Placeholder canvas
ახალი ამბები

არასამთავრობოები: არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნა „მიუღებელი და არამიზანშეწონილია“

სამი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია – სამართალიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საპრეზიდენტო არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნის თაობაზე ცესკოს გადაწყვეტილებას „მიუღებლად“ და „არამიზანშეწონილად“ მიიჩნევს.

არასამთავრობოების მიერ 16 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ამ გადაწყვეტილებით არ გაითვალისწინა უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ინტერესი და მათ არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნით, „ხელოვნური ბარიერი შეუქმნა“.

„მათ მიერვე შექმნილი პრობლემით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად ცესკომ საზღვარგარეთ შექმნილ უბნებზე ხმის მიცემის დრო 24 საათამდე გაახანგრძლივა. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა ეს შეღავათი იყოს იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც მუშაობენ ან სწავლობენ და სხვა ქალაქში უნდა წავიდნენ ხმის მისაცემად“, – ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.

ორგანიზაციების შეფასებით, ამ რეგულაციის მიღებით, ცესკო გაცდა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს და საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის გახანგრძლივებით, საარჩევნო კოდექსი დაარღვია, სადაც „ცალსახად არის განსაზღვრული, რომ საარჩევნო უბნები იხურება 20 საათზე“.

არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ უცხოეთში მყოფი მოქალაქეების გარდა, პრობლემა იმ ადგილობრივ ამომრჩეველსაც შეექმნება, რომლებიც „შიდა მიგრაციის გამო თავისი რეგისტრაციის ადგილას არ იმყოფებიან და ერთ დღეში ვერ მოახერხებენ წასვლას და უკან დაბრუნებას“.

„ცესკოს არ დაუსახელებია საკმარისად დამაჯერებელი არგუმენტი, რაც გაამართლებდა არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნას. გაუგებარია, რა საჭიროება არსებობდა, რომ არჩევნები 28 ნოემბერს გამართულიყო“, – ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავროებოების შეფასებით, ფაქტი, რომ ცესკომდე არჩევნების სავარაუდო თარიღი თბილისის მერმა და მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ ორმა აქტივისტმა დაასახელა, „საზოგადოების გარკვეულ ნაწილში აჩენს ეჭვებსა და სპეკულაციებს ცესკოს წევრების პოლიტიკური მიკერძოებულობის შესახებ, რაც უარყოფითად აისახება საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაციაზე“.

„საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა ემსახურებოდეს და იცავდეს საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესს, თუმცა, ამ შემთხვევაში ცესკომ, ჩვენი აზრით, ვერ გაართვა ამ ამოცანას თავი“, – აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

არასამთავრობებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაწყვეტილების მიღებამდეც მიმართეს და საარჩევნო ადმინისტრაციას მოუწოდეს, რომ არჩევნები სამუშაო დღეს არ დაენიშნა. იმავეს ითხოვდნენ ოპოზიციაშიც, სადაც ცესკოს საკითხით მანიპულირებასა და მმართველ პარტიასთან შეთანხმებით მოქმედებაში ადანაშაულებდნენ.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button