არჩევნები 2018ახალი ამბები

არასამთავრობოები ცესკოს მოუწოდებენ, რომ მეორე ტური სამუშაო დღეს არ დანიშნოს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო და სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სამუშაო დღეს არ დანიშნოს, ალტერნატივად კი, 1 დეკემბერს, შაბათ დღეს სთავაზობენ.

სამმა ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება 14 ნოემბერს, ცესკოს სხდომამდე გამოაქვეყნა. დღეს ჩანიშნულ სხდომაზე* პირველი ტურის შედეგების შეჯამება და მეორე ტურის თარიღის გამოცხადება იგეგმება, რომელიც, სავარაუდოდ, 28 ნოემბერს გაიმართება.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, არჩევნების მეორე ტური არჩევნების პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე იმართება. თუ ცესკო შემაჯამებელ ოქმს დღეს გამოაქვეყნებს, მეორე ტურის შესაძლო თარიღად 28 ნოემბერი განისაზღვრება.

არასამთავრობო ორგანიზაციები შიშობენ, რომ ეს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მოქალაქეების არჩევნების მონაწილეობას შეაფერხებს.

„სამუშაო კვირის შუა პერიოდში, არჩევნების გამართვა საქართველოში მცხოვრები მოქალაქეებისთვისაც გარკვეულ დაბრკოლებას წარმოადგენს, რადგან ხშირ შემთხვევაში, ამომრჩეველს საკუთარი რეგისტრაციის ადგილზე სჭირდება მისვლა, რაც ხშირად ერთი ქალაქიდან მეორეში გადაადგილებას გულისხმობს, რისთვისაც ერთი სამუშაო დღის უქმედ გამოცხადება საკმარისი არ არის“, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საარჩევნო კოდექსის თანახმად, ცესკო უფლებამოსილია პირველი რაუნდის შემაჯამებელი ოქმი კენჭისყრის გამართვიდან არაუგვიანეს მე-20 დღისა გამოაქვეყნოს (შაბათი, 17 ნოემბერი). ამრიგად, შემაჯამებელი ოქმის 17 ნოემბერს გამოქვეყნების შემთხვევაში, კენჭისყრის თარიღად 1 დეკემბერი განისაზღვრება.

„სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის თარიღად 1 დეკემბრის, შაბათი დღის განსაზღვრა საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრები თანამოქალაქეების საარჩევნო უფლებების რეალიზების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს“, – ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობოები ცესკოს მოუწოდებენ, ეს სულისკვეთება მანაც გაიზიაროს და პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადების თარიღთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალურად გაითვალისწინოს საქართველოს თითოეული მოქალაქის საარჩევნო უფლების რეალიზების მნიშვნელობა.

არასამთავრობოების განცხადებამდე ერთი დღით ადრე, გაერთიანებულმა ოპოზიციამ საარჩევნო ადმინისტრაცია მეორე ტურის თარიღის გამოცხადების გაჭიანურებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ცესკო ამას მმართველ პარტიასთან შეთანხმებით აკეთებს.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს ჩატარდა. არჩევნების პირველ ტურში გამარჯვება ვერცერთმა კანდიდატმა შეძლო. მეორე ტურში ერთმანეთს მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან.

* ცესკოს სხდომა 14 ნოემბერს 13:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა 19:00 საათამდე გადაიდო. საარჩევნო ადმინისტრაციას გადადების მიზეზებზე არ უსაუბრია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button