ახალი ამბები

არასამთავრობოები აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის იმპიჩმენტის საკითხს ეხმიანებიან

Tags

12 არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“, „ღია საზოგადოების ფონდი“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შესახებ, მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის ინიციატივას ეხმიანება და საკითხს „მკვეთრად უარყოფითად“ აფასებს.

არასამთავრობოების მიერ 12 აპრილს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აჭარის ტელევიზია და რადიო ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდში არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზაციის მხრიდან “თავისუფალ, მიუკერძოებელ და მზარდ ინსტიტუტად” შეფასდა.

„დირექტორის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას კარგად უნდა იყოს გათვითცნობიერებული ის ზიანი, რაც მიადგება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და მედიის თავისუფლებას. იმედს გამოვთქვამთ, რომ მრჩეველთა საბჭოს სხვა წევრები გამოიჩენენ კეთილგონიერებას და დაიცავენ არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას“, – აღნიშნავენ არასამთავრობოები და იმედს გამოთქვამენ, რომ საკითხის განხილვა საჯარო იქნება და საზოგადოებას ამ პროცესებში ჩართვის საშუალება მიეცემა.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა, პარტია ქართული ოცნების კვოტით არჩეულმა გიგა ჩხარტიშვილმა და ნაციონალური მოძრაობის კვოტით არჩეულმა ირაკლი დარცმელიძემ 10 აპრილს დააყენეს.

მათ ამ მოთხოვნით მრჩეველთა საბჭოს წერილობით მიმართეს, სადაც მაუწყებლის დირექტორისადმი უკმაყოფილების მიზეზად სხვადასხვა საკითხებთან ერთად, ტელევიზიის რეიტინგი და მთელი რიგი საკითხების მოუგვარებლობა დაასახელეს.

მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის ამ წერილს 12 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო განცხადებით გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ მაუწყებელი აუდიტორიას „ობიექტურ და მიუკერძოებელ ინფორმაციას“ აწვდის და მაუწყებელმა ბოლო წლებში, პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი მაუწყებლობის შექმნა შეძლო.

„მიმდინარე პროცესები უპირისპირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარედაქციო დამოუკიდებლობას. მთლიანად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას“, – ნათქვამია აჭარის ტელევიზიისა და რადიოს განცხადებაში.

აჭარის მაუწყებლობა იმედოვნებს, რომ მრჩეველთა საბჭო „სიფრთხილით მოეკიდება საკითხის განხილვას, რადგან საქმე „სიტყვის თავისუფლებას და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დამოუკიდებლობას ეხება“.

დღესვე საკითხს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე გამოეხმაურა და აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ პროცესებში, ხელისუფლების წარმომადგენლების ჩარევა „კატეგორიულად“ გამორიცხა.

საკითხზე დღეს ერთობლივი ბრიფინგი გამართა ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამაც, მათ შორის ნაციონალური მოძრაობამ. ისინი განმარტავენ, რომ როგორც ჩანს, ხელისუფლებამ მაუწყებლის საქმიანობაში ჩარევა და მისი დირექტორის გადაყენება გადაწყვიტა.

„ჩვენ მოვუწოდეთ აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს არ შეასრულოს ხელისუფლების დავალებები და არ დაუშვას ის, რომ ხელისუფლება ჩაერიოს აჭარის ტელევიზიის საქმიანობაში“, – განაცხადეს ოპოზიციურმა პარტიებმა და იქვე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმდინარე პროცესზე მონიტორინგის გაძლიერებისკენ მოუწოდეს.

მათვე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც მიმართეს და აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებით, ასევე მედიისადმი ხელისუფლების მიერ დაწყებული „მორიგი შეტევით“ დაინტერესება სთხოვეს.

რაც შეეხება საკითხს, რომ იმპიჩმენტის ერთ-ერთი ინიციატორი მრჩეველთა საბჭოში სწორედ ნაციონალური მოძრაობის კვოტით არის წარდგენილი, პარტიაში განაცხადეს, რომ „როგორც ჩანს, პირადმა ინტერესებმა სძლია საზოგადოებრივ და აჭარის ტელევიზიის ინტერესებსა და მომავალს“.

კომენტარი თავად აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა ნათია კაპანაძემაც გააკეთა და განაცხადა, რომ მაუწყებელი სტანდარტების სრული დაცვით მუშაობს. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა და ვმუშაობთ ისე, როგორც უნდა იყოს ნამდვილი საზოგადოებრივი მაუწყებელი, დამოუკიდებელი, ობიექტური, პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი“, – აღნიშნა მან.

5 წევრისგან დაკომპლექტებულმა მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი 10 დღის ვადაში უნდა განიხილოს.

ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად მრჩეველთა საბჭომ სამი წლის ვადით 2016 წლის ოქტომბერში აირჩია. ის უფლებამოსილების შესრულებას 2016 წლის 21 დეკემბრიდან შეუდგა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button