ახალი ამბები

პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმინეს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, 2 მაისს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას მოუსმინეს. შს მინისტრის მოსმენა პარლამენტში ოპოზიციის კრიტიკის ფონზე, დაახლოებით 7 საათს გაგრძელდა.

მინისტრის მოხსენება

მინისტრმა თავის გამოსვლაში სტრუქტურაში მიმდინარე სისტემურ რეფორმებზე, საპატრულო პოლიციის რაოდენობის გაზრდის აუცილებლობაზე, საზღვრის დაცვასა და კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლაზე გაამახვილა ყურადღება.

გიორგი გახარია საზოგადოებისა და პოლიტიკოსების მხრიდან ბოლო პერიოდში სამართალდამცველების მიმართ გამოთქმულ კრიტიკასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „სამწუხაროდ სისტემური ხასიათი მიიღო პოლიციის და პოლიციელის დისკრედიტაციის მცდელობამ“. მისი თქმით, პოლიცია „არ არის მხარე“ და „არის სრულიად აპოლიტიკური და ეფექტიანი ორგანო“.

„ყველამ უნდა გავიხსენოთ ის, რომ პოლიცია ეკუთვნის თითოეულ მოქალაქეს და პოლიციის რეპუტაციას ყველა უნდა გავუფრთხილდეთ, რამეთუ ეფექტიანი პოლიცია და მართლწესრიგი არის თითოეული მოქალაქის დღევანდელი და მომავლის ინტერესებში“, – განაცხადა შს მინისტრმა.

გიორგი გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფ ვერცერთ ტერიტორიაზე „ვერავინ ვერასდროს პოლიციის კანონიერ ქმედებას ვერ შეზღუდავს“. მანვე საზოგადოებას მოუწოდა, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდონ ისეთ „სენსიტიურ“ თემებს, როგორიც საოკუპაციო ზოლია.

„ქვეყნის უსაფრთხოება არ არის მხოლოდ და მხოლოდ რომელიმე ერთი სოციალური ჯგუფის ინტერესი. ქვეყნის უსაფრთხოება დგას ყველანაირ პოლიტიკურ ინტერესზე მაღლა“, – აღნიშნა გახარიამ.

კითხვა-პასუხი

მინისტრის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დეპუტატების ძირითადი კითხვები დავით გარეჯსა და პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს, კრიმინალის გაზრდილ სტატისტიკას, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე დაკავებულებს, დავით კირკიტაძის პატიმრობას, ასევე ია კერზაიას, თემირლან მაჩალიკაშვილისა და ხორავას ქუჩის საქმეებს ეხებოდა.

მინისტრის განმარტებით, დავით გარეჯის თემა „ფაქიზი და ფრთხილი საკითხია, რომელიც არის ქვეყნის პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა“. მისივე თქმით, საზღვრის „დელიმიტაცია-დემარკაცია არის პრინციპული საკითხი“, რომელიც სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს.

„მთავრობის უახლოეს სხდომაზე დემარკაციის ახალი კომისია იქნება დაკომპლექტებული და ეს სამუშაო დაიწყება ჩვენს მეზობელთან [აზერბაიჯანთან] ერთად“, – განაცხადა გახარიამ და დასძინა, რომ “ჩვენ ყველამ უნდა ვეცადოთ, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დაიხუროს”.

მისივე განცხადებით, აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და „დემარკაციის კომისიის ფარგლებში, ჩვენ ერთად გადავწყვეტთ ყველა იმ პრობელმას, რომელიც ეხება როგორც კულტურული მემკვიდრეობის საკითხებს და ასევე, რომელიც შედის ჩვენი ეკლესიის ინტერესების სფეროში“.

პანკისის ხეობაში 21 აპრილს განვითარებულ მოვლენების შეფასებისას, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ რისკების შეფასებების, მოსამზადებელი სამუშაოებისა და კოორდინაციის კუთხით გარკვეული შეცდომები იყო დაშვებული, რის გამოც „ცუდი შედეგი“ მივიღეთ.

მისივე განმარტებით, 21 აპრილს პანკისის ხეობაში სპეცრაზმი არ ყოფილა და სპეცოპერაცია არ ჩატარებულა. მინისტრის განმარტებით, იქ საპოლიციო დანაყოფები მუშაობდნენ, რომელთა მიზანიც მართლწესრიგის დაცვა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირების თავიდან აცილება იყო. „პოლიციამ ღირსერულად შეასრულა ეს ფუნქცია და ეს დარტყმა მიიღო თავის თავზე, რაც მისი მოვალეობაა“, – განმარტა გახარიამ და დასძინა, რომ „ეს იყო თავდაცვითი ღონისძიება“.

რაც შეეხება დეპუტატების კითხვას, თუ როგორ აპირებს უწყება შექმნილი ჩიხიდან გამოსვლას, გახარიამ უპასუხა – „დაგვაკვირდით და ნახავთ როგორ ვაპირებთ ამ ჩიხიდან გამოსვლას – მშვიდად, წყნარად, გონივრული მიდგომით… მოვექცევით ისე, როგორც ქვეყნის ინტერესებისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის არის საჭირო“.

კრიმინალის სტატისტიკის ზრდასთან დაკავშირებით, გახარიამ განმარტა – „ხდება ბაზის გასწორება და კრიმინალის ზრდის ნაწილში დინამიკა იქნება სულ სხვა… ხარისხობრივად უნდა იყოს შემცირებული კრიმინალის სტატისტიკა აპრილის თვეში“.

რაც შეეხება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე დაკავებულებს, მინისტრმა განმარტა, რომ „ყურება, შენახვა, გავრცელება ერთი ზომის დანაშაულია“. დეპუტატ ეკა ბესელიას კითხვას, არის თუ არა საზოგადოება დაცული მსგავსი ქმედებებისგან ზოგადად, გახარიამ უპასუხა, რომ „ამ მიმართულებით სუსტად ვართ და ბევრი გვაქვს სამუშაო“.

დავით კირკიტაძესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ, შს მინისტრმა განაცხადა, რომ ის ამ კითხვას პასუხს არ გასცემს. ია კერზაიას და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეების შესახებ კი, გახარიამ განმარტა, რომ მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც უნდა დასრულდეს.

პოლიტიკური შეფასებები

მინისტრის პასუხების შემდეგ, სიტყვა დეპუტატებს დაეთმოთ. ოპოზიციის წარმომადგენელთა შეფასებით, მათ დასმულ კითხვებზე პასუხი ვერ მიიღეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ნიკა მელიას თქმით, „ასეთი დათრგუნული, დაღლილი, ილაჯგამოლეული შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელსაც არანაირი პასუხი არ გააჩნია, არის საშიში სახელმწიფოებრიობისთვის“.

ევროპული საქართველოს წევრის სერგი კაპანაძის შეფასებით კი, ოპოზიცია სვამს კითხვებს, მინისტრი მათ აგროვებს და შემდეგ რაზეც უნდა პასუხობს და რაზეც არა – ქილიკობს.

საპირისპირო პოზიცია აქვთ მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას მათი მმართველობის წლები გაახსენა და განმარტა, რომ „მათ აქვთ საკუთარი ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგი“ და შსს-ში მიმდინარე პროცესები არ აინტერესებთ.

ოპოზიცია ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გატარებაში თავად შს მინისტრმა გიორგი გახარიამაც დაადანაშაულა. სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, მან განმარტა, რომ ოპოზიცია საქართველოს მოქალაქეების პირად ტრაგედიებს და ისეთ საკითხებს, როგორიცაა დავით გარეჯი და პანკისი, „იმისთვის იყენებს, რომ ეს დააკონვერტირონ პოლიტიკურ ბენეფიტებში. ეს უბრალოდ არის სამარცხვინო“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button