სტრასბურგის სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 19 იანვარს საქმეზე „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. სასამართლომ ერთხმად დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევა პროცესუალურ ნაწილში, ხოლო არსებით ნაწილში, სიცოცხლის უფლების დარღვევა ვერ დაადგინა.
მაშინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განმარტავდა, რომ ის სპეცოპერაციის დროს, წინააღმდეგობის გაწევის დროს, ხელყუმბარის აფეთქებას ცდილობდა, რასაც სუს-ის მხრიდან „პროპორციული ძალის“ გამოყენება მოჰყვა.
სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ხელისუფლებამ ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები, რომლებიც ეფექტიანი და საფუძლიანი გამოძიების ჩატარებას ითვალისწინებდა, კერძოდ, მნიშვნელოვანი მტკიცებულების შეგროვებისა და დამუშავების თვალსაზრისით. ასევე დადგინდა, რომ საგამოძიებო მოქმედებები ზედაპირულად განხორციელდა.
თუმცა, ამავდროულად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საფუძვლიანი ეჭვის მიღმა, არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გარემოებაში სახელმწიფოს პასუხისმგებლობას დაადასტურებდა.
„სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლების მიერ მოწოდებული მოვლენების ვერსია დამაჯერებელი იყო და რომ მან ვერ შეძლო საწინააღმდეგო ვერსიების შეფასება, ნაწილობრივ, გამოძიების ხარვეზების გამო და ნაწილობრივ იმის გამო, რომ არ განხორციელებულა ზუსტი გარემოებების სასამართლო შეფასება ადგილობრივ დონეზე“, – ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
ამასთან, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივნების საჩივარი არასათანადო მოპყრობის შესახებ, კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა) და მას „აშკარად დაუსაბუთებელი“ უწოდა. „სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის მასალებში არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მაჩალიკაშვილის ოჯახმა განიცადა იმაზე მეტი სტრესი და შფოთვა, ვიდრე ეს ამ ტიპის სამართალდაცვითი ოპერაციის დროს იყო მოსალოდნელი, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ როგორ განვითარდა ოპერაცია“, – განმარტა სასამართლომ.
რაც შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-13 მუხლს (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება), „სასამართლომ არ დაინახა საჭიროება, ცალკე განეხილა მოსარჩელეების საჩივარი მე-13 მუხლის საფუძველზე, კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან ერთობლიობაში“.
სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას მოსარჩელეებისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 10 ათასი ევროს, ხოლო ხარჯების ასანაზღაურებლად 15 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ გამოხმაურება
არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, რომელიც სტრასბურგში ოჯხის ინტერესებს წარმოადგენდა, მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ სიცოცხლის უფლების ქვეშ გამოძიების სტანდარტების დარღვევის დადგენა, ეროვნულ დონეზე საქმის ხელახალი გახსნისა და გამოძიების საფუძველი გახდება. „იმედი გვაქვს, რომ [ეს] მაჩალიკაშვილების ოჯახს სამართლიანი მართლმსაჯულების მიღწევის სამართლებრივ შესაძლებლობებს მისცემს“, – აღნიშნეს ორგანიზაციაში.
იუსტიციის სამინისტროს გამოხმაურება
თავის მხრივ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის შეფასებით, მთავარი, რაც სტრასბურგის სასამართლომ თქვა ის არის, რომ სიცოცხლის უფლება არ დარღვეულა არსებით ნაწილში. მისივე განცხადებით, სასამართლომ, ფაქტობრივად, გამორიცხა, ის ვერსიაც, რომ თითქოს ხელყუმბარა საქმეში ჩადებული იყო. თუმცა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ისიც აღნიშნა, რომ ევროპულმა სასამართლომ გამოძიებაში ცალკეული ხარვეზები გამოკვეთა, „განსაკუთრებით საწყის ეტაპზე“.
ასევე წაიკითხეთ:
- 07/02/2020 – საქალაქო სასამართლომ მორის მაჩალიკაშვილი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლა
- 28/01/2020 – პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება შეწყვიტა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)