ახალი ამბები

ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებივი ჯგუფის წევრობის ბრალდებით საქართველოს 25 მოქალაქე დააკავეს

ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში 4 აპრილს ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, რომელშიც ქართველი სამართალდამცველებიც მონაწილეობდნენ, სხვადასხვა ქვეყნის 100-ზე მეტ მოქალაქესთან ერთად, საქართველოს 25 მოქალაქე დააკავეს.

საქართველოს შსს-ის მიერ 4 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებულებს ბრალად საცხოვრებელი ბინების გაქურდვა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა ედებათ. შსს-ის განმარტებით, საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნაქურდალი ნივთები და დიდი ოდენობით ფული ამოიღეს.

„კრიმინალური დაჯგუფების წევრები ბინებს წინასწარ არჩევდნენ, მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ მონაცემებს შერჩეული ობიექტების შესახებ, რის შემდგომაც ორგანიზებულად სჩადიოდნენ ქურდობის ფაქტებს“, – ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.

შსს-ის ცნობით, დაკავებულებს ბრალად ესპანეთის სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე, 570-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები ედებათ, რაც ესპანეთის სამეფოს ტერიტორიაზე ჩადენილ ბინების ქურდობასა და კრიმინალურ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობას გულისხმობს.

უწყების განმარტებით, ადმინისტრაციული წესით, საიმიგრაციო წესების დარღვევისთვის საქართველოს კიდევ 41 მოქალაქეა დაკავებული.

ბარსელონაში ჩატარებული სპეცოპერაციის ამსახველი ვიდეო გუშინ ესპანურ მედიაშიც გავრცელდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ესპანური პოლიცია ქართველი ქურდების წინააღმდეგ ოპერაციას ატარებდა, რომელშიც მონაწილეობას 200-ზე მეტი პოლიციელი იღებდა.

ბოლო ერთ თვეში უცხოეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების დაკავების ეს უკვე მესამე შემთხვევაა. ამავე ბრალდებით, გასულ თვეს საფრანგეთსა და საბერძნეთში საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს. მათგან ორი ე.წ. კანონიერი ქურდი იყო.

გარდა ამისა, გასულ წელს საფრანგეთსა და ესპანეთში ორგანიზებულ დანაშაულში ეჭვმიტანილი 12 პირი დააკავეს, მათ შორის 2 ე.წ. კანონიერი ქურდი იყო.

საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ჩადენილი დანაშაულების გამო, წუხილს კიდევ რამდენიმე ევროპული ქვეყანა გამოთქვამდა, მათ შორის იყო გერმანია, ისლანდია და შვედეთი. ამას თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდაც ემატებოდა, რამაც ეჭვები აღძრა, რომ ევროკავშირი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას გადახედავდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button