ახალი ამბები

PACE-ის პრეზიდენტმა ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილეზე დეპუტატებს მიმართა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტი ლილიან მორი პასკიე, რომელიც 29-30 აპრილს სამუშაო ვიზიტით საქართველოს სტუმრობს, დღეს პარლამენტში სიტყვით გამოვიდა, სადაც ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა გაიმართა.

PACE-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 20 წლის წინ საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანება „ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ იყო, რამაც უზარმაზარი ბიძგი მისცა რეფორმებს რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცა: საკონსტიტუციო და სასამართლო რეფორმა, ადამიანის უფლებების დაცვა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.

„ეს რეფორმები ქართული ინსტიტუტების, ქართველი ექსპერტების და ევროპის საბჭოს ინსტიტუციების, ექსპერტების და უწყებების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია“, – განაცხადა PACE-ის პრეზიდენტმა და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა ევროპის საბჭოს გამოცდილებას და რეკომენდაციებს მომავალშიც გაითვალისწინებს.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ უნდა შეინარჩუნოს და კიდევ უფრო განავითაროს საკუთარი დემოკრატიული მიღწევები. „ამისათვის, მნიშვნელოვანია პლურალისტური და დემოკრატიული პოლიტიკური დიალოგის უზრუნველყოფა პარლამენტში, მათ შორის, კონსტრუქციული დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალას შორის, რათა გაძლიერდეს საზოგადოება და უზრუნველყოფილ იქნას ჯერ კიდევ საჭირო რეფორმების ფართო მხარდაჭერა“, – განაცხადა მან.

PACE-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ამ კონტექსტში ყველა პოლიტიკურ ძალას დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება“. „უმრავლესობა პასუხისმგებელია ქვეყნის მართვაზე, რა დროსაც უნდა მოუსმინოს და პატივი სცეს ოპოზიციის უფლებებს; ოპოზიციას კი ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ კონსტრუქციული წვლილი შეიტანოს პოლიტიკურ დებატებში დემოკრატიულ ინსტიტუტებში“, – დასძინა მან.

პარლამენტში გამართულ სხდომას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც ესწრებოდნენ, რომლებმაც საკთარ გამოსვლებში ევროპის საბჭოში გაწევრიანების შემდეგ ქვეყნის დემოკრატიულ მიღწევებზე გაამახვილეს ყურადღება. მათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებაზეც ისაუბრეს.

ვიზიტის ფარგლებში, PACE-ის პრეზიდენტი ლილიან მორი პასკიე პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს შეხვდა.

29 აპრილს ის ცხინვალის რეგიონის მახლობლად მდებარე სოფელ ოძისს, ასევე წეროვნის დევნილთა დასახლებას ესტუმრა.

საქართველო ევროპის საბჭოში 1999 წლის 27 აპრილს გაწევრიანდა. 2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის მაისამდე ქვეყანა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე იქნება.

ამავე თემაზე: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button