ახალი ამბები

კვორუმის არარსებობის გამო, პარლამენტმა 2019 წლის ბიუჯეტი ვერ დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კვორუმის არარსებობის გამო, ქვეყნის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ვერ დაამტკიცა. ბიუჯეტის განხილვა მთელი დღის განმავლობაში რამდენიმე საათი გრძელდებოდა.

მთავარი ფინანსური დოკუმენტის პრიორიტეტები დღეს დეპუტატებს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გააცნო. ბიუჯეტის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

სხდომა ტრადიციულად, პოლიტიკური გამოსვლებით დაიწყო, რასაც დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. ერთმანეთს პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი და ერთიანი ნაცინალური მოძრაობის წევრი ნიკა მელია დაუპირისპირდნენ. სიტაციის განსამუხტად მანდატურების ჩართვა გახდა საჭირო.

სხდომაზე განხილვის შემდეგ ჯერი კენჭისყრებზე მიდგა, თუმცა დარბაზში არასაკმარისი დეპუტატების რაოდენობის გამო, პარლამენტმა მომავალი წლის ბიუჯეტი ვერ მიიღო. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის დამტკიცებას 76 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა, თუმცა უმრავლესობის მხრიდან დარბაზში მხოლოდ 67 დეპუტატი იმყოფებოდა.

„კოლეგების უპასუხისმგებლობის გამო, დღეს ვერ შედგა კენჭისყრა ბიუჯეტის პროექტზე“, – განაცხადა პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ და პლენარული სხდომა ხვალ, შუადღის 12 საათისთვის გადადო. ბიუჯეტს კენჭი ხვალინდელ სხდომაზე ეყრება.

აღსანიშნავია, რომ ქართული ოცნება პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას ფლობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button