Placeholder canvas
ახალი ამბები

სოხუმის და ცხინვალის წარმომადგენლები გაეროში ბახტაძის გამოსვლას აკრიტიკებენ

ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა 27 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გამოსვლა გააკრიტიკეს, სადაც მან „აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს“ საერთო მომავალი შესთავაზა.

28 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში სოხუმის ხელისუფლებამ თბილისს მოუწოდა, რომ „არ აჰყვეს ილუზიებს, რომ საეჭვო სამშვიდობო ინიციატივების საშუალებით განახლებული საქართველოს სსრ-ის აღდგენაა შესაძლებელი“. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „ისტორია ვეღარ შემობრუნდება“ და „არსებული რეალობების“ გათვალისწინებით, საქართველოს შეუძლია საკუთარი პოლიტიკა მხოლოდ „აფხაზეთის რეპუბლიკასთან“ აწარმოოს.

ანალოგიური განცხადება გაავრცელა ცხინვალის ხელისუფლებამამაც და აღნიშნა, რომ ბახტაძის გამოსვლა „წარმოსახვითი“ იყო და რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. „სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი, საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფოა და არ უნდა არსებობდეს ილუზიები საქართველოსთან „საერთო მომავალზე“, – ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

განცხადება გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, რომლის თანახმადაც, პრემიერ-მინისტრ ბახტაძის გამოსვლამ „უცნაური შეგრძნებები დატოვა“. „როგორც ვხედავთ, მსოფლიო თანამეგობრობას კვლავ ცდილობენ შთააგონონ სრულიად მცდარი აზრი, რომ რომ არა „რუსი ოკუპანტები“ ორი რესპუბლიკის მოსხლეობა დიდი ხნის წინ დაუბრუნდებოდა საქართველოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ვიმედოვნებთ, რომ ქართველი პოლიტიკოსები, პროპაგანდისტული საქმიანობისგან თავისუფალ დროს, აღიარებენ საქმის რეალურ ვითარებას“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ და დასძინა, რომ თბილისის ახალი სამშვიდობო ინიციატივის წარმატებას „განსაზღვრავს არა მოსკოვის პოზიცია, არამედ მხოლოდ ის, თუ როგორ აღიქვავენ მას“ სოხუმსა და ცხინვალში.

მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან ორ კვირაში, 26 აგვისტოს აღიარა. დღემდე, ორი ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობა რუსეთის გარდა, მხოლოდ სირიამ, ვენესუელამ, ნაურუმ და ნიკარაგუამ აღიარეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button