ახალი ამბები

არასამთავრობოები და ოპოზიცია საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესაძლო ცვლილებებს აკრიტიკებენ

ორი არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) უარყოფითად აფასებს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში იმ შესაძლო ცვლილებებს, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული პროფესიული საჯარო მოხელეებისთვის სტატუსის შეცვლას და მათ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ თანამშრომლებად გაფორმებას ითვალისწინებს. არასამთავრობოები პარლამენტს მოუწოდებენ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა არ მიიღოს, კანონპროექტის ინიციატორებს კი, მის უკან გაწვევას ურჩევენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, 6 დეკემბერს საქართველოს პარლამენტს, უმრავლესობის წევრებმა გურამ მაჭარაშვილმა და რატი იონათამიშვილმა საკანონმდებლო ინიციატივა წარუდგინეს, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად ჩაითვლებიან და მათზე ის შრომითი გარანტიები აღარ გავრცელდება, რომელიც პროფესიული საჯარო მოხელეებისთვის არის გათვალისწინებული.

IDFI-ის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებულ თანამშრომლებს შორის არიან პროფესიული საჯარო მოხელეები, რომლებიც საჯარო სამსახურის შესახებ მოქმედი კანონის მიხედვით, უვადოდ არიან დანიშნულები. დაგეგმილი საკანონმდებლო ინიციატივა კი, ამ მოხელეების სტატუსს ცვლის და „უხეშად არღვევს მათ უფლებებს“.

„ინიცირებული ცვლილება ლახავს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული საჯარო მოხელეების უფლებებს, რისკის ქვეშ აყენებს საქართველოში ეფექტური, მდგრადი და პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სექტორის ჩამოყალიბებას და მთლიანობაში, საჯარო მმართველობის რეფორმის წარმატებით განხორციელებას“, – ნათქვამია IDFI-ის განცხადებაში.

ინიციატივას „საშიშ პრეცედენტად“ აფასებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და თავის განცხადებაში საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭიროს წარმოდგენილ კანონპროექტს, რადგან მისი მიღება „ზიანს მიაყენებს საჯარო მოხელეების შრომით უფლებებს, მათ დამოუკიდებლობას და საჯარო სამსახურის სტაბილურობას“.

შესაძლო ცვლილებას 12 დეკემბერს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც გამოეხმუარა და პარლამენტს მოუწოდა, რომ „არ მიიღოს კანონი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს სამართლებრივ სტატუსს უცვლის“.

„მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა არღვევს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების შრომით უფლებებს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებას არ გათავისუფლდნენ თანამდებობიდან დაუსაბუთებლად“, – განაცხადა ომბუდსმენმა.

შესაძლო ცვლილებებს „ლაჩრული, ვერაგული, ცალსახად დისკრიმინაციული და ანტიკონსტიტუციური“ უწოდა საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.

დღესვე, ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ და აღნიშნული ცვლილებები გააპროტესტეს.

კანონპროექტს უარყოფითად აფასებენ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებიც. ევროპული საქართველოს წევრის დეპუტატ სერგი კაპანაძის განცხადებით, ეს არის საჯარო სამსახურის პრინციპის „უბრალოდ აბუჩად აგდება და ეს ახალი არ არის ამ ხელისუფლების პირობებში“.

ნაციონალური მოძრაობის წევრის, დეპუტატ თინა ბოკუჩავას განცხადებით კი, „ეს არის კვალიფიციური კადრებისგან პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკური წმენდა“.

საპირისპირო პოზიცია აქვთ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ეს თანმდევი პროცესია ახლი საკონსტიტუციო ცვლილებების, რომელიც ძალაში 16 დეკემბერს, ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაგურაციისთანავე შევა და „ეს არამც და არამც არ ეხება იმას, რომ მიზანი იყოს ვინმეს სამსახურის გარეშე დატოვება“.

პარლამენტს აღნიშნული ინიციატივის განხილვა ჯერ არ დაუწყია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button