშაო დღის განმავლობაში სამუშაო დროის ხანგრძლივობა არანაკლებ 6 საათია, შესვენების დროის ხანგრძლივობა უნდა იყოს სულ მცირე 60 წუთი. მეძუძურ ქალს თავისი მოთხოვნის საფუძველზე დამატებითი შესვენება ეძლევა ბავშვის კვებისთვის არანაკლებ 1 საათისა, რომელიც სამუშაო დროში ითვლება და ანაზღაურდება.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და  საერთაშორისო გამოხმაურებები

შრომის კოდექსში ცვლილებების მიღებას სამოქალაქო საზოგადოებისა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ძირითადად დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.  Human Rights Watch-ი მიესალმა რეფორმას, რომელსაც „დიდი ხანია ელოდნენ“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) განაცხადა, რომ რეფორმა შრომითი უფლებების დაცვის კუთხით „წინგადადგმული ნაბიჯია“, თუმცა დასძინა, რომ პრობლემები შრომის კანონმდებლობაში კვლავ რჩება. კერძოდ, ორგანიზაციის თქმით, არ დადგენილა მაქსიმუმ რამდენი საათი შეუძლია დასაქმებულს ზეგანაკვეთურად მუშაობა. ამას გარდა, პარლამენტმა მეორე მოსმენაზე უარი თქვა ზეგანაკვეთური სამუშაოს 125%-იანი გაზრდილი ტარიფით ანაზღაურების წესის შემოღებაზე.

შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანას მიესალმა ამერიკის საელჩო საქართველოში და აღნიშნა, რომ „დამსაქმებლების მიერ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვას არსებითი მნიშვნელობა აქვს ინკლუზიური ზრდის, ეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცებისა და უკეთესი საინვესტიციო კლიმატის შექმნისთვის“.

თავის მხრივ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებების მიღება მიულოცა, რაც, მისი თქმით, „საქართველოში შრომითი პირობების გაუმჯობესებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია“. ელჩმა აღნიშნა, რომ შრომის ახალი კოდექსის მიღება ძლიერი გზავნილია იმისა, რომ ქვეყანა ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს ასრულებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button