skip to content
არჩევნები 2018ახალი ამბები

ევროკავშირის განცხადება საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ

„მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში, მათ შორის მეორე ტურში, მაღალი დემოკრატიული სტანდარტების უზრუნველყოფა მთავარ საკითხად რჩება“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის/ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში პრესსპიკერის მაია კოჩიანჩიჩის 29 ოქტომბრის განცხადებაში.

„მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ კვლავაც დაიცვას დემოკრატიული პრინციპები და პატივი სცეს ქართველი ხალხის ნებას“, – აღნიშნულია განცხადებაში, სადაც ასევე ხაზგასმულია, რომ „ევროკავშირი მხარს უჭერს დემოკრატიულ, სტაბილურ და წარმატებულ საქართველოს, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებით“.

განცხადებაში ასევე საუბარია OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის წინასწარ შეფასებებზე, რომლის თანახმადაც არჩევნები „კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და მაღალპროფესიულ დონეზე იყო ადმინისტრირებული“.

„საარჩევნო კამპანიასა და არჩევნების დღეს გარკვეული ხარვეზები შეინიშნებოდა, როგორიცაა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები, კერძო მედიის მკვეთრი პოლარიზაცია, ნეგატიური კამპანიის წარმართვა და მკაცრი რიტორიკა“, – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

„ეს ხარვეზები უნდა აღმოიფხვრას ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის რეკომენდაციების გათვალისწინებით“, – აცხადებს ევროკავშირი.

საქართველოში ბოლო პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბერს ჩატარდა. მეორე ტური არჩევნების პირველი ტურის შედეგების გამოცხადებიდან (კენჭისყრის დღიდან არაუგვეანეს 20 დღეში) მაქსიმუმ ორ კვირაში უნდა გაიმართოს. მეორე ტურის ჩატარების სავარაუდო თარიღი 2018 წლის 1 დეკემბერია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button