ახალი ამბები

შსს არჩევნებთან დაკავშირებულ სავარაუდო დანაშაულის ფაქტებს იძიებს

Tags

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დღიდან მოყოლებული და შემდგომ პერიოდში, გამოძიება სავარაუდო დანაშაულის 25 ფაქტზე მიმდინარეობს.

ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 19 დეკემბერს გაავრცელა. უწყების განმარტებით, სისხლის სამართლებრივი დევნა სულ ორ საქმეზე დაიწყო. მათ შორის, პირველ დეკემბერს, ქუთაისის აეროპორტში გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენლის, თაკო ჩარკვიანის ქმრის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში ერთი პირი მიეცა. ასევე, არჩევნების დღეს, გლდანის ერთ-ერთ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო.

შსს-ის ინფორმაციით, არჩევნებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში სულ 26 პირია მიცემული, რომელთა შორის არიან როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის მხარდამჭერები. ამასთან, სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია ახალქალაქში ოპოზიციის მხარდამჭერებზე მომხდარი თავდასხმის ფაქტზე (პასუხისგებაში მიცემულია 5 პირი. რომელთა შორის არიან მმართველი პარტიის დეპუტატის ოჯახის წევრები) და ქუთაისის საკრებულოში ოპოზიციის წარმომადგენლებზე მომხდარი თავდასხმის ფაქტზე.

უწყებისავე ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო გამოძიება 13 საქმეზე შეწყდა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს ჩატარდა, სადაც გამარჯვება მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მოიპოვა. მან ამომრჩეველთა ხმების 59.52 % მიიღო, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს კი მხარი ამომრჩეველთა 40.48 %-მა დაუჭირა.

პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონია 16 დეკემბერს თელავში, ბატონის სასახლეში გაიმართა.

This post is also available in: Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button