ახალი ამბები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ახალი პირველი მოადგილე ჰყავს

Tags

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ქართული ოცნების დეპუტატი გედევან ფოფხაძე აირჩია. ფოფხაძემ პოსტზე ვანო ზარდიაშვილი შეცვალა, რომელსაც ეს თანამდებობა 2016 წლის ნოემბრიდან ეკავა. გედევან ფოფხაძე კომიტეტის თავმდომარის მოვალეობასაც შეასრულებს.

იურიდულ საკითხთა კომიტეტის თამჯდომარის პირველი მოადგილის ხელახლა შერჩევის მიზეზი მმართველ პარტიაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის შედეგად გამოწვეული ოთანხმოება გახდა გახდა. აღნიშნულის გამო კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პოსტიდან გადადგომის შესახებ განცხადებაც გააკეთა. თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა ვანო ზარდიაშვილმაც.

პროცედურული ომი

იურიდილ საკითხთა კომიტეტში გედევან ფოფხაძეს 31 დეკემბერს, ვანო ზარდიაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებიდან 4 დღის შემდეგ მოუსმინეს და კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ იმავე დღეს აირჩიეს.

ეკა ბესელიამ პოსტზე გედევან ფოფხაძის, ლევან გოგიჩაიშვილისა და რუსლან პოღოსიანის კანდიდატურები წარადგინა. თავდაპირველად ხმათა საჭირო რაოდენობა ვერცერთმა კანდიდატმა მოაგროვა. განმეორებით კენჭისყრაზე გედევან ფოფხაძეს მხარი შვიდმა დეუტატმა დაუჭირა, ლევან გოგიჩაიშვილს კი, მხოლოდ ორმა.

მედიასთან საუბარში გედევან ფოფხაძემ განმარტა, რომ მისი მთავარი მიზანი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესის გამჭვირვალედ და სამართლიანად წარმართვა იქნება.

“ყველას პრინციპულად გვაინტერესებდა ის, რომ იურიდიული კომიტეტი არ იქცეს გამტარად უღირსი მოსამართლეების საპარლამენტო სესიაზე”, – განაცხადა დეპუტატმა.

“იურიდიული კომიტეტის მთავარი ამოცანა და დღის წესრიგი უნდა იყოს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი იყოს გამჭვირვალე, სამართლიანი და ჩვენ მივაღწიოთ იმას, რომ არათუ ცუდი მოსამართლეები არ გაიპარონ უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეებად, არამედ მივაღწიოთ ღირსეული კარგი რეპუტაციის, სუფთა ბიოგრაფიის მქონე ადამიანების გაყვანას უზენაეს სასამართლოში”, – დასძინა მანვე.

ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დატოვების შესახებ 27 დეკემბერს განაცხადა, თუმცა მას თანამდებობიდან წასვლის შესახებ ოფიციალური განცხდება 31 დეკემბრამდე არ დაუწერია. ამან ეკა ბესელიას მისი პირველი მოადგილის კანდიდატურების დასახელების შესაძლებლობა მისცა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვანო ზარდიაშვილი პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან და დეპუტატების გარკვეულ ჯგუფთან ერთად, უზენაეს სასამართლოში დასანიშნ მოსამართლეთა კანდიდატურებს ლობირებდა და ეკა ბესელიას წარმოდგენილი სიის კომიტეტზე განხილვას სთხოვდა. თუმცა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნულზე უარი განაცხადა.

პარლამენტის სამი დეპუტატის დავით მათიკაშვილის, ანრი ოხანაშვილის და რატი იონათამიშვილის მტკიცებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის შერჩევა რეგლამენტისა და პროცედურული დარღვევებით წარიმართა.

მათი მტკიცებით, ეკა ბესელიას პოსტზე გედევან ფოფხაძის გარდა, კიდევ ორი კანდიდატურის დასახელების უფლება არ ჰქონდა, რადგან საკითხის დღის წესრიგში შეტანა სულ მცირე სამი დღით ადრე უნდა მომხდარიყო.

დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ “სამწუხაროდ” კომიტეტის პირველი მოადგილის არჩევა რეგლამენტის ორი მუხლის დარღვევით მოხდა. ამასთან, მისივე თქმით, “გუნდის შიგნით, უმრავლესობის ფორმატში გადასაწყვეტი საკითხი ასე გადაწყდა”.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, კომიტეტის პირველი მოადგილის ასარჩევად კომიტეტის წევრების ხმათა უმრავლესობაა საჭირო. იმ შემთხვევაში, კი, თუ პოსტზე ორზე მეტი კანდიდატია წარდგენილი და ხმების საჭირო რაოდენობას ვერცერთი მოაგროვებს, გამარჯვებულის გამოსავლენად ხელახალი კენჭისყრა უნდა გაიმართოს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 17 წევრისგან შედგება, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი პოსტზე მხოლოდ გედევან ფოფხაძის კანდიდატურა დასახელდებოდა, მას პოსტზე ასარჩევად მინიმუმ 9 დეპუტატის ხმა დასჭირდებოდა. სავარაუდოდ, ეკა ბესელიამ პოსტზე სამი კანდიდატი სწორედ გედევან ფოფხაძის გამარჯვების მიზნით დაასახელა.

ახალი გუნდი ძველის წინააღმდეგ

იგივე პოზიცია გააჟღერა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ მსგავი საკთხები არა კომიტეტში, არამედ გუნდის შიგნით უნდა წყდებოდეს.

კობახიძის შეფასებით, ფოფხაძის არჩევით “რეგლამენტი უხეშად” დაირღვა, რასაც შესაბამისი რეაგირება ექნება.

პარლამენტის სპიკერის განცხადებით, აღნიშნული საპარლამენტო უმრავლესობაზე გავლენას არ მოახდენს. “გუნდი არის ერთი, ეს არის ქართული ოცნების გუნდის, რომელსაც ჰყავს თავისი ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი, თუ ვინმეს უნდა ამ გუნდის წინააღმდეგ წასვლა, ბუნებრივია, ამას გაეცემა პასუხი”, – განმარტა ირაკლი კობახიძემ.

ეკა ბესელიამ რეგლამენტის დარღვევასთან დაკავშირებით მის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები არ გაიზიარა. “მე რეგლამენტს კარგად ვიცნობ, რეგლამენტს პატივს ვცემ და პროცედურის დაცვით მოხდა ყველა გადწყვეტილების მიღება”, – განაცხადა მან.

მისივე განმარტებით, ის ქართული ოცნების გუნდის წევრად რჩება, თუმცა დასძინა, რომ “თუ ცალკეული პირები, რომლებიც ახლები არიან და გამარჯვების მერე მოვიდნენ ძალიან მშვიდ და კომფორტულ გარემოში, თუ ისინი სხვა პოზიციას აირჩევენ და აცდება ეს იმ იდეალებს, რისთვისაც ჩვენ პირველ ოქტომბერს მოვედით [2012 წლის], მე გადავხედავ ჩემს პოზიციას”.

მოვლენების ქრონოლოგია

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების 10 კაციანი სია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 24 დეკემბერს წარმოადგინა.

უმაღლესი საბჭოს ორმა არამოსამართლე წევრმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარმოდგენილი სია გააკრიტიკეს და განმარტეს, რომ მოსამართლეების შერჩევის პროცესი გამჭვირვალე არ იყო. იგივე პოზიცია დაიკავა ოპოზიციურმა პარტიებმა და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ნაწილმაც.

26 დეკემბერს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ პარლამენტი მოსამართლეობის კანდიდატების საპარლამენტო სესიაზე განხილვას გაზაფხულამდე გადადებდა.

27 დეკემბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი სია ღიად გააკრიტიკა. მანვე განმარტა, რომ პარლამენტის მიერ წარმოდგენილი კანდიდატების განხილვის მხოლოდ გადადება კი არა, სიის უკან გაწვევა უნდა მომხდარიყო.

28 დეკმებერს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ეკა ბესელიას შეხვდა. ბესელიას განმარტებით, მას კობახიძისგან განსხვავებული პოზიციები აქვს, მათ შორის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის შერჩევის პროცედურასთან მიმართებითაც.

28 დეკემბერსვე პარლამენტის სპიკერი ირაკლი კობახიძე იუსიტიციის უმაღლესი საჭოს მდივანს გიორგი მიქაუტაძეს შეხვდა. მედიასთან საუბარში მათ განმარტეს, რომ ისინი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესის გამჭვირვალობაზე შეთანხმდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button