Placeholder canvas
ახალი ამბები

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობს

სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრი, მიროსლავ ლაიჩაკი, რომლის ქვეყანაც ცოტა ხნის წინ ეუთოს თავმჯდომარე გახდა, 10-11 თებერვალს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის რანგში საქართველოს სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში, ის საქართველოს ოფიციალურ პირებს შეხვდა. თავისი ვიზიტი მან საოკუპაციო ხაზის მონახულებით დაიწყო.

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში ჩავიდა, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლების ბრიფინგი მოისმინა, რომელიც „ადგილზე არსებულ ბორდერიზაციაზე და გადაადგილების თავისუფლების კუთხით არსებულ გამოწვევებზე იყო ფოკუსირებული“, როგორც ამის თაობაზე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იტყობინება.

„ვიზიტის დროს საქართველოში ჩემი პირველი ნაბიჯი ადმინისტრიაციულ საზღვარზე გასვლა და სიტუაციის ადგილზე გაცნობა იყო“, – დაწერა ლაიჩაკმა Twitter-ზე.

ოფიციალური შეხვედრები

11 თებერვალს ქართველ კოლეგასთან დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე, ლაიჩაკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა „ეუთოს ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ შიდა და საგარეო გამოწვევებთან ბრძოლის საქმეში“.

თავის მხრივ, დავით ზალკალიანი მიესალმა ორ ქვეყანას შორის არსებულ „მჭიდრო და მეგობრულს თანამშრომლობას“ და დასძინა, რომ „თავმჯდომარეობის დასაწყისშივე სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის ვიზიტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ეუთო-ს სამუშაო დღის წესრიგში საქართველოს საკითხი პრიორიტეტულია“.

სლოვაკეთი პირობას დებს, რომ 2019 წელს ეუთოს თავმჯდომარეობის პერიოდში, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში კონფლიქტების მოგვარებაზე გაამახვილებს ყურადღებას.

საქართველოში სლოვაკი მინისტრი პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს და სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილსაც შეხვდა.

ის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და ევროპული საქართველოს დეპუტატს გიგი წერეთელსაც ესაუბრა და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება განიხილა.

დღესვე, ლაიჩაკი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button