ახალი ამბები

ბრიტანელ ეჭვმიტანილს სამთვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 იანვარს ბრიტანეთის მოქალაქეს ჯეკ შეფარდს სამთვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.
შეფარდს, რომელსაც ბრალად 2015 წელს გაუფრთხილებლობით ერთი პირის სიცოცხლის მოსპობა ედება, გასული წლის ივლისში ბრიტანულმა სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 23 იანვრის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს მიერ ძებნილი მოქალაქე „ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 23 იანვარს ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა და საქართველოს პოლიციას ნებაყოფლობით ჩაბარდა“.

ქართველი და ბრიტანელი სამართალდამცველების თანამშრომლობით, ჯეკ შეფარდზე საერთაშორისო არხებით ძებნა მიმდინარე წლის 12 იანვრიდან გამოცხადდა.
შსს-ის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს, რომელიც ბრიტანული მხარის ინიციატივით გაიმართა, დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა საჯიდ დავიდმა მის ქართველ კოლეგას გიორგი გახარიას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოში შეფარდის ინტერესების დამცველი ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი მისი ექსტრადიციის წინააღმდეგია და აცხადებს, რომ „ის არის სუიციდისკენ, ღრმად დეპრესიისკენ მიდრეკილი პირი. მისი გადაყვანა და ექსტრადირება იმ ქვეყანაში, სადაც დადგა გამამტყუნებელი ვერდიქტი, მისი მდგომარეობის გაუარესებას გამოიწვევს და, შესაძლოა, მის სიცოცხლეს მიადგეს საფრთხე“.

შეფარდის კიდევ ერთი ადვოკატის ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, ბრიტანეთის მოქალაქეს ცოტა ხნის, ტელეფონით დაემუქრნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ის ბრიტანეთის საპატიმრო დაწესებულებაში აღმოჩნდებოდა, მას „სერიოზული პრობლემები“ შეექმნებოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button