ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილის განცხადებას მმართველ გუნდში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში არსებული უთანხმოების შესახებ პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ოცნების დეპუტატების განსხვავებული შეფასებები მოჰყვა.

ქართული ოცნების ლიდერმა 10 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში ეკა ბესელია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით „გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგ“ წასვლაში დაადანაშაულა.

ლიდერის განცხადებას სოციალური ქსელის მეშვეობით ერთ-ერთი პირველი თავად ეკა ბესელია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ის ორშაბათს, 14 იანვარს ისაუბრებს და ყველაფერს ნათელს მოჰფენს. „დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება სიმართლეს გაიგებს და დარწმუნებული ვარ ამ ბრძოლის სიმართლეშიც“, – განაცხადა მან.

ივანიშვილის განცხადებას დეპუტატმა გედევან ფოფხაძემაც უპასუხა და აღნიშნა, რომ მათი „გუნდურობა გამოიხატება იმ ღირებულებების და პრინციპების ერთგულებაში, რითაც ჩვენ მოვიგეთ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნები“.

„ჩემი გუნდი არის ის ხალხი, რომლებიც ციხეში, სანთლით ხელში ლოცულობდნენ ჩვენი გამარჯვებისთვის და ღამეს ათევდნენ საარჩევნო უბნებთან. ეს არის ჩემი გუნდი, მე ამ გუნდს არასდროს ვუღალატებ… ამ ადამიანებისთვის სააკაშვილის ზონდერ მოსამართლეების დანიშვნა არასდროს იქნება მისაღები“, – განაცხადა დეპუტატმა და პარტიის ლიდერს იმ გუნდის ერთგულებისკენ მოუწოდა, „რომელთან ერთადაც 2012 წლის პირველ ოქტომბერს მოვიგეთ“. ფოფხაძემ ასევე აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ნათლად უნდა გამოხატოს.

იდენტური პოზიცია დააფიქსირა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმაც. მან აღნიშნა, რომ მას ამომრჩევლის წინაშე აქვს პასუხისმგებლობა და ის ამ პასუხისმგებლობის ბოლომდე გატარებას აპირებს. მისივე შეფასებით „მეათასეხარისხოვანი არის ვისი გარიცხვა საიდან მოხდება. ყველაზე მნიშვნელოვანი არის პროცესი [მოსამართლეების შერჩევის], რის გამოც ეს პროცესი ასე წავიდა“.

მისივე განმარტებით, ადამიანები, რომლებიც წარმოდგენილ სიას მხარს უჭერენ, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმების შემუშავებაში არ უნდა მონაწილეობდნენ, რადგან პროცესის მიმართ ნდობა კიდევ უფრო შემცირდება. მიუხედავად მმართველ გუნდში არსებული აზრთა სხვადასხვაობისა, გოგიჩაიშვილის შეფასებით მოსამართლეთა არსებული სიის დამტკიცების რესურსი მაინც არ არსებობს.

ივანიშვილის განცხადებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება ჰქონდა მმართველი გუნდის მეორე ნაწილისგან. ქართული ოცნების დეპუტატის გია ვოლსკის შეფასებით, „ასეთი პოზიციებით ჩვენ გუნდში ერთად ვერ დავრჩებით“. მისივე თქმით, მიუხედავად მისი სკეპტიციზმისა, შესაძლოა, ორად გაყოფილ გუნდს შორის პოზიციების დაახლოებაც მოხდეს.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის განცხადებით კი, მოსაწონი არ არის, როდესაც ასეთი დაპირისპირება საჯარო ხდება, მაგრამ ეკა ბესელიას მიერ ფრაქციის დატოვების შესახებ საუბარი არცერთ შეხვედრაზე ყოფილა და „ეს საკითხი არ არის აქტუალური“. თუმცა, მისივე განმარტებით, როდესაც პარტიის გარკვეული წევრები პოზიციას გუნდთან შეუთანხმებლად აჟღერებენ, „ეს აზიანებს გუნდს“.

რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიას, კახიანმა განმარტა, რომ წარმოდგენილ კანდიდატებს შორის არიან ისეთებიც „რომელთა მიმართაც არის პოზიტიური დამოკიდებულება, არიან ისეთებიც, რომელთა მიმართაც არის კითხვები და არიან ისეთებიც, რომელთა მიმართაც არის ნეგატიური დამოკიდებულება“.

მისივე თქმით, გუნდი თანხმდება, რომ „კანონმდებლობაში არის გარკვეული ხარვეზი, რამაც მისცა შესაძლებლობა იუსტიციის საბჭოს, რომ ასეთ დაჩქარებულ რეჟიმში მომხდარიყო ამ კანდიდატების წარმოდგენა“. დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ „აუცილებლად მომზადდება, შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც დაადგენს კრიტერიუმებს და იმ სტანდარტებს, თუ როგორ უნდა მოხდეს კანდიდატების წარმოდგენა“.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია არ არის პირველი საკითხი, რომლის შესახებაც ოცნების გუნდში განსხვავებული მოსაზრებები გამოთქმულა და დისკუსია გუნდურობას საფრთხეს არ უქმნის.

უმრავლესობის ლიდერმა განმარტა, რომ იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილი სიის განხილვას პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე დაუბრუნდება და საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება, რომ მსჯელობას „თვალი მიადევნოს“. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეთა კორპუსი უზენაეს სასამართლოში დაკომპლექტდეს“, – დასძინა მანვე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი სიის სრულად უკან გაწვევის მომხრეა პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი. მისი განმარტებით, საბჭოს მიერ მოსამართლეობის კანდიდატების წარმოდგენის ფორმამ „ძალიან მძიმე პროცესები გამოიწვია პარლამენტში“ და ამ ფორმით პარლამენტისთვის სიის წარგენა იყო არასწორი.

„მე ვფიქრობ, რომ ეს სია გახმობილ უნდა იქნას თვითონ იუსტიციის საბჭოს მხრიდან და მხოლოდ მას შემდეგ წარმოგვიდგინონ კანდიდატურები, რაც შესაბამისი კანონმდებლობა იქნება მიღებული“, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა.

„ჩემთვის სასამართლო არის ერთ-ერთი წითელი ხაზი. მე მგონია, რომ საკმაოდ ჯანსაღი არის უმრავლესობის დამოკიდებულება ამ თემის მიმართ, ცუდს ნამდვილად არ ველი. მე ველი, რომ პარლამენტი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, ეს არის ჩემი გულწრფელი მოლოდინი“, – დასძინა მანვე. თამარ ჩუგოშვილმა გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე საუბარი არ ისურვა, თუმცა განმარტა, რომ მას პროცესების ამ ფორმით განვითარებაზე გული სწყდება.

მმართველ გუნდში არსებულ უთანხმოებაზე კომენტარი ქართული ოცნების კიდევ ერთმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ გააკეთა. მისი შეფასებით, „კონფლიქტის მონაწილე მხარეები უნდა შეეცადონ, რომ საზოგადოებაში შეიტანონ ნათელი და არა ვთქვათ პრივატიზება მოახდინონ კონკრეტული რომელიმე თემის, მაგალითად სასამართლოების“.

„ეს არის ყველას სატკივარი, ყველას საზრუნავი ის, რომ არ არის ერთი ადამიანის ან რომელიმე ჯგუფის ინტერესი“, – განაცხადა დეპუტატმა და დასძინა, რომ „უნდა გავთავისუფლდეთ პოლიტიკური ვაჭრობისაგან“.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების 10 კაციანი სია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს 24 დეკემბერს წარუდგინა. საბჭოს მიერ წარმოდგენილ სიას არასამათავრობო სექტორისა და ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა. სია მმართველ გუნდშიც დაიწუნეს.

მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით გუნდში არსებული უთანხმოების გამო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ და მისმა პირველმა მოადგილემ ვანო ზარდიაშვილმა თანამდებობებიც დატოვეს. პარლამენტმა წარმოდგენილი სიის განხილვა საგაზაფხულო სესიამდე გადადო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button